Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპ გორდონი: არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ომი განახლდება


ფილიპ გორდონი
ფილიპ გორდონი
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ფილიპ გორდონის თქმით, საქართველოში არსებული სიტუაცია "ძალიან სერიოზულია", თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს მიზეზი ვიფიქროთ, რომ ომი განახლდება. ეს მოსაზრება გორდონმა რადიო თავისუფლების ქართული სასახურისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გამოთქვა. ფილიპ გორდონთან ინტერვიუ სალომე ასათიანმა სწორედ ომის განახლების საფრთხეზე საუბრით დაიწყო.

ფილიპ გორდონი: არაფრის გამორიცხვა არ გვინდა. ვითარება ძალიან სერიოზულია, ადგილზე დიდი რაოდენობით სამხედრო ძალაა, და დაძაბულობა ორივე მხარეს იგრძნობა. არ გვაქვს მიზეზი ვიფიქროთ, რომ ომის განახლება რეალურია, ამის აღსაკვეთად ყველაფერს ვაკეთებთ. მაგრამ სიტუაციის სერიოზულობასაც სათანადოდ ვაფასებთ. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვთანამშრომლობთ ორივე მხარესთან და ვცდილობთ, ყველას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოვუწოდოთ.

რადიო თავისუფლება: თუ შეიძლება, ოდნავ ზოგადი შინაარსის შეკითხვა მინდა დაგისვათ რუსეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობის "გადატვირთვაზე". ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს ძალიან რთული იქნება, ვინაიდან რუსეთსა და დასავლეთს ფუნდამენტური უთანხმოება აქვთ საგარეო პოლიტიკის კონცეფციების თვალსაზრისით. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ უარყოფს გავლენის სფეროების ცნებას; არადა, რუსეთი დიდწილად ეყრდნობა მეცხრამეტე საუკუნეში მოქმედ ცნებებს "დიდი მოთამაშეებისა" და მათ შორის ძალაუფლების გადანაწილების შესახებ. თქვენ როგორ დაახასიათებდით რუსეთის მიერ საგარეო პოლიტიკის აღქმას?

ფილიპ გორდონი: ვფიქრობ, ის ანალიტიკოსები მართალნი არიან, ეს რთული იქნება. რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ჰარმონიული ურთიერთობის მიღწევა ადვილი რომ იყოს, ეს დიდი ხნის წინ გაკეთდებოდა. არსებობს განსხვავებები ინტერესებსა და მსოფლმხედველობებში, და ჩვენ ამაზე დაუფარავად ვსაუბრობთ. მაგრამ "გადატვირთვის" იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ძლიერი საერთო ინტერესებიც გვაქვს, და თუ ამ ინტერესებზე მოვახდენთ კონცენტრირებას და პრაგმატულ, კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ, შესაძლოა, შეიცვალოს ურთიერთობის ზოგადი ტონი, გაქრეს ეჭვები - ეს კი კიდევ უფრო გაზრდის საერთო ინტერესების სფეროებს. ჩვენ მართლა უფრო მეტს უნდა ვაკეთებდეთ ამისთვის. მაგალითად, რატომ უნდა ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს რუსეთი და შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში? მაშინ, როდესაც ჩვენს საერთო ინტერესებშია ბირთვული იარაღის გავრცელების აღკვეთა, ისლამისტურ ექსტრემიზმთან ბრძოლა, უფრო სტაბილური და ღია ახლო აღმოსავლეთის არსებობა. მსოფლიოს ბევრ რეგიონში ჩვენ ბევრად უფრო მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე განსხვავება. მაგრამ წლებისა და ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი ისტორიული გამოცდილების შედეგად, ბევრი ეჭვი არსებობს, და ჩვენ ვცდილობთ ამას გავუმკლავდეთ. ვფიქრობ, სიმართლეა - და გულდასაწყვეტია - რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას რუსეთში ბევრი კვლავაც უნაშთო თამაშად აღიქვამს - როდესაც შეერთებული შტატების მიერ მოპოვებული მოგება რუსეთის წაგებას ნიშნავს. ჩვენი სურვილია, შევცვალოთ ამგვარი ხედვა და, ამავე დროს, საერთო ინტერესების დავაკმაყოფილოთ.

რადიო თავისუფლება: რუსეთი განაგრძობს ქვეყნების გაფრთხილებას საქართველოსთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის თაობაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ ხუთშაბათს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქვეყნებმა თავი უნდა შეიკავონ საქართველოსთვის შეტევითი და, სასურველია, ყველანაირი იარაღის მიწოდებისგან. რამდენად გაითვალისწინებს ამას შეერთებული შტატები - რა სახის დახმარება არის დაგეგმილი საქართველოსთვის?

ფილიპ გორდონი: ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ საქართველოს აქვს თავდაცვის უფლება, და მისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო არ უნდა დაწესდეს. თუმცა ისიც აღვნიშნეთ, რომ უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობისას მთავარ აქცენტს ვაკეთებთ დოქტრინის [განვითარებაზე], შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზაციაზე, მისი მოსამსახურეების წვრთნაზე ავღანეთის მისიისთვის - რაც ჩვენი საერთო ინტერესია. ჩვენ ვერ ვხედავთ [საქართველოს სეპარატისტული კონფლიქტების] სამხედრო გზით გადაჭრის პერსპექტივას, კონფლიქტის თავიდან აცილება გვინდა და ამჟამად საქართველოს იარაღით არ ვამარაგებთ. რაც შეეხება რუსეთის გაფრთხილებას - მისი განსასაზღვრი ნამდვილად არ არის ის, თუ როგორ დაიცავს თავს საქართველო. თუმცა, ამავე დროს, გვსურს თავიდან ავიცილოთ რეგიონში სამხედრო ესკალაცია.

რადიო თავისუფლება: 4 აგვისტოს სენატში გამოსვლისას თქვენ საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებაზეც დეტალურად ისაუბრეთ და აღნიშნეთ, რომ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, პირველად მოხდეს არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლა 2013 წელს. ამავე დროს, თქვენ იცით, რომ პოლიტიკური ოპოზიციის დიდი ნაწილი მოითხოვს ვადამდელ არჩევნებსა და სააკაშვილის გადადგომას. რამდენად შესაძლებელია ეს თქვენი განცხადება ამ ჯგუფების მისამართით გაგზავნილ ერთგვარ სიგნალად აღვიქვათ?

ფილიპ გორდონი: არა, ჩემი მიზანი საგანგებო სიგნალის გაგზავნა არ ყოფილა, გარდა იმ სიგნალისა, რომ საკონსტიტუციო პროცედურები დაცული უნდა იყოს, და საქართველოსთვის ჯანსაღი ნაბიჯი იქნება, ხალხს მიეცეს გადაწყვეტილების მიღების საშუალება. ოპოზიციას ამჟამინდელი პრეზიდენტის გადაყენება სურს - ეს მათი უფლებაა. და თუ ხალხიც ამას გადაწყვეტს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, ეს ასეც იქნება. მესიჯი დემოკრატიის მხარდაჭერას ეხება - ხოლო იმისათვის, რომ დემოკრატიამ იმუშაოს, აუცილებელია კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, ღიაობა და გამჭვირვალობა. შეერთებული შტატები ამ პრინციპებს უჭერს მხარს და არა ცალკეულ ინდივიდებს თუ პარტიებს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG