Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 23 სექტემბერი 2009


უკვე ორი დღეა რუსეთის პრესა დმიტრი მედვედევის ინტერვიუს აანალიზებს, რომელიც მან ტელეკომპანია „სი-ენ-ენ“-ს მისცა.

„მოსკოვსკი კომსომოლეცი“ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პრეზიდენტი კიდევ ერთხელ შეეხო ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობის თემას და 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს. „ნეზავისიმაია გაზეტა“ წერს, რომ მედვედევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვში მხოლოდ ერთი ადამიანი განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას და ეს კაცი მხოლოდ ის არის - პრეზიდენტი. შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილებას სახელმწიფოს მეთაური იღებსო, - თქვა მან.

როგორც ჩანს, სწორედ ამ სიტყვების დასადასტურებლად, მედვედევი სიამოვნებით საუბრობდა ირანის ბირთვულ პროგრამასა და ისრაელზე, ასევე თავის კონტაქტებზე ამერიკის პრეზიდენტთანო, - წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“.
”გაზეტას” მიხედვით, მედვედევის ინტერვიუ რუსეთის საგარეო პოლიტიკურ დეკლარაციას ჰგავს ყველა მიმართულებით, უპირველესად კი, ახლო აღმოსავლეთის პრობლემასთან დაკავშირებით. ამ მხრივ, გაზეთის შეფასებით, მედვედევის ინტერვიუ მორიგ მღელვარე რეაქციას გამოიწვევს დასავლეთში.

„მოსკოვსკი კომსომოლეცი“ ყურადღებას ამახვილებს მედვედევის სიტყვებზე, ისრაელის პრემიერი ნათანიაჰუ ამასწინათ მოსკოვს ”დახურულ რეჟიმში” სტუმრობდაო.
„როსიისკაია გაზეტა“ კი მიიჩნევს, რომ „სი-ენ-ენ“-მა ინტერვიუში რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზე მეტი დრო რუსეთის შიდაპოლიტიკას დაუთმო, განსაკუთრებით კი - დემოკრატიის განვითარებას რუსეთში.

ამ მიმართებით გაზეთს მედვედევის ციტატა მოჰყავს ინტერვიუდან, სადაც მან განაცხადა, წინააღმდეგ დასავლეთში მიღებული შეხედულებისა, თითქოს რუსეთში დემოკრატია დაღმავლობის გზაზე იდგეს, მე არა მგონია, ქვეყანაში დემოკრატიის რეგრესი შეიმჩნეოდესო.
დღევანდელი „როსიისკაია გაზეტა“ საგანგებო პუბლიკაციას უძღვნის ინტერვიუში გამოთქმულ მოსაზრებებს სიტყვის თავისუფლებისა და რუსული პრესის შესახებ.

მედვედევი დარწმუნებულია,წერს გაზეთი, რომ თუ რუსეთში არსებობს პრობლემები, ეს მხოლოდ რეგიონებში, სადაც ადგილობრივ ჩინოვნიკებს არ მოსწონთ მათი მისამართით დაწერილი კრიტიკული მასალები. მთლიანობაში კი, მედვედევი მიიჩნევს, რომ რუსულ საზოგადოებაში არ არის დახურული თემები და რომ სიტუაცია განსხვავდება 90-იანი წლებისაგან, როდესაც, პრეზიდენტის სიტყვით, პრესას ოლიგარქები მართავდნენ.
ამავე გაზეთში ციტირებული რუსი ექსპერტების შეფასებით კი, სიტყვის თავისუფლების მხრივ, რუსეთში დღეს გაცილებით მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე 90-იან წლებში იყო. „ნეზავისიმაია“ წერს, რომ მაშინ ყველაზე დიდი დაფარვის არხებზეც კი იყო შესაძლებელი ქვეყნის ხელმძღვანელობის ღია კრიტიკა და, ვთქვათ, ასეთი გამონათქვამები: ”ელცინის ბანდა სასამართლოს უნდა გადასცენ”.
ფონდ ”ეფექტური პილიტიკის” ხელმძღვანელმა გლებ პავლოვსკიმ გაზეთს უთხრა, რომ, ამ თვალსაზრისით, „მედვედევი და პუტინი მართლაც ერთ გუნდს წარმოადგენენ - პირობითად, 2000 წლის პოლიტიკური თაობის გუნდს. პრეზიდენტი ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს გუნდის გაკეთებულ საქმეებს 10 წლის განმავლობაში და მედვედევი, უბრალოდ, ითხოვს ამ საქმიანობის შედეგების აღიარებას, როგორც საკუთარი კომპეტენტურობის აღიარების პირობას პოლიტიკაში.” - წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“.
XS
SM
MD
LG