Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის “გუშაგთა საბჭო” მზად არის, ხელახლა დაათვლევინოს უთანხმოების გამომწვევი ხმები


ირანელი ამომრჩეველი ხმის მიცემისას
ირანელი ამომრჩეველი ხმის მიცემისას
ირანის “გუშაგთა საბჭომ” გამოთქვა მზადყოფნა, ხელახლა იქნეს დათვლილი 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებში მიცემული ხმების ნაწილი. ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც თეირანში გუშინ გამართულ დემონსტრაციაზე ასიათასობით ადამიანმა გამოთქვა პროტესტი არჩევნებში გამარჯვებულად - მოქმედი პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამოცხადების გამო. გუშინვე 7 დემონსტრანტი იქნა მოკლული. “გუშაგთა საბჭოს” ყოველ და, მაშასადამე, დღევანდელ განცხადებასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისლამურ რესპუბლიკაში მისი დიდი გავლენის გამო. “გუშაგთა საბჭო” არის 12-წევრიანი ორგანოს, რომლის შემადგენლობასაც დიდწილად განსაზღვრავს ისლამური რესპუბლიკის სასულიერო ლიდერი და რომელსაც კონსტიტუციის ინტერპრეტაცია, არჩევნების მეთვალყურეობა და პრეზიდენტობის, ისევე როგორც პარლამენტარობის კანდიდატთა დამტკიცება ევალება.

ისლამური რესპუბლიკის “გუშაგთა საბჭოს” წარმომადგენელ აბას ალი კადხოდაის განცხადებით, საბჭო მზად არის ხელახლა დაითვალოს ხმები უთანხმოების გამომწვევი საარჩევნო ყუთებიდან იმ კანდიდატთა წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ. კადხოდაის თქმით, იუწყება ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო, ხელახლა დათვლამ, შესაძლებელია, გარკვეული ცვლილება შეიტანოს არჩევნების შედეგში.

ამ ცნობას ოპოზიციის დადებითი რეაქცია არ მოჰყოლია. საინფორმაციო სააგენტო “როიტერსი” ავრცელებს პრეზიდენტობის დამარცხებულ, რეფორმისტ კანდიდატებთან, მირ ჰოსეინ მუსავისთან და მეჰდი კარუბისთან დაახლოებული პირის განცხადებას, რომ ორ კანდიდატს ხელახალი არჩევნები სურს და არა რამდენიმე საარჩევნო ყუთის ხელახლა დათვლა.

მუსავი, რომელმაც 12 ივნისის არჩევნებში აჰმადინეჟადის 62 პროცენტით გამარჯვებას “ფარსი” უწოდა, არჩევნების შედეგის გაუქმებას მოითხოვს, ხოლო კარუბი უარს ამბობს ირანის პრეზიდენტად აჰმადინეჟადის აღიარებაზე. ორივემ შეიტანა საჩივარი “გუშაგთა საბჭოში”.

“გუშაგთა საბჭოს” გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც დღეს გახდა ცნობილი, მოჰყვა ყველაზე მრავალრიცხოვან დემონსტრაციას, რაც კი ირანში გამართულა 1979 წლის რევოლუციის შემდეგ. თვითმხილველების და მედიის ინფორმაციით, თეირანში მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო სვლაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგით უკმაყოფილებისა და პრეზიდენტობის კანდიდატ მუსავის მიმართ მხარდაჭერის გამოსათქმელად. თვით მუსავიმ ორშაბათის დემონსტრაციაზე გამოსვლისას გამოთქვა მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში. მანვე გააუქმა სამშაბათისთვის დაგეგმილი საპროტესტო აქცია ინფორმაციის გამო, რომ ხელისუფლება ისევ აპირებდა ძალის გამოყენებას მას შემდეგ, რაც წინა დღეს 7 დემონსტრანტი მოკლეს ისლამური მილიციის - “ბასიჯის” - წევრებმა.

თვითმხილველები როგორც ამბობენ, ბასიჯელებმა სროლა დაიწყეს მას შემდეგ, რაც რამდენიმე დემონსტრანტმა იერიში მიიტანა “ბასიჯის” ერთ-ერთ ობიექტზე. ჩვენი რადიოს ირანულ სამსახურს უამბო ერთ-ერთმა თვითმხილველმა, როგორ დაჭრეს მისი ძმა: ერთად მივდიოდით და დავინახე რომ არეულობა იყო. ბასიჯელებმა ისროლს, ჩემი ძმა, რომელიც 15 წლისაა თირკმელში დაიჭრაო.

ჩვენმა რადიომ თვითმხილველებისაგან შეიტყო ისიც, რომ ბევრი ირანელი საღამო ხანს სახლის სახურავზე ადის და მუსავის მიმართ მხარდაჭერას შეძახილებით გამოხატავს. როგორც ქალაქ კარაჯის ერთ-ერთმა მკვიდრმა გვითხრა, ხშირად ისმის ასევე შეძახილები “დიდი არს ალაჰი” (ალაჰ აკბარ).
ბოლო სამი დღის მანძილზე საპროტესტო აქციები გაიმართა ირანის სხვა დიდ ქალაქებშიც, მათ შორის შირაზში, თაბრიზში, აჰვაზში. გავრცელებული ინფორმაციით, დაპატიმრებულია 150-ზე მეტი ადამიანი. უფლებადამცავი ორგანიზაცია “ამნესტი ინტერნეიშენალი” შიშობს, რომ დაპატიმრებულებს წამების საფრთხე ემუქრებათ. ხოლო ორგანიზაცია “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” იუწყება მედიის შევიწროვების შესახებ: ამ წყაროს ცნობით, 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ირანში 11 ჟურნალისტი დააპატიმრეს, გარდა ამისა, ნაწილობრივ გათიშულია მობილური სატელეფონო კავშირი.
XS
SM
MD
LG