Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიზმარი დედაზე, ანუ ერთი დღე წყნეთის ბავშვთა სახლში


წყნეთის ბავშვთა სახლში რომ მივედით, წვიმდა. იქ ხშირად წვიმს, თუმცა სახლის 105 აღსაზრდელი ასეთ კლიმატს მიჩვეულია. სადილი დამთავრებულია და ბავშვების ნაწილი ეზოში დარბის. ბიჭები სველ მინდორზე ბურთს თამაშობენ. მათ სტუმრები განსაკუთრებულად უყვართ. მაშინვე ფეხზე წამოცვივდებიან, შემოგეხვევიან და ერთხმად გესალმებიან. მზად არიან, ლექსი წაგიკითხონ ან გიცეკვონ და აუცილებლად, აუცილებლად გითხრან საკუთარი სახელი. აი ისინიც: ლევანი, მარი, გიორგი, ნინო, ომარი, ნიკა, კუკური, დიმიტრი...

ბავშვები ექვს კოტეჯში ცხოვრობენ. თითოში 15-დან 20-მდე აღსაზრდელია. “სახლში წავედი” - ამბობენ ისინი, როდესაც მეცადინეობას ან თამაშს მორჩებიან ხოლმე. სახლის დირექტორი მირანდა მუმლაძე გვეუბნება, რომ დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმა, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის, გულისხმობს ბავშვთა სახლების მიმსგავსებას ოჯახური ტიპის გარემოსთან. წყნეთის ბავშთა სახლი კი, კოტეჯური სისტემით, ამ გარემოს ჰგავს. იდეალურ პირობებამდე ძალიან ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ სოციალურად გაჭირვებული ოჯახების ბავშვებს აქ უვლიან, აცმევენ, ასწავლიან.

წყნეთის ბავშვთა სახლი
please wait

No media source currently available

0:00 0:03:04 0:00


დირექტორი ამბობს, რომ სწორედ ამ მიზეზით, ხშირად არც ისე ტრაგიკულია ბავშვთა სახლში შვილების წაყვანის გადაწყვეტილება: “ბავშვს უნდა ჰქონდეს თავისი სათამაშო ოთახი, თავისი საძინებელი”, - გვიხსნის მირანდა მუმლაძე. – “მრავალშვილიანი ოჯახის პრინციპით უნდა ცხოვრობდნენ ისინი ბავშვთა სახლში. ჩვენთან არიან ისეთი ოჯახის შვილები, ვისაც სოციალურად ძალიან უჭირს, მათ შორის - არაჩვეულებრივი მშობლები. ისინი მოდიან პარასკევს, ზოგს, ვისაც შეუძლია, მიჰყავს ბავშვები სახლში, მაგრამ მათ არა აქვთ იმის საშუალება, რომ შვილები სკოლაში ატარონ, წიგნი ან რვეული უყიდონ. ამიტომ ხშირ შემთხვევაში აქ მოყვანის გადაწყვეტილება, შესაძლოა, არც ისე ტრაგიკული იყოს, რადგან აქ ბავშვის მომავლისთვის ძალიან ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს.”

ერთ-ერთი კოტეჯის კარი იღება. ჩვენი გიდი აქ პატარა მარიამია: ის სხვადასხვა ოთახებს და ერთი ციდა საწოლებით სავსე საძინებლებს გვაჩვენებს: “აქ ვმეცადინეობთ და ვწერთ”, - გვიხსნის მარიამი. – “აქ ტელევიზორს ვუყურებთ, აქ სამზარეულოა. აქ გვძინავს.”

ლიკა ბავშვთა სახლში თითქმის ყველა ბიჭს უყვარს. ის მღერის, ცეკვავს, მოკლედ, აქაურობის პატარა პრინცესაა. ახლაც ის ჩვენთვის გალაკტიონის ლექსს - “ქარი ქრის” - კითხულობს. ლექსის თქმა ყველას უნდა, თან არტისტულად, მთელი გრძნობებით კითხულობენ.

ზოგს პოლიციელობა უნდა, ზოგს პირამიდების ნახვა დაუსახავს მიზნად. მათი სურვილები განსხვავდება ერთმანეთისგან:
“მინდა ეგვიპტეში წავიდე.”
“ბალერინა მინდა გავხდე.”
“მე - მხატვარი.”
“მე - ჟურნალისტი.”
“მე მინდა, ლელა წურწუმიას შევხვდე.”
“მე მინდა, საქართველო გადარჩეს და ყველა ბედნიერად ცხოვრობდეს.”
“მე მინდა, პოლიციელი გამოვიდე, პოლიციელი წესრიგს იცავს.”
“მე ჯარისკაცობა მინდა - ომში წავალ, ვიჩხუბებ.”

ერთმანეთისგან განსხვავდება მათი სიზმრებიც. ზოგი ისეთი სევდიანია, მათი თხრობა თვადაც უჭირთ, ზოგიც - პირიქით:

სიზმარი დედაზე:

- მე დამესიზმრა, რომ დედაჩემი ციხიდან გამოვიდა და ჩემს ძმასთან და დედასთან ერთად რუსეთში წავედი. შემპირდა...
- როგორია შენი დედა?
- ლამაზია...

დიმიტრის ძალიან უნდა ჟურნალისტობა. ბავშვთა სახლის კედლებში “კურიერობანასაც” კი თამაშობენ. დიმიტრი წამყვანია. საერთოდ, ტექსტებს წინასწარ წერს ხოლმე, ახლა კი ჩვენთვის ექსკლუზიურად უძღვება პროგრამას უცებ მოგონილი ამბებით...

ბავშვთა სახლში ბევრი პრობლემაა, ყველას ვერც ჩამოთვლი. მირანდა მუმლაძე მხოლოდ რამდენიმეზე საუბრობს: “მაგალითად, ჩვენ გვჭირდება სტადიონი. მიუხედავად იმისა, რომ აქ ახლოს არის სათამაშო მოედანი, სადაც ბავშვები მიდიან ხოლმე, ის ბავშვთა სახლს არ ეკუთვნის და ჩვენებს სხვა ბავშვებთან ხშირად კონფლიქტიც მოსდით.”

ჩვენ კი მომღერლებთან გადავინაცვლეთ. უნდა ნახოთ, როგორი მონდომებით ასრულებენ სხვადასხვა ჟანრის სიმღერებს.

მაგრამ ხანდახან ასეთი მხიარულების დროსაც შეიძლება, ერთ-ერთმა იტიროს. ეს სევდა მათ სულ ეტყობათ. როგორც 12 წლის ირინა გარსევანიძეს: “მამა ახლა ცხვარშია”, - ამბობს ირინა. – “კახეთში ცხოვრობს, ალვანში. მალე მოვა ალბათ. დედა კი ლოგინადაა ჩავარდნილი და ვერ მოდის. მენატრება ხოლმე, ღამით ვტირი, მაგრამ ჩემი მეგობრები მამშვიდებენ. სამი წლიდან აქ ვარ. ყველაფერი მახსოვს, დედამ ხელში როგორ ამიყვანა, როგორ მოვდიოდი გზაში, ავტობუსში რომ ვიჯექი. ყველაფერი.”

სხვა მხრივ კი ირინას წყნეთის ბავშვთა სახლში ყოფნა მოსწონს. კვება აქ ოთხჯერადია. აქვს წიგნები და რვეულები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

ჯერჯერობით თითქოს ყველაფერი კარგადაა. ასე გაგრძელდება 18 წლამდე. შემდეგ ამ ბავშვების უმრავლესობის ბედი გაურკვეველი ხდება. სახელმწიფო სხვა სპეციალურ პროგრამებს ვერ ახორციელებს. ვისაც სახლი აქვს, იქ დაბრუნდება და თავის დამკვიდრებას შეეცდება, ვისაც არა - მათი ბედი გაურკვეველია. ისევე, როგორც, მაგალითად, დიმიტრი ოსკანოვისა, რომლის დედაც სასჯელს იხდის. დიმიტრი 12 წლისაა. მას სახლი არა აქვს. როცა დედა ციხიდან გამოვა, ის 24 წლის იქნება...

რა იქნება ხუთი ან ათი წლის შემდეგ, ბავშვები ახლა ამაზე ვერ ფიქრობენ. ისინი ჩვეულებრივი ბავშვები არიან. გვთხოვენ, ისევ დავბრუნდეთ და, როგორც თავად ამბობენ, რადიო თავისუფლებას ბოლო სიმღერას ჩუქნიან...

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG