Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა პოლიტკოვსკაის მკვლელობის მესამე წლისთავი


მოსკოვში ანა პოლიტკოვსკაია გაიხსენეს
მოსკოვში ანა პოლიტკოვსკაია გაიხსენეს
რუსეთში დღეს ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას გარდაცვალების მესამე წლისთავი აღინიშნა. ცნობილი რუსი ჟურნალისტი და ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა შელახვის გამო კრემლის კრიტიკოსი 2006 წლის 7 ოქტომბერს მის საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. ჟურნალისტის მკვლელობის საიდუმლო ჯერ კიდევ ამოუხსნელია, მაშინ როცა, “ნოვაია გაზეტას” თანამშრომლების თქმით, საქმეში ახალ-ახალი ეჭვმიტანილების ვინაობა ჩნდება.

ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც ხმამაღლა ამხელდა კრემლის მიერ ადამიანის უფლებების შელახვას ჩეჩნეთში, მისსავე საცხოვრებელ სახლთან მაშინ მოკლეს, როდესაც იგი სუპერმარკეტიდან ბრუნდებოდა. ამ საზარელი მკვლელობიდან, რომელმაც მთელი სამყარო შეძრა, სამი წელი გავიდა, თუმცა ჟურნალისტის მკვლელობისათვის არავინ გაუსამართლებიათ. გამოძიებამ ასევე ვერ მოახერხა დაედგინა მკვლელობის დამკვეთები. მკვლელობის გამოძიების იმედი დაკარგეს პოლიტკოვსკაიას ოჯახის ახლობლებმა, განაცხადა მისმა ქალიშვილმა ვერამ 6 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.

“სამი წელიწადი გავიდა იმ დღიდან, რაც დედა მოკლეს და, რა თქმა უნდა, მთელი ჩვენი ოჯახი თანდათან კარგავს იმედს, რომ ნაპოვნი და გასამართლებული იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც დანაშაულში მონაწილეობდნენ. რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო მცირე შანსია იმისა, რომ იპოვიან იმ ადამიანებს, რომლებიც ამ მკვლელობაში მონაწილეობდნენ.”

პოლიტკოვსკაიას მკვლელობის თანამონაწილეობაში ეჭვმიტანილი სამი პირი მოსკოვის ნაფიც მსაჯულთა საბჭომ თებერვალში გაამართლა. უმაღლესმა სასამართლომ კი ივნისში განაჩენი გააუქმა და საქმე ხელახლა დაუბრუნა სასამართლოს, მაგრამ სასამართლოს სხდომის ხელმეორედ გამართვა თავად პოლიტკოვსკაიას შვილების თხოვნით გადაიდო. ისინი მოითხოვენ, საქმე თავდაპირველად ხელახალ გამოძიებაში დაბრუნდეს. ილია პოლიტკოვსკაია, მოკლული ჟურნალისტის ვაჟი, ამბობს, რომ გამოძიება არის ბოლო შანსი დედამისის მკვლელობის თაობაზე სიმართლის დასადგენად:

“გამოძიებას გაუჩნდა ახალი შანსი. მე ვფიქრობ, ეს არის უკანაკსნელი შანსი, რადგან, სინამდვილეში, ძალიან დიდი დრო გავიდა. და ჩვენ ძალიან ვიმედოვნებთ, რომ ისინი გამოიყენებენ ამ შანსს.”

სერგეი სოკოლოვი, “ნოვაია გაზეტას” მთავარი რედაქტორი, ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი აპრილში დაუსხლტა დაჭერას და ამჯერად ევროპას აფარებს თავს. თუმცა 6 ოქტომბერს, იმავე პრესკონფერენციაზე საუბრისას, სოკოლოვმა თქვა, რომ გამომძიებლებს საქმეზე ახალი ეჭვმიტანილები ჰყავთ:

“საქმეს გამომძიებელთა იგივე ჯგუფი წარუძღვება. რამდენადაც ვიცი, ამ ჯგუფს რამდენიმე გამომძიებელი დაემატა, რამდენიმე წავიდა. როგორც გამომძიებლებთან საუბრიდან გახდა ჩემთვის გასაგები, გამოჩნდნენ ახალი ეჭვმიტანილები. ვფიქრობ, თუ ყველაფერი კარგად წავა, განსასჯელთა სკამზე უფრო მეტი პერსონაჟი აღმოჩნდება, ვიდრე აქამდე იყო.”
სოკოლოვს, რომელიც გამომძიებლებთან მჭიდროდ თანამშრომლობდა, გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, ახალ ეჭვმიტანილებზე დეტალურად არ უსაუბრია.

ნიშანდობლივია, რომ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის მესამე წლისთავზე რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლის უფლება არ დართო პარიზში არსებული მედია-ორგანიზაციის “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ორ წევრს. სამშაბათს კი ჩეჩენთა ლიდერმა რამზან კადიროვმა ორგანიზაცია “მემორიალის” ხელმძღვანელს, ცნობილ უფლებადამცველ ოლეგ ორლოვს, სასარჩელო დავა მოუგო. ოლეგ ორლოვი აცხადებდა, ჩეჩენი უფლებადამცველი აქტივისტის, ნატალია ესტემიროვას, ივლისში მომხდარი მკვლელობის გამო პასუხისმგებლობა ჩეჩნეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს ეკისრებაო. რუსეთის სასამართლომ უფლებადამცველ ჯგუფ “მემორიალს” კადიროვისთვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ფულადი ჯარიმა დააკისრა და 10 დღის განმავლობაში საკუთარ ვებგვერდზე ორლოვის სიტყვების უარყოფის გამოქვეყნება დაავალა. თუმცა თავად ორლოვი ფიქრობს, რომ სიმართლე მის მხარეზეა:

“მე სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები, მაგრამ ახლა მესმის, რომ სასამართლოს სხვაგვარ გადაწყვეტილებას დღევანდელ რუსეთში, ალბათ, არ უნდა ველოდეთ. ვფიქრობ, სასამართლო პროცესის მთელი ორი დღის განმავლობაში ჩვენ წარმოვადგინეთ ამომწურავი და ძალიან სერიოზული არგუმენტაცია ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად. და ის, რომ ამას მივაღწიეთ, ეს ჩვენი სერიოზული გამარჯვებაა.”

რამზან კადიროვი ღირსების შელახვისათვის “მემორიალისაგან” 10 მილიონი რუსული რუბლის გადახდას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ ეს თანხა 70 ათას რუბლამდე დაიყვანა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG