Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

რა შედეგით დასრულდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამა


"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" სოფლად პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტას ისახავს მიზნად. პროგრამის განსახორციელებლად 2009 წლის 20 იანვარს, მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტრომ ადგილობრივ თვითმმართველობებს 20 მილიონი ლარი გამოუყო; ამასთან, შესაბამისი თანხები უშუალოდ სოფლებს გადაერიცხათ, ხოლო თანხის ოდენობა საკრებულოებში შემავალი დასახლებებისა და ოჯახების რაოდენობის გათვალისწინებით განისაზღვრა, თუმცა პროგრამის დასრულებამდე რამდენიმე კვირით ადრე გაირკვა, რომ ზოგიერთ სოფელს გამოყოფილი თანხა არ ეყო, ზოგიერთში კი დაგეგმილი სამუშაო უხარისხოდ შესრულდა. სამცხე-ჯავახეთში ძირითად პრობლემად სანიაღვრე არხების, რიტუალების სახლებისა და სკოლების შეკეთება დასახელდა.

სახელმწიფოს მიერ გაზაფხულზე გამოცხადებული სოფლის დახმარების პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა. სოფელ ზიკილიაში პრიორიტეტად საუკუნოვანი სკოლის შერემონტება, ხოლო სოფელ ივლიტაში წყალსაქაჩი სისტემის შეკეთება დასახელდა.

„პროგრამის ფარგლებში გარემონტდა სკოლა, ოღონდ ფასადის შეკეთების გარეშე, სანახევროდ. შეგვპირდნენ, რომ მომავალში გააკეთებენ. საუკუნის სკოლაა და ძალიან ცუდ მდგომარეობაშია”, - უთხრა რადიო თავისუფლებას სოფელ ზიკილიის მკვიდრმა და იქვე დასძინა, რომ სოფელს კლუბის აღდგენის სურვილიც აქვს: „კლუბის გაკეთება გვინდა, დანგრეულია ძალიან. ბავშვებისთვის კომპიუტერები ან ბილიარდის მაგიდა რომ დაგვიდგან, ან რამე გასართობი, არ იქნება ურიგო. რიტუალების სახლშიც სახურავია შესაცვლელი.”

სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 280 ათასი ლარი დაიხარჯა და მოსახლეობის მიერ შერჩეული და მათი კრების ოქმით გამყარებული მოთხოვნებიც დაკმაყოფილდა, – აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ათუნაშვილი:

,,ყველა სოფელზე გამოყოფილი იყო ფიქსირებული 2 500 ლარი და დამატებით თითო მოსახლეზე 5 ლარი და 50 თეთრი. ძირითადად, გაკეთდა სოფლებთან მისასვლელი გზები, სასმელი წყლის სისტემები, რიტუალების სახლები, მინიმოედნები, სტადიონები. ზოგიერთ სოფლებში სარწყავი არხების შეკეთებაც მოითხოვეს.”

ახალციხის მუნიციპალიტეტში 16 საკრებულო და 46 სოფელია. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მარინე სუდაძე ამბობს, რომ მოსახლეობის მიერ, პირველ რიგში, სასწრაფოდ მოსაგვარებელი პრობლემები დასახელდა.

,,სანამ დაფინანსება დაიწყებოდა, სოფლის მოსახლეობას შევხვდით და საერთო კრებების ჩატარების შემდეგ პრიორიტეტული საკითხები გამოვავლინეთ. სამწუხაროდ, ყველაფერი ვერ მოიცვა ამ პროგრამამ, მაგრამ პირველ რიგში რაც იყო გასაკეთებელი, ის დაფინანსდა. პირველი ეტაპი დასრულდა და გაზაფხულიდან მეორე ეტაპი დაიწყება“, - განაცხადა მარინე სუდაძემ.

ცენტრალურმა ხელისუფლებამ სოფლებში პრობლემების მოსაგვარებლად 20 მილიონი ლარი გამოყო. ამ თანხიდან სამცხე-ჯავახეთს 3,5 მილიონი ლარი შეხვდა. კუთვნილი თანხა რეგიონის 258 დასახლებულ პუნქტს გაუნაწილდა და, ძირითადად, ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდა.
XS
SM
MD
LG