Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანელი დევნილები სვატის ხეობაში ბრუნდებიან, არადა, შეტაკებები გრძელდება


დევნილები სვატის ხეობაში დასაბრუნებლად ემზადებიან
დევნილები სვატის ხეობაში დასაბრუნებლად ემზადებიან
პაკისტანის არმიამ ბოლოხანს გამოაცხადა, რომ სვატის ხეობაში (ტერიტორიაზე, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მდებარეობს) თალიბანის წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი ოპერაციის შემდეგ თითქმის აღარ დარჩნენ ექსტრემისტები. შესაბამისად გადაწყდა, რომ დაწყებულიყო სვატის ხეობიდან ბრძოლების გამო გაქცეული მშვიდობიანი მოსახლეობის შინ დაბრუნების პროცესი. პროცესის დაწყების თარიღიც დასახელდა: 13 ივლისი. თუმცა, ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობები სვატის ხეობაში შეტაკებების შესახებ შეშფოთებას იწვევს დაბრუნების მსურველებს შორის.

პაკისტანის არმია იუწყება, რომ 6 შეიარაღებული პირი - სავარაუდოდ, თალიბანის წევრები - მოკლა სვატის ხეობის ადმინისტრაციულ ცენტრ მინგორასთან. შეტაკება მოჰყვა არმიის ბლოკ-პოსტზე შეიარაღებული პირების წუხანდელ იერიშს. მანამდეც გავრცელდა ინფორმაცია შეტაკებებისა და მსხვრეპლის - 9 მოკლული ექსტრემისტის შესახებ.

და ეს მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანის არმიის განცხადებით, აპრილის მიწურულს წამოწყებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად, სვატის უდიდეს ნაწილში თალიბები აღარ არიან. პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, აპრილის მიწურულს დაწყებული ოპერაციის მსვლელობაში, ამ რეგიონში 1700-ზე მეტი ექსტრემისტი მოკლეს, დაიღუპა 160-მდე ჯარისკაცი.

ისლამაბადმა 13 ივლისი განსაღზვრა თარიღად, როცა სვატის ხეობიდან ბრძოლების გამო გაქცეული მშვიდობიანი მოსახლეობის (2 მილიონზე მეტი ადამიანის) შინ დაბრუნების პროცესი უნდა დაწყებულიყო. მაგრამ ბოლოდროინდელი შეტაკებები, ბუნებრივია, ბევრს აეჭვებს, მართლაც მიწანშეწონილი იყოს სვატში დაბრუნება.

სკეპტიკურად განწყობილებს შორის არის აშშ-ში დაფუძნებულ “ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის” წარმომადგენელი პატრიკ დუპლატი, რომლის შეფასებითაც, ისლამაბადი მეტისმეტად ჩქარობს, როცა ახლავე აპირებს სვატში და მიმდებარე რეგიონებში ადგილნაცვალ პირთა დაბრუნებას. ამ შეფასებას იზიარებს 36 წლის პაკისტანელი მოჰამედ რეჰმანიც. ის შიშობს, რომ შესაძლოა ისევ მოუწიოს გაქცევა, თუ სვატში ვითარება უსაფრთხოების მხრივ მოგვარებული არ დახვდა.

მეორე მხრივ, სვატიდან გაქცეულების ნაწილი რისკზეც თანახმაა, ისე მოუთმენლად მოელის შინ დაბრუნებას კარვებში, მძიმე პირობებში გატარებული რამდენიმე კვირის შემდეგ. რეჰმან ალი ოჯახთან ერთად თავს აფარებს კარვების ქალაქს სვატის სამხრეთით მდებარე სვაბის რეგიონში, და ჩივის, ძალიან ვიტანჯებითო :

“ასეთ რამეს ვერც კი წარმოვიდგენდით! გვეგონა, რომ მთავრობა კარგ პირობებს შეგვიქმნიდა ბანაკებში. მაგრამ არაფერი არ გავაქვს!”

სხვა ადგილნაცვალი პირებიდანაც, მათივე თქმით, ბევრს ურჩევნია შინ დაბრუნება პაპანაქება სიცხეში მტვრიან კარვებში ცხოვრებას. უმერ ხანი როგორც ამბობს, მისი ოჯახი აუცილებლად ისარგებლებს მთავრობისაგან შეთავაზებული უფასო ტრანსპორტით შინ” სვატში დასაბრუნებლად. “ძალიან გახარებული ვარ, რადგან აქ არაფერს არ გვაძლევენ. შინ რომ დავბრუნდებით, რაღაცა მაინც გვექნება, თავს უკეთ ვიგრძნობთ”, ამბობს უმერ ხანი.

პაკისტანის მთავრობის წარმომადგენელი ამირ ჰაიდერ ხან ჰოტი ირწმუნება, რომ მიმართავენ ზომებს სვატის ხეობასა და მიმდებარე რეგიონებში საპოლიციო ძალების გასაძლიერებლად, რათა თალიბანმა ვეღარ შეძლოს გააქტიურება. ჰოტი ირწმუნება, რომ პაკისტანის ჯარებმა “ხერხემალში გადატეხეს” ტერორისტები, თუმცა, მთავრობის წარმომადგენელი აღიარებს, რომ თალიბანმა შესაძლოა, ისევ სცადოს პოზიციების გაძლიერება.

პაკისტანის არმიის განცხადებით, ის სვატის ხეობაში, სავარაუდოდ, კიდევ ერთი წელი დარჩება.
XS
SM
MD
LG