Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

დევნილები საკუთრების რეგისტრაციის მოლოდინში


შიდა ქართლში ჩასახლებული დევნილების უმრავლესობა როგორც საკარმიდამო, ისე ხელოსუფლების მიერ გამოყოფილი მიწის ფართობებით სარგებლობს. სხვადასხვა ჩასახლებაში დევნილები სხვადასხვა რაოდენობის მიწას ფლობენ და იგი თორმეტიდან ოთხმოც მეასედამდე მერყეობს. დევნილები მიწით კი სარგებლობენ, მაგრამ სამართლებრივად საკუთრების მფლობელები არ არიან. დევნილთა და განსახლების შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე თამაზ გვიმრაძე აცხადებს, რომ დევნილების რეგისტრაცია და მათთვის სტატუსის მინიჭების პროცესი დასრულდა, ცოტა ხანში კი მათთვის საკუთრების რეგისტრაციაც დაიწყება და იგი ოთხმოცდაათიანი წლების დევნილებსაც შეეხებათ.

დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების უმრავლესობაში იქ მცხოვრები ადამიანები მიწით სარგებლობენ, მაგრამ ჯერ ისევ რჩება ზოგიერთი ჩასახლება, სადაც დევნილებისთვის მიწა ვერ გამოინახა. ქარელის ტექნიკური სასწავლებლის შენობაში ჩასახლებულმა ადამიანებმა ხელისუფლების მიერ შენობიდან მოშორებით გამოყოფილ მიწაზე უარი თქვეს.

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია ბურჯანაძე პირობას დებს, რომ წლევანდელი მოსავლის დაბინავების შემდეგ დევნილებს მიწის ფართობით დააკმაყოფილებს.

ამჟამად შიდა ქართლში ოცდაერთ კომპაქტურ ჩასახლებაში 1660 ოჯახი, ანუ 5626 ადამიანი, ცხოვრობს. დაახლოებით 600 ოჯახი ახალ ბინას ელოდება. მას შემდეგ, რაც ყველა დევნილის ჩასახლება დასრულდება, მათთვის კერძო საკუთრების რეგისტრაციაც დაიწყება.
XS
SM
MD
LG