Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


კი, პარლამენტის სხდომები პარლამენტის შენობაში ვერ იმართებოდა, ასევე ვერ იმართებოდა საკრებულოს სხდომებიც, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, რომ ქვეყანას პარლამენტი და საკრებულოები კი არა, რამდენიმე პერსონა მართავს. მათთვის ხელშემშლელი პარლამენტის შენობის პიკეტირება ნამდვილად ვერ იქნება”, - უთხრა გაზეთს შალვა ფიჩხაძემ. კვირის ბოლოს პრესა უკვე პარლამენტის შენობაში შემდგარ სხდომასა და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე წერდა.

“დღეს ოპოზიციისთვის დიდი დღეა. დღეს აქციების დაწყებიდან ორი თვე სრულდება, - წერდა 9 ივნისს ”ახალი თაობა”. –ამ თარიღის აღსანიშნავად ოპოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოაწყობს აქციას. შსს-ს წინ პიკეტის მოსაწყობად ოპოზიცია დიდი მონდომებით ემზადება. ოპოზიციის ლიდერები გვპირდებიან, რომ ეს არნახული აქცია იქნება”, - წერდა “ახალი თაობა” სტატიაში, სათაურით ”სააკაშვილის საქმე წასულია”.

მომდევნო დღიდან კი ქართული პრესა არკვევდა, ვინ არის და რატომ ჩამოდის საქართველოში ფილიპ გორდონი.
”რეზონანსი” წერდა: “ფილიპ გორდონი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შესრულებას 15 მაისიდან შეუდგა. ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას იყო სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი, სადაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ნატოს 50-ე სამიტზე ალიანსის პოლიტიკის განვითარებისა და კოორდინირების მიღწევაში. პარალელურად აწარმოებდა კვლევებს ლონდონის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტში. არის ევროპული კვლევების დოქტორისა და მაგისტრის ხარისხის მფლობელი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში და ფრანგულისა და ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხის მფლობელი ოჰაიოს უნივერსიტეტში” და ასე შემდეგ... გაზეთი სხვა დეტალებსაც გვაწვდის ფილიპ გორდონის ბიოგრაფიიდან.

”რეზონანსი” ასევე წერს, რომ პოლიტოლოგ არჩილ გეგეშიძის აზრით, ”ამ ეტაპზე აშშ-ის ადმინისტრაციიდან ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირის ვიზიტი მნიშვნელოვანია როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით. თუკი შარშანდელ ვითარებას გავითვალისწინებთ, აგვისტოს ომს წინ უძღოდა საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი. მართალია, ამ ვიზიტისას ხმამაღლა არ გაკეთებულა განცხადებები, რომ რაისი ამ საფრთხის გამო ჩამოვიდა საქართველოში, მაგრამ დღეს უკვე ღიად საუბრობენ, რომ ეს ვიზიტი სწორედ შესაძლო სამხედრო ქმედებების თავიდან აცილების საკითხს უკავშირდებოდა. თბილისში ჩნდება კითხვები, უკავშირდება თუ არა გორდონის ვიზიტი მოსალოდნელ სამხედრო საფრთხეს”, - წერდა გაზეთი.


შუა კვირიდან პრესა პრეზიდენტისა და ლევან გაჩეჩილაძის მოულოდნელ შეხვედრას აანალიზებდა. “ოცდაათამდე პატიმარი გათავისუფლდება - ეს ერთადერთი კონკრეტული შედეგია, რითაც სააკაშვილ-გაჩეჩილაძის შეხვედრა დასრულდა. თუმცა გაჩეჩილაძემ ჯერჯერობით ამის მხოლოდ დაპირება მიიღო”, - წერდა “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ”რა გამოიტანა გაჩეჩილაძემ”.

გაზეთი ყველა სიახლე კი წერდა: “პრეზიდენტისა და ლევან გაჩეჩილაძის სამსაათიანი შეხვედრიდან გამოსულმა გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი მისგან განსხვავებულად აღიქვამს ქვეყანაში შექმნილ რეალობას და იქვე დასძინა: პრეზიდენტს ვუთხარი, რომ მერის თანამდებობა ან ის, მე წავალ თუ არა პოლიტიკიდან, შექმნილ კრიზისს ვერ განმუხტავს, ამას მხოლოდ ხელისუფლების შეცვლა თუ უშველის-მეთქი”, - წერს “ყველა სიახლე” და განაგრძობს: “ამ განცხადებისთანავე გაჩნდა მოსაზრება, რომ პრეზიდენტმა გაჩეჩილაძეს ქალაქის მერის თანამდებობა კიდევ ერთხელ შესთავაზა. მოგეხსენებათ, ოპოზიციის ლიდერებისა და პრეზიდენტის პირველი შეხვედრის დეტალებზე საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი გაჩეჩილაძეს თბილისის მერობას სთავაზობდა. კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, შავნაბადაზე გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა თავისი უახლოესი გარემოცვის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ აგვისტოს შემდეგ მას განსაკუთრებულ პრობლემებს უქმნის გიგი უგულავა”, - ვკითხულობთ პუბლიკაციაში, სათაურით ”რას უპირებს მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას?”

შაბათს ”ალიას” მთავარი პუბლიკაციის სათური კი ამგვარია:”სააკაშვილსა და მერაბიშვილს შორის ომი დაიწყო?! ” - კითხვა-ძახილის ნიშანი. როგორ პასუხობს ამ კითხვას გაზეთი, შაბათის პუბლიკაციიდან შეიტყობთ.

”რეზონანსი” კი შაბათს რუსეთთან ომის განახლების საფრთხეს უბრუნდება. ,,როდესაც მტრის ჯარი თბილისიდან 35 კილომეტრში დგას, საფრთხე სავსებით რეალური ხდება და თუ ამას ჩვენს ქვეყანაში - განსაკუთრებით კი დედაქალაქში - უკიდურესად გამძაფრებულ პოლიტიკურ კრიზისს დავუმატებთ, დავინახავთ, რომ სიტუაცია საკმაოდ სერიოზულია, - წერს გაზეთი და ამ პრობლემებზე ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრება.

ლევან გაჩეჩილაძემ კი შაბათის ნომერში ”ახალ თაობას” უთხრა: “რუსეთი, როგორც ბუა, მოვლინებულია პროპაგანდისტულად, ამდენად, სახალხო ნაბიჯების გადადგმის შეუძლებლობა იქმნება. ეს არის ძალიან ცნობილი პროპაგანდისტული ტექნოლოგია. ამის ფონზე ამბობენ, რომ არ დანიშნავენ არჩევნებს, რადგან რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს. მეორე მხრივ კი, საქართველოში არ დარჩა არც ერთი ინფრასტრუქტურა, სტრატეგიული ობიექტი, რომელიც რუსეთის კაპიტალის ხელში არ ჩავარდა. პუტინისა და სააკაშვილის ინტერესები ერთი ერთში ემთხვევა. ჩვენ ამ პროპაგანდაზე ზევით უნდა დავდგეთ. ჩვენი გაუტეხლობა ნიშნავს ამ ყველაფერზე მაღლა დადგომას. ჩვენი იარაღი რუსთაველის გამზირია. პარლამენტის შესასვლელებია ჩვენი იარაღი. სხვა იარაღი არ გვაქვს. სხვანაირად პუტინისა და სააკაშვილის ინტერესებს ვერ დავამსხვრევთ. ამის დამსხვრევა ციხეებში მოხვედრით ხდება; ბოლოს, ჩვენი ციხეში მოხვედრით ხდება და ასე იშლება ეს ავტორიტარიზმი და ურჩხულიზაცია” - ასეთი უცნაური განცხადება გააკეთა ლევან გაჩეჩილაძემო”, - წერს შაბათის ”ახალი თაობა”. პუბლიკაცია პარასკევს პარლამენტის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეძღვნებოდა.





XS
SM
MD
LG