Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ჯანმრთელობის იაფი დაზღვევის პროგრამა რეგიონებშიც ჩავარდა


ჯანდაცვის ხელმისაწვდომი, იაფი დაზღვევის პროგრამის დასრულებამდე ოციოდე დღე რჩება. წინასწარი გათვლებით, პროგრამის მოქმედების 4 თვის განმავლობაში 500 000-მდე ადამიანი უნდა დაზღვეულიყო, თუმცა, ბოლო მონაცემებით, დაზღვევა მხოლოდ 3,5 პროცენტითაა შესრულებული.

მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევის წლიური ღირებულება ბენეფიციარისთვის მხოლოდ 19 ლარი და 80 თეთრია, ხოლო დაზღვევის პროცედურა ძალიან მარტივი, მოსახლეობა სადაზღვევო პაკეტის პირობებით უკმაყოფილოა. პაკეტი, ძირითადად, გადაუდებელ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებას ანაზღაურებს. იაფი დაზღვევის პროგრამის შესრულების მდგომარეობის შესახებ ჩვენი რეგიონალური კორესპონდენტები ისაუბრებენ.



ნინო ღაჭავა, ქუთაისი

იაფი დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საკუთარი ჯანმრთელობა 3 ათასამდე იმერელმა დააზღვია. აქედან უმრავლესობა ქუთაისის მცხოვრებია.მოქალაქეთა ნაკლებ აქტიურობას სადაზღვევო კომპანიის „ირაოს“ წარმომადგენელი გიორგი კუხიანიძე ორი მიზეზით ხსნის. მისი თქმით, მოსახლეობამდე უფრო მეტი ინფორმაციის მიტანაა აუცილებელი. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ, რამდენიმესულიანი ოჯახების შემთხვევაში, თანხა დიდია, რასაც მოქალაქე ვერ იხდის ან ვერ იმეტებს.

იმერეთის ვიცე-გუბერნატორის ლაშა კილაძის აზრით, იაფი დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მეტი ადამიანი დაეზღვეოდა, სადაზღვევო კომპანიებს რომ ეაქტიურათ.

გიორგი კუხიანიძე ვიცე-გუბერნატორის მოსაზრებას არ იზიარებს. ის ამბობს, რომ „ირაომ“ ბენეფიციარების მოსაზიდად ყველა რესურსი გამოიყენა, რაც გააჩნდა.

თავად მოქალაქეები, რომლებმაც იაფი დაზღვევით არ ისარგებლეს, ამბობენ, რომ სახელმწიფო პროგრამა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებებს აფინანსებს, მათ კი გეგმიური ოპერაციები, მედიკამენტებზე ფასდაკლება და სტომატოლოგის მომსახურება აინტერესებთ.

მოქალაქეების პრეტენზიებს ხელისუფლების წარმომადგენლები არ ეხმაურებიან, სადაზღვევო კომპანიები კი მათ, იაფი დაზღვევის პაკეტთან ერთად, დამატებით პირობებს სთავაზობენ, თუმცა ბენეფიციართა მოთხოვნებს ვერც სადაზღვევო კომპანიების მიერ შეთავაზებული პაკეტი პასუხობს. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საჭიროა მოსახლეობამდე მეტი ინფორმაციის მიტანა და რეგისტრაციის ერთი თვით გაგრძელება.



გოგა აფციაური, გორი

შიდა ქართლში იაფი დაზღვევის პროგრამა ჩავარდნის პირასაა. რეგიონში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 300 000 კაცს შეადგენს, მხოლოდ 680-ია დაზღვეული; კასპის რაიონში ამ დრომდე არც ერთი ადამიანი არ დაზღვეულა. შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელი მალხაზ მირუაშვილი ამის მიზეზს ვერ ხსნის. მისი განცხადებით, ხელისუფლება იაფი დაზღვევის პროგრამის პოპულარიზაციისა და მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ინტერესი მაინც დაბალია.

რადიო თავისუფლების მიერ ქუჩაში გამოკითხული ადამიანებიდან იაფი დაზღვევის არსებობის შესახებ ყველამ იცოდა, თუმცა ვერ ხსნიდნენ, თუ რატომ არ უჩნდებოდათ დაზღვევის სურვილი.

რესპუბლიკური პარტიის გორის ორგანიზაციის თავმჯდომარის დავით რაზმაძის აზრით, დაზღვევისადმი მოსახლეობის გულგრილობა ხელისუფლების მიმართ უნდობლობით არის გამოწვეული. რაზმაძე იაფ დაზღვევას ფოჩიან კანფეტს უწოდებს, რომლითაც ვერც მოსახლეობა, ვერც სადაზღვევო კომპანიები და ვერც სამედიცინო დაწესებულებები ვერ სარგებლობენ.

ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იაფი დაზღვევის პროგრამა 30 ივნისამდე გააგრძელოს, თუმცა სამხარეო ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ ამ თარიღმა კიდევ უფრო შორს გადაიწიოს.



დავით მჭედლიძე, რუსთავი

სადაზღვევო კომპანია ”ჯი-პი -აი ჰოლდინგის” რუსთავის ოფისი ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედნის მიმდებარე შენობის პირველ სართულზე, ერთ საშუალო ზომის ოთახშია განთავსებული.

იაფ დაზღვევასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად სწორედ ამ ოფისს მივაკითხე.

ოფისში ორი თანამშრომელი დამხვდა, რომლებიც კლიენტებს ესაუბრებოდნენ.

ერთ-ერთმა, თემურ ცინცაძემ, რომელიც მოგვიანებით ”ჯი-პი-აი ჰოლდინგის” ქვემო ქართლის კოორდინატორად გამეცნო, იქვე სკამი შემომთავაზა და მოცდა მთხოვა - ჯერ კლიენტს გავისტუმრებო.

ჩემდაუნებურად, მისი და კლიენტის საუბრის მოწმე გავხდი. თემურ ცინცაძე ასე, შუა ხნის მამაკაცს რუსულ ენაზე იაფი დაზღვევის დეტალებს მონდომებით განუმარტავდა და თან დაზღვევის ბლანკზე კლიენტის მონაცემები შეჰქონდა, თუმცა ამაოდ. როცა სტუმარმა გაიგო, რომ მთლიანი სადაზღვევო თანხა -19 ლარი და 80 თეთრი - ერთბაშად უნდა გადაეხადა, ბოდიში მოიხადა და კომპანიის თანამშრომელს მიუგო, ორ კვირაში პენსიას ავიღებ და მაშინ დავეზღვევიო.

სტუმარს, იური აივაზოვს, ოფისიდან გასვლის შემდეგ გავესაუბრე.

„რატომღაც მეგონა, რომ სადაზღვევო თანხა - 1, 60 ლარი - ყოველთვიურად უნდა გადამეხადა, მაგრამ აქ რომ მოვედი, ჩემთვის მოულოდნელად, აღმოჩნდა, რომ სადაზღვევო თანხა ერთბაშად უნდა შემეტანა. თითქოს დიდი თანხა არ არის, მაგრამ ჩვენი ოჯახისთვის დიდი ფულია“, განაცხა იური აივაზოვმა.

თემურ ცინცაძე ამბობს, რომ მისმა კომპანიამ დღემდე მხოლოდ 380 ადამიანზე გასცა იაფი დაზღვევის პოლისი, რაც, მისი თქმით, ძალიან მცირეა.

ცინცაძის აზრით, რამდენიმე მიზეზი არსებობს იმისა, რომ მოსახლეობაში იაფი დაზღვევის პროგრამა ესოდენ არაპოპულარულია.

ერთ-ერთი, რაღა თქმა უნდა, მოსახლეობის არაინფორმირებულობაა, მეორე - სადაზღვევო სისტემის მიმართ უნდობლობა.

იაფი დაზღვევის პოლისები მცირე რაოდენობით გასცა სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ“-ის რუსთავის ფილიალმაც.

ფილიალის ხელმძღვანელის დავით ანთოშვილის თქმით, დაზღვეულთა ასეთი სიმცირე, ალბათ, იმის ბრალია, რომ სადაზღვევო თანხა ერთბაშად არის შესატანი, ან ეს თანხა დაზღვევის მსურველებს სულაც არა აქვთ.

თუმცა ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს ქვემო ქართლის განყოფილების ხელმძღვანელი თამაზ ბაწელაშვილი ამბობს, რომ სადაზღვევო კომპანიები არ არიან დაინტერესებულნი იაფი დაზღვევის პროგრამით, რადგან ეს პროგრამა მათთვის წამგებიანია - მოსალოდნელი ხარჯი სავარაუდო შემოსავალს სჭარბობს.



მაია იველაშვილი, სამცხე-ჯავახეთი

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მოსახლეობას იაფი პროგრამის ფარგლებში შეუძლია დაეზღვიოს. წელიწადში 20 ლარის გადახდა არცთუ ისე ძვირია, მაგრამ მისი სანდოობა და შემოთავაზებული პირობები ახალციხის მოსახლეობისათვის საეჭვოა.

შესაბამისად, საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებაქტიური სამცხე-ჯავახეთია. ახალციხეში რომ უფრო მეტად სოფლის მოსახლეობა ეზღვევა, ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია ”იმედი-ელშიც” საუბრობენ. სამედიცინო კოორდინატორი დემურ ფოცხვერაშვილი ამბობს, რომ, მისდა გასაკვირად, ამ პროგრამას საზოგადოება გაურბის:

“ძირითადად ის ხალხი მოდის, ვისაც ქრონიკული დაავადება აწუხებს, რასაც ეს პროგრამა არ ითვალისწინებს. ეს პროგრამა მხოლოდ გადაუდებელ და სასწრაფო შემთხვევებს ითვალისწინებს. შესანიშნავი პროგრამაა, ასპინძაში გამგებელი წაგვეხმარა, იაქტიურა - ძალდატანებით კი არა, აგიტაცია გასწია და დაეზღვია ასპინძის მოსახლეობა.”

ეს არის პრეზიდენტის პროგრამა და ხალხი უნდა დაეზღვიოს – მიაჩნიათ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებს. სამცხე-ჯავახეთში კი სულ სამი კომპანია მუშაობს – ”იმედი-ელი”, ”ტაო-პრივატ-ბანკი” და ”ჯიპიაი-ჰოლდინგი”. სამხარეო ადმინისტრაციის ბოლო მონაცემებით, რეგიონში ამ დროისათვის იაფი პროგრამის ფარგლებში 1 400–მდე ადამიანია მხოლოდ დაზღვეული. პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე ზაზა კიკნაველიძე იმედოვნებს, რომ დაზღვეულთა რაოდენობა სამცხე-ჯავახეთშიც გაიზრდება:

“ცოტა შეფერხებით მიდის მუშაობა, იმიტომ რომ თავიდან სადაზღვევო კომპანიები ვერ გაერკვნენ სიტუაციაში, თუმცა იმედია, რომ დაზღვეულთა რაოდენობა მალე აიწევს.”

სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის იაფი დაზღვევა მანამ გაგრძელდება, ვიდრე ყოველი ადამიანი სადაზღვევო კომპანიას არ მიმართავს.

  • 16x9 Image

    გოგა აფციაური

    გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.

  • 16x9 Image

    ნონა მჭედლიშვილი

    ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.

     

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG