Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევრაზიაში აშშ-ის მომავალი წარმომადგენელი "საქმის გამკეთებელია"


ტინა კეიდანაუ
ტინა კეიდანაუ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მალე ახალი მეორე მოადგილე ეყოლება ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. მეთიუ ბრაიზამ რომელიც ამ თანამდებობას ტოვებს, განაცხადა, რომ მას ტინა კეიდანაუ შეცვლის - გამოცდილი დიპლომატი, რომელმაც 10 წელი იმუშავა ბალკანეთში. ბოლო პერიოდში ის კოსოვოში შეერთებული შტატების პირველ ელჩად მსახურობდა.

შეერთებულ შტატებს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია, რომ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახემწიფო მდივნის მეორე მოადგილედ მართლაც ტინა კეიდანაუ ინიშნება.

მაგრამ 10 აგვისტოს ასეთი განცხადებით თბილისში გამოვიდა მეთიუ ბრაიზა - პირი, რომელიც ამ თანამდებობაზე 2005 წლის ივნისის შემდეგ მსახურობს, და რომელიც, გავრცელებული ხმების თანახმად, ახლა აზერბაიჯანში შეერთებული შტატების ელჩი ხდება.

კეიდანაუ კოლუმბიის უნივერსიტეტიდან მაგისტრის ხარისხს ფლობს პოლიტიკურ მეცნიერებებში. ის პროფესიონალი დიპლომატია, და მისი სპეციალიზაცია აქამდე ბალკანეთის რეგიონი იყო.

ის კოსოვოში აშშ-ის პირველ ელჩად მსახურობდა 2006-დან 2009 წლამდე - ისტორიულ პერიოდში, როდესაც კოსოვო სერბიას გამოეყო და თვითგამოცხადებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქცა.

რადიო თავისუფლების პრიშტინის ბიუროს ხელმძღვანელი, არბანა ვიდიშიჩი, კეიდანაუს ჩუმ, მაგრამ ეფექტიან ფიგურად ახასიათებს: "ელჩი კეიდანაუ ყველას ასე ახსოვს - ის საქმის გამკეთებელია, და ის კოსოვოში ძალიან კრიტიკულ პერიოდში მუშაობდა. ის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ჩამოვიდა, გამოცხადების შემდეგ კი ერთი წელიწადს დარჩა. ის საქმის გამკეთებელია - თუმცა ურჩევნია საქმე საზოგადოების თვალთახედვის მიღმა აკეთოს", ამბობს ვიდიშიჩი. მისივე თქმით, კეიდანაუ ინტერვიუებსაც არ იძლეოდა ხშირად - რაც ბევრი ჟურნალისტის გულისწყრომას იწვევდა.

ჩვენი კოსოვოელი კოლეგა იხსენებს, რომ კეიდანაუ მუშაობისას თავს არ იზღუდავდა მხოლოდ პრიშტინასთან დიპლომატიური კავშირებით - ის ცდილობდა ყველას დახმარებოდა, კოსოვოში მცხოვრები ეთნიკური სერბების ჩათვლით: "კოსოვოს ჩვეულებრივ მოქალაქეებს კეიდანაუ ალბათ ახსოვთ როგორ პირი, რომელიც აქაურ ლიდერებს მხარში ედგა ყველაზე კრიტიკულ დროს - დამოუკიდებლობის გამოცხადებისას", აღნიშნავს არბანა ვიდიშიჩი. "მან სერბი უმცირესობისთვისაც ბევრი გააკეთა. სამედიცინო მომსახურების ბევრი დაწესებულება გახსნა სერბთა ანკლავებში; იქ მედიის თავისუფლებისთვის გაძლიერებაზე მუშაობდა. ამ თვალსაზრისით, ალბათ ხალხი მას იხსენებს ადამიანად, რომელმაც მათ დიდი დახმარება გაუწია."

პირველი მნიშვნელოვანი თანამდებობა ტინა კეიდანაუმ პრეზიდენტ ბილ კლინტონის დროს დაიკავა - მაშინდელ მთავრობაში ის თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების დირექტორად მუშაობდა. შემდეგ, 1998-1999 წლებში, ის მაკედონიაში აშშ-ის ელჩის, კრისტოფერ ჰილის თანაშემწე იყო და, ძირითადად, კოსოვოს კრიზისზე მუშაობდა.

ამის შემდეგ - უკვე ჯორჯ ბუშის დროს - ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, რიჩარდ არმიტაჯის თანაშემწე იყო ევროპის საკითხებში. 2006 წელს კეიდანაუ პრიშტინაში შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელად დაინიშნა. ორი წლის შემდეგ - როდესაც კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა - ის უკვე კოსოვოში აშშ-ის პირველი ელჩი გახდა.

ახალ თანამდებობაზე კეიდანაუ კავკასიაში, შუა აზიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის ინტერესების საკითხებზე იმუშავებს. როგორც მოელიან, ენერგეტიკა და რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული დაძაბულობა მისი სამუშაოსთვის მთავარი საკითხები იქნება.

უკანასკნელი ცნობებით, წინამორბედისგან - მეთიუ ბრაიზასგან - განსხვავებით, კეიდანაუმ, შესაძლოა, არ შეითავსოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრაზე ეუთოს ეგიდით მომუშავე "მინსკის ჯგუფის" თანათავმჯდომარეობა.

პრესკონფერენციაზე მეთიუ ბრაიზამ თქვა, რომ კეიდანაუ მას მინსკის ჯგუფშიც შეცვლიდა - მაგრამ რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის, და სხვა აზერბაიჯანული წყაროების თანახმად, ეს ჯერჯერობით არ დასტურდება. ჯერჯერობით არ დასახელებულა "მინსკის ჯგუფში" ბრაიზას სხვა შემცვლელის ვინაობაც.

აზერბაიჯანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ერთგვარი შეშფოთება გამოხატეს იმის თაობაზე, რომ კეიდანაუს მიერ კოსოვოში მიღებულ გამოცდილებას, შესაძლოა, მისთვის ყარაბაღის დამოუკიდებლობის მხარდაჭერისკენ ებიძგა.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG