Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე საქართველოშიც აღნიშნეს


საზეიმო საღამო თბილისში კლუბ ”ტრიუმფში”
საზეიმო საღამო თბილისში კლუბ ”ტრიუმფში”
4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 233 წლის წინ ამ დღეს მეორე კონტინენტურმა კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც 13 კოლონია ინგლისისგან დამოუკიდებელ შტატებად გამოაცხადა და დაამტკიცა დამოუკიდებლობის დეკლარაცია. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე შეიქმნა ახალი სახელმწიფო -ამერიკის შეერთებული შტატები. გავიდა დრო და ამ სახელმწიფოს ერთ-ერთმა მეთაურმა, ვუდრო ვილსონმა, თქვა, ამერიკას განგების აღსრულებისა და მსოფლიოს გადარჩენის უსაზღვრო პრივილეგია ხვდა წილადო. დღეს 4 ივლისია, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე.

საზეიმო საღამო თბილისში კლუბ ”ტრიუმფში” ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღემდე, 2 ივლისს, გაიმართა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ტეფტმა და საელჩოს თანამშრომლებმა საღამოზე 500-მდე სტუმარს უმასპინძლეს - დიპლომატიური კორპუსების და საქართველოს პოლიტიკური წრეებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს.

”ძვირფასო სტუმრებო, დიდი მადლობა, რომ მობრძანდით ჩვენი ეროვნული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე. ჩვენ წელს აღვნიშნავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნის, დაბადებიდან მეორასე წლისთავს. ის იყო ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტი - მან მოახერხა და გამოიყვანა შეერთებული შტატები სისხლიმღვრელი სამოქალაქო ომიდან, რომელიც ქვეყანას დაშლით ემუქრებოდა”, - უთხრა საღამოზე მიწვეულ სტუმრებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა.

ცერემონიალზე თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეც აღინიშნა და აბრაამ ლინკოლნის დაბადებიდან 200 წლის იუბილეც. სტუმრებს დაურიგდათ აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის მიერ ნათარგმნი ლინკოლნის სიტყვა, წარმოთქმული 1863 წელს გეტისბურგის სამხედროთა სასაფლაოს კურთხევისას. და აი, რას ამბობდა მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მეთექვსმეტე პრეზიდენტი:

აბრაამ ლინკოლნი
”ჩვენ, ცოცხლებს, გვმართებს თავდადება იმ დაუმთავრებელი საქმისთვის, რაც მებრძოლებმა ესოდენ ღირსეულად აქამდე მოიტანეს, რათა საზეიმოდ განვაცხადოთ, რომ ფუჭად არ ჩაუვლია აქ დაცემულთა სიკვდილს, რომ ეს ერი, ღვთის წყალობით, ხელახლა ეზიარება თავისუფლებას და რომ სახალხო ხელისუფლება, ხალხის მიერ და ხალხისთვის შექმნილი, არასდროს აღიგვება პირისაგან მიწისა.”

გავიდა დრო და ამ ერმა სხვა ერებიც აზიარა თავისუფლებას. ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება იცვლებოდა, პრეზიდენტები კი საინაუგურაციო სიტყვებში მტკიცედ აცხადებდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გაიღებდა ნებისმიერ ფასს თავისუფლებისთვის ბრძოლაში წარმატების მისაღწევად... საქართველოში იციან ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის ფასი, პოლიტიკის, რომლის საფუძველიც არის უცვლელი ფასეულობები. ამ უცვლელ ფასეულობებს შორის კი უმთავრესია თავისუფლებისა და დემოკრატიის გავრცელება და მისი მხარდაჭერა.

”ეს არის ქვეყანა, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირის დაცვაში, ბოროტების იმპერიის დანგრევაში და რომელმაც ქართველ ხალხს გაუადვილა დამოუკიდებლობის აღდგენა. დღიდან დამოუკიდებლობის აღდგენისა, შეერთებული შტატები ის ქვეყანაა, რომელიც მხარში გვედგა ძლიერი, თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის საქმეში. ეს გრძელდება დღეს და, ჩვენ იმედი გვაქვს, გაგრძელდება მომავალში.”-ეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ განაცხადა ამას წინათ ბრიფინგზე, როცა საუბრობდა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის გაფორმებული ქარტიის საფუძველზე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ამოქმედების მნიშვნელობაზე.

საქართველოსთვის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე მოსაზრების გამოთქმა ვთხოვე საელჩოს მიერ ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებაზე მყოფ სტუმრებს. პოლიტოლოგმა ალექსანდრე რონდელმა გვითხრა:

ალექსანდრე რონდელი
”გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, ჩვენ რომ დამოუკიდებელი ვართ, ისევე როგორც ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფო, ამაში უდიდესია ამერიკის შეერთებული შტატების როლი. უდიდესია მისი როლი ჩვენი სახელმწიფოს შექმნაში. ყველანაირად გვერდში გვიდგას, პოლიტიკურად გვეხმარება, ეკონომიკურად გვეხმარება, გვეხმარება დემოკრატიის განვითარებაში. მაგრამ ერთია ფასეულობები და მეორე - რეალობა. საერთაშორისო ურთიერთობები მძიმე ასპარეზზეა და იქ ყველა - და ამერიკის შეერთებული შტატებიც - განიცდის ზოგჯერ ინტერესების და ფასეულობების შეჯახებას, იმიტომ რომ საერთაშორისო პოლიტიკა არ არის ბალეტი...“

საერთაშორისო ურთიერთობები არ არის ბალეტი.. აქ გადაწყვეტილებები ზოგჯერ სისხლის ფასი ჯდება..-ამბობს ალექსანდრე რონდელი. მაგრამ ისევ შეერთებული შტატების ერთ-ერთი პრეზიდენტის სიტყვებს მოვიყვან: „ისტორია გვიჩვენებს, რომ თავისუფლებისთვის მოძრაობა ამერიკული ძრავის გარეშე, უკეთეს შემთხვევაში, ერთ ადგილს ტკეპნის, უფრო ხშირად კი უკან იხევს.” ეს უმცროსმა ჯორჯ ბუშმა თქვა..”ვარდების რევოლუციის” შემდგომი საქართველოც დემოკრატიის შუქურას მან შეადარა..მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ოპოზიციაში დღემდე მიაჩნიათ, რომ ბუშის ადმინისტრაციის პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატები თვალს ხუჭავდა საქართველოს დემოკრატიის პრობლემებზე.

”მაგრამ ამის მიუხედავად, რომ არა ამერიკა, საქართველო ვერ იქნებოდა დამოუკიდებელი ქვეყანა; ამერიკა რომ არა, ჩვენი მოთხოვნა, რაც ამოძრავებს ოპოზიციას, ასეთი არ იქნებოდა და საზოგადოების მხარდაჭერაც ასეთი არ იქნებოდა.. იმიტომ რომ ამერიკის მხარდაჭერა მთელ ამ გზაზე იყო მთავარი”, - გვითხრა სააკაშვილის ხელისუფლების ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე ზურაბიშვილმა.

ჩემ მიერ მოყვანილი შეხედულებები შეერთებული შტატების პოლიტიკისადმი ქართული საზოგადოების, მათ შორის, პოლიტიკური წრეების დამოკიდებულებას სრულად არ ასახავს.. მხარდაჭერისთვის ზოგადად თითქოს ყველა მადლიერია, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ოპოზიციის ცალკეულმა ლიდერებმა აუგად მოიხსენიეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და, მასთან ერთად, სხვა ელჩებიც, რადგან არ მოეწონათ ელჩების შეფასებები საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.. ერთ-ერთი ოპოზიციური სატელევიზიო არხიდან ამ ბოლო თვეებში ხშირად ისმოდა შეუფარავი ანტიამერიკული განცხადებები,მაგრამ, ალბათ, ესეც ამერიკული კულტურის გავლენის შედეგია... ეს გავლენა კი გელა ჩარკვიანმა ჩვენთან საუბრისას ერთხელ ასე ახსნა:

”როცა ვლაპრაკობთ საქართველოზე გავლენის შესახებ, ის, რომ საქართველო დღეს დემოკრატიული სახელმწიფოა და ჩვენ ვიცავთ ადამიანის უფლებებს, ნიშნავს, რომ მივიღეთ ეს გავლენა და ეს ძალიან კარგია, ამან შეცვალა ის, რაც ჩვენ გვქონდა. ჩვენ გვქონდა ტოტალიტარული სახელმწიფო და ადამიანის სრული უუფლებობა. მაპატიეთ და აი, კულტურის გავლენა ამერიკულის და, თუ გნებავთ, ევროპულის... და ამან ქართულ, ტრადიციულ კულტურაში არაფერი არ შეცვალა.”
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ ცოტა ხნის წინ რუსეთის დღე აღნიშნეს. აფხაზეთის ამჟამინდელ მოსახლეობას დე ფაქტო რესპუბლიკაში დანიშნულმა რუსეთის ელჩმა უთხრა: ”რუსეთის დღე ყოველთვის განსაკუთრებული იქნება აფხაზეთის მოსახლეობისთვის, რომლის დიდი უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეები ხართო.” რუსული კულტურის გავლენა ეს არის.

ჯონ ტეფტი
და ისევ თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ცერემონიალს მივუბრუნდეთ. ელჩი ჯონ ტეფტი ჯერ არ დაგვმშვიდობებია, მაგრამ სტუმრებს ერთგვარი დასამშვიდობებელი სიტყვა მაინც უთხრა:

ჩემთვის, 4 წლის თავზე, ეს არის საქართველოში დამოუკიდებლობის აღნიშვნის ბოლო ცერემონიალი. იმედი მაქვს, გამგზავრებამდე ყველა თქვენგანს პირადად დავემშვიდობები. ჩვენ გვქონდა პატივი წარმოგვედგინა ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში და აქ გავხდით ძალიან დიდი ცვლილებების მოწმე. ჩვენ ვაფასებთ აქ შეძენილ მეგობრებს.. გეუბნებით მადლობას ყველას და გისურვებთ საუკეთესოს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს ამერიკა და ღმერთმა დალოცოს საქართველო.”
XS
SM
MD
LG