Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში გაეროს სამეთვალყურეო მისია საქმიანობას წყვეტს


გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა

რუსეთმა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ორი კვირით გაუგრძელებდა ვადას აფხაზეთში გაეროს სამეთვალყურეო მისიას. ამრიგად, 15 ივნისს, ღამის 12 საათზე, საქმიანობა ოფიციალურად შეწყვიტა მისიამ, რომელიც აფხაზეთში 1993 წლიდან მოქმედებდა. რეზოლუციას, რომელიც ერთობლივად შეიმუშავეს შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, თურქეთმა, ავსტრიამ და ხორვატიამ, უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან მხარი დაუჭირა ათმა (ავსტრიამ, აშშ-მა, ბურკინა ფასომ, დიდმა ბრიტანეთმა, თურქეთმა, იაპონიამ, კოსტა რიკამ, მექსიკამ, საფრანგეთმა და ხორვატიამ), ხოლო ოთხმა (ვიეტნამმა, ლიბიამ, უგანდამ და ჩინეთმა) - თავი შეიკავა.

მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაეროს უშიშროების საბჭოს სამეთვალყურეო მისიისთვის მანდატის გაგრძელებისკენ მოუწოდა - ისე, რომ ეს რეგიონი დოკუმენტში საქართველოს ნაწილად ყოფილიყო მოხსენიებული.

ვიტალი ჩურკინი

გაეროში რუსეთის მისიამ, ორშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში, უშიშროების საბჭოს ასეთივე მოწოდებით მიმართა, ოღონდ "ახალი რეალობის" გათვალისწინებით; ანუ, მოსკოვის აზრით, დოკუმენტში საუბარი არ უნდა ყოფილიყო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ან არც გაეროს უშიშროების საბჭოს იმ რეზოლუციებზე, რომლებშიც აფხაზეთი საქართველოს ნაწილად იყო მოხსენიებული.

რეზოლუციის პროექტს, "მიუღებელი" უწოდა გაეროში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა, რომლის თქმით, აზრი არა აქვს მანდატის ვადის გაგრძელებას ისეთი მისიისთვის, რომელიც "ძველ რეალობას" ემყარება.

აფხაზეთში გაეროს მისიაში 129 მშვიდობისდამცველი და 16 პოლიციელი მსახურობდა.

XS
SM
MD
LG