Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი - ათი წელი ხელისუფლებაში


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი
ათი წლის წინ რუსეთი დასუსტებული ქვეყანა იყო, პრეზიდენტი - დაავადებული, ეკონომიკასაც დახმარება სჭირდებოდა. რეგიონების მმართველები სულ უფრო ხშირად და ღიად ატარებდნენ სეპარატისტულ პოლიტიკას, სახელმწიფო დუმა, პარლამენტი, ჩიხში იყო. 1999 წლის 9 აგვისტოს მსოფლიომ ცნობად მიიღო მხოლოდ, რომ პრეზიდენტმა ელცინმა სახელმწიფო უშიშროების საბჭოთა სამსახურის, “კა-გე-ბეს”, ყოფილი უფერული, არავისთვის ცნობილი თანამშრომელი, პუტინი, დაასახელა პრემიერ-მინისტრად.

ბორის ელცინმა არა მხოლოდ დაასახელა პრემიერად პუტინი, ის უფრო შორს წავიდა და თქვა, უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი პრეზიდენტი უნდა გახდესო. სერგეი სტეპაშინმა, რომელიც იძულებული იყო სავარძელი დაეთმო პრეზიდენტის ფავორიტისთვის, ასე ამცნო ჟურნალისტებს მიღებული გადაწყვეტილება: “ამ დილას პრეზიდენტთან ვიყავი. მან ხელი მოაწერა ჩემი გადადგომის შესახებ განკარგულებას. მადლობა მითხრა კარგი მუშაობისთვის და დამითხოვა. პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინი - უშიშროების საბჭოს მდივანი, “ეფ-ეს-ბეს” დირექტორი. მე ის წესიერ და ღირსეულ ადამიანად მიმაჩნია. იღბალს ვუსურვებ, სწორედ იღბალს, რადგან სხვა ყველაფერი აქვს.”

მაშინ ბევრმა მიმომხილველმა არც იცოდა, რომ სტეპაშინის სიტყვები წინასწარმეტყველური იყო. ათ წელიწადში პუტინი უბრალო პრემიერ-მინისტრობიდან პრეზიდენტობამდე აღზევდა, შემდეგ კვლავ პრემიერის პოსტზე მოკალათდა და, ამგვარად, შეუცვლელ, უშეცდომო ლიდერად იქცა სულ უფრო და უფრო გაძლიერებული რუსეთისა. მაშინ რუსეთი, მართლაც, სხვაგვარი იყო. 1999 წლის აგვისტოში, მისი კანდიდატურის დამტკიცებისას, პუტინს დუმაში 88 დეპუტატი მიემხრო, 84 კი მის წინააღმდეგ წავიდა. ეს ახლა სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა. თავიდან პუტინი მორცხვი იყო, მედიასთან გაუბედავი, თვალებდახრილი ესაუბრებოდა ჟურნალისტებს. ქვეყანაც, როგორც ითქვა, პრობლემებით იყო სავსე: ეკონომიკას უჭირდა, გადასახდელი იყო უცხოეთის ვალი, ჩრდილოეთ კავკასიაში არეულობა იყო. პუტინის დამტკიცების შემდეგ არაერთი აფეთქება მოეწყო, ბევრი ადამიანი დაიხოცა... პუტინმაც არ დააყოვნა და 1 ოქტომბერს ჩეჩნეთის მეორე ომი წამოიწყო. რუსეთის საზოგადოება მხარში ამოუდგა მთავრობას, პუტინის მეთაურობით, პუტინისა, რომელიც მის თვალში თამამი, გადაწყვეტილებების მიღებისას გაბედული და მტკიცე აღმოჩნდა. ეს იქცა სწორედ პუტინის მმართველობის სტილის სამარკო ნიშნად.

მიმომხილველებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა იმაზე, თუ რა ვითარება ერგო მემკვიდრეობით პუტინს. ედუარდ ლუკასი, რომელიც ჟურნალ „ეკონომისტის“ მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელობდა პუტინის დანიშვნისას, აი, რას ამბობს: “მაშინ რაიმე ახალი თაოსნობის დიდი საჭიროება იყო და პუტინმა ამით ისარგებლა. ის ფხიზელი, ბეჯითი და აშკარად კომპეტენტური პიროვნება აღმოჩნდა.”

პუტინის მომხრეები ფიქრობდნენ, რომ რუსეთი განსაცდელში იყო, შველა სჭირდებოდა და ოლიგარქები, პირველ რიგში, მიხაილ ხოდორკოვსკი და ვლადიმირი გუსინსკი, უნდა შეეჩერებინათ.

პოლიტოლოგ დმიტრი ორეშკინის აზრით, რუსეთი ელცინის დროს უკვე დაძრული იყო განვითარების დადებითი მიმართულებით და პუტინმა ეს პროცესი შეაჩერა: “მისდია რა, ნაწილობრივ, “მშვენიერების” შესახებ თავის საკუთარ წარმოდგენებს, რომელიც “კა-გე-ბეში” ჩამოუყალიბდა, ნაწილობრივ კი, დაჰყვა რა ნავთობის მაღალი ფასების ცდუნებას, დაიწყო იზოლირებული მოდელის შექმნა, მოდელისა, რომელიც ვერ უპასუხებს თანამედროვეობის მოთხოვნებს. შეიძლება ითქვას, რომ პუტინმა ჩაიბარა ქვეყანა დემოკრატიული და ეკონომიკური აღმაფრენის მომენტში და მიიყვანა ის სამხრეთ ამერიკის საკმაოდ ჩვეულებრივი, ნაკლებპერსპექტიული სახელმწიფოს მდგომარეობამდე.”

ასევე ფიქრობს დუმის ყოფილი დამოუკიდებელი დეპუტატი ვლადიმირ რიჟკოვი, რომელსაც მიაჩნია, რომ კრემლმა ვერ მოახერხა ნავთობის ფასით მოპოვებული სიმდიდრის გამოყენება და რუსეთის პოზიცია მსოფლიოში გაუარესდა.

პუტინმა თავისი მმართველობის დროს დაიმორჩილა რეგიონები, სახელმწიფო კონტროლს დაუქვემდებარა მასმედია და სამოქალაქო ორგანიზაციებს უცხოეთის დაზვერვასთან კავშირი დააბრალა. სამაგიეროდ, შექმნა ქსელი ფსევდოარასამთავრობო ორგანიზაციებისა. ეჭვი არაა, რომ პუტინს ერთობ შეუწყო ხელი ნავთობის მაღალმა ფასმა. ედვარდ ლუკასი: “მე ყოველთვის ვსვამ შეკითხვას: რას მოიმოქმედებდა პუტინი, ნავთობს ელცინის დროინდელი ფასი რომ ჰქონოდა, და რას მოიმოქმედებდა პუტინი, ელცინის დროინდელი ფასი რომ ჰქონოდა ნავთობს?”

რუსეთის საზაგადოებაში, მიუხედავად პუტინის პოპულარობისა, თვლიან, რომ ძალიან დიდი უფსკრულია ღარიბებსა და მდიდრებს შორის. პუტინის პოპულარობის გასაღებად მიაჩნიათ მასმედიაზე მისი დიდი გავლენა და ის, რომ პუტინის შემცვლელი არავინ ჩანს.

ლევადას კვლევის ცენტრის თანამშრომელი ბორის დუბინი: “პუტინის ავტორიტეტი და მისი აღიარება, მის მისამხრობად მზადყოფნა, დიდწილად, სწორედ იმ ფაქტორმა განსაზღვრა, რომ “არ იყო არავინ სხვა”. და პუტინის დროინდელი პროპაგანდა და მასმედიაც ასეთ სურათს ქმნიდა.”

დმიტრი ორეშკინი ეთანხმება აზრს, რომ პუტინის მიერვე შექმნილმა ატმოსფერომ განაპირობა მისი რეიტინგი:

“პუტინის რეიტინგი, ნაწილობრივ, იმედგაცრუების რეიტინგია, იმიტომ რომ სხვა არაფრისა გვწამს: არ გვწამს ინსტიტუციებისა, არ გვწამს სასამართლოებისა, არ გვწამს არჩევნებისა. ამ ვითარებაში ერთადერთი ფიგურა, რომელსაც შეიძლება იმედის თვალი მიაპყრო, ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინია.”
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG