Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკის ექსპერტები პრეზიდენტის ინიციატივას შეფასებას აძლევენ


მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას
6 ოქტომბერს პარლამენტში გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა დეპუტატებს ეკონომიკური თავისუფლების აქტი წარუდგინა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მის მიერ შემუშავებული კონსტიტუციური კანონპროექტი ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ღირსების შესახებ ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის დინამიკურ განვითარებას.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავისუფლების აქტის წარდგენისას განაცხადა, რომ ეკონომიკის თავისუფლებას, რაც, მისი თქმით, ქვეყნის განვითარების საფუძველია, ინსტიტუციური დაცვა და საფუძველი ესაჭიროება.

მიხეილ სააკაშვილი
„გთავაზობთ, კონსტიტუციურად დავიცვათ ის გაბედული ეკონომიკური ნაბიჯები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში გადავდგით. ამ აქტის მთავარი ფასეულობრივი საფუძვლებია თავისუფლება, შესაძლებლობათა თანასწორობა და ღირსება - თავისუფლება, გამოხატული მთავრობის მცირე ზომაში, დაბალ გადასახადებში, სახელმწიფო ჩარევისა და ბიუროკრატიული დისკრეციისაგან მეწარმის და მოქალაქის მაქსიმალურ თავისუფლებაში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დეპუტატების წინაშე გამოსვლისას.

მისი თქმით, აქტის მიღების შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება გადასახადების შეცვლა რეფერენდუმის გარეშე. ამასთან, აღარ შეიქმნება ახალი მარეგულირებელი ორგანოები და აღარ დაწესდება დამატებით ლიცენზიები. აქტის მიხედვით, ასევე შეიზღუდება საბიუჯეტო ხარჯების, დეფიციტისა და ვალების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. კერძოდ, ბიუჯეტის მოცულობა 30, დეფიციტი 3, ხოლო ვალი 60 პროცენტით შემოისაზღვრება. ახალი ეკონომიკური სკოლის ვიცე-პრეზიდენტი, გია ჯანდიერი, პრეზიდენტის ამ ინიციატივას დადებით შეფასებას აძლევს, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ შესაძლებელია მისი მეტად დახვეწაც: „სახელმწიფოს ხარჯები მშპ-ის 30% ზოგადად დიდია, იგი არ უნდა აღემატებოდეს 20%-ს, ხოლო საქართველოსნაირი ღარიბი ქვეყნისათვის - 15%-ს. ბიუჯეტის დეფიციტი მშპ -ის 3% , უბრალოდ, ცუდია, სერიოზული უკანდახევაა შარშანდელი დაპირების შემდეგ: ბიუჯეტის დეფიციტური დაგეგმვა უნდა აიკრძალოს 3-5 წლის ვადაშიო.“

გია ჯანდიერი
გია ჯანდიერის თქმით, უთუოდ წინგადადგმული ნაბიჯია ახალი ლიცენზიების შემოღების აკრძალვა, თუმცა ეკონომიკის ექსპერტი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, თუკი გაუქმდება დღეს მოქმედი ყველა ლიცენზია და ნებართვა, ისევე როგორც მარეგულირებელი ორგანო. გარდა ამისა, გია ჯანდიერი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ეკონომიკური თავისუფლების აქტში გამორჩენილია მნიშვნელოვანი - კერძო საკუთრების - საკითხი.

გია ჯანდიერის მსგავსად, კერძო საკუთრების დაცვას ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს ეკონომიკის კიდევ ერთი ექსპერტი, გია ხუხაშვილი, რომლის თქმითაც, კონსტიტუციისადმი დამოკიდებულების შეცვლის გარეშე, ხელისუფლების ნებისმიერი ინიციატივა არაეფექიტიანი იქნება.

„ჩვენში არის თვითონ კონსტიტუციის აღსრულების პრობლემა. ვიცით, რომ კონსტიტუცია, პირველ რიგში, ხელისუფლებისთვისაა ფარატინა ქაღალდი.“

გია ხუხაშვილი ამბობს, რომ კონსტიტუციური ნორმის რანგში აყვანას მხოლოდ საკუთრების დაცვის საკითხი იმსახურებს. ეკონომიკის ექსპერტი ამბობს, რომ არ ესმის, რა საჭიროა გადასახადების მოცულობის შესაცვლელად რეფერენდუმის ჩატარება:

გია ხუხაშვილი
„რეფერენდუმი რაზეც ჩასატარებელია, იმაზე ვერ ჩაგვიტარებია. ეკონომიკური პოლიტიკა კი მუდმივად იცვლება და როდის რა გახდება საჭირო ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით, არ ვიცით. ამიტომ ასეთი ტიპის შეზღუდვის დაწესება გაუგებარია.“

მხოლოდ საკანონმდებლო ინიციატივებითა და კანონებში შეტანილი ცვლილებებით ლიბერალური გარემოს ჩამოყალიბება შეუძლებლად მიაჩნია ეკონომიკის ექსპერტსა და პარლამენტის ყოფილ წევრს დემურ გიორხელიძესაც. მისი თქმით, ინიციატივასთან ერთად საჭიროა გადაწყვეტილების აღსრულების ეფექტიანი მექანიზი.

გიორხელიძის თქმით, საქართველოში რეალური ცვლილებები, კანონის ნაცვლად, ხელისუფლების ცალკეულ წევრთა არაფორმალური გავლენის საშუალებით ხორციელდება. ეკონომიკის ექსპერტი არაფრის მომცემს უწოდებს ეკონომიკური თავისუფლების აქტის იმ ნაწილს, რომელიც ფასების დადგენაში სახელმწიფოს ჩაურევლობასა და ვალუტის თავისუფალი კონვერტაციის შეზღუდვას შეეხება.დემურ გიორხელიძის თქმით, ლარი დღიდან შემოღებისა ისედაც თავისუფალ კონვერტაციაშია.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG