კინოფილმ "ექიმ ჟივაგო"-ში საყოველთაოდ ცნობილმა ”ლარას თემამ” იმდენად ღრმად შეაღწია პასტერნაკის რომანის ქსოვილში, რომ, გარკვეუწილად, ამ შესანიშნავი ნაწარმოების სიმბოლოდაც იქცა. სამწუხაროდ, როგორც ხდება ხოლმე, ბევრ კინომოყვარულს არც კი ახსოვს ამ პოპულარული საუნდტრეკის ავტორის ვინაობა. არადა, ფრანგული წარმოშობის ცნობილი ჰოლივუდელი კომპოზიტორის მორის ჟარის კალამს ეკუთვნის აგრეთვე მუსიკა კიდევ 161 ფილმისთვის, რომელთა შორისაა: ”ლორენს არაბი”, ”მზის სხივის გემო”, ”შუაღამის კოვბოი”, ”მოგზაურობა ინდოეთში”, სერიალი ”იესო ნაზარეველი” და სხვა. ამ სიაში შედის ჩემი საყვარელი ფილმიც, ”რაიანის ქალიშვილი”, რომელიც დევიდ ლინმა დადგა. მთავარ როლს იქ გამოჩენილი ინგლისელი მსახიობი სარა მაილსი თამაშობს. ფილმში ცალკე ეპიზოდებად ჩართულია მუსიკალური უვერტიურა და მუსიკალური ანტრაქტი. უნდა ითქვას, რომ თავისი გრძელი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე მორის ჟარი აქტიურად თანამშრომლობდა კინემატოგრაფის ისეთ მეტრებთან, როგორებიც იყვნენ ალფრედ ჰიჩკოკი, ჯონ ჰიუსტონი, ლუკინო ვისკონტი, ელია კაზანი, რენე კლემანი და სხვანი. გარდა ამისა, კომპოზიტორი წერდა მუსიკას თეატრალური და საბალეტო წარმოდგენებისთვის, სატელევიზიო დადგმებისათვის. მორის ჟარის მოღვაწეობამ კინოხელოვნებაში მას ცხრა ”ოსკარი”, ათი ”ოქროს გლობუსი”, ერთი ”გრემი”, ბრიტანული აკადემიის ორი ჯილდო მოუტანა. ბოლო მათგანი, სტატუეტი ”საპატიო ოქროს დათვი”, კოპოზიტორმა თებერვალში, ბერლინის კინოფესტივალ ”ბერლინალეზე” მიიღო. ”ბერლინალეს” ხელმძღვანელმა დიტერ კოსლიკმა მაშინ განაცხადა: ”ის, ვინც წერს საუნდტრეკებს ფილმებისთვის, როგორც წესი, რეჟოსორებისა და მსახიობების ჩრდილში რჩებიან. მათგან განსხვავებით, მორის ჟარი სამუდამოდ დაიმკვიდრებს ადგილს კინოს ისტორიაში”. მასმედიის ინფორმაციით, ბოლო წლებში კომპოზიტორი მძიმე სენით, კიბოთი, იყო დაავადებული და ძალიან იტანჯებოდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დიდ მორალურ მხარდაჭერას მას ვაჟიშვილი, აგრეთვე ცნობილი კომპოზიტორი, ელექტრონული მუსიკის პიონერი, ჟან-მიშელი უწევდა. მორის ჟარი ამა წლის 30 მარტს, საღამოს, ლოს-ანჟელესში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მორის ალექსის ჟარი 1924 წლის 13 სექტემბერს ლიონში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები წარმოშობით რუსეთიდან იყვნენ. სწავლა მომავალმა კომპოზიტორმა ლიონის უნივერსიტეტსა და სორბონაში დაიწყო, სადაც ინჟინერ-ელექტრიკოსის პროფესიას ეუფლებოდა, მაგრამ სულ მალე გადავიდა პარიზის კონსერვატორიაში, რომელიც დასარტყამი საკრავებისა და კომპოზიციის განხრით დაამთავრა. მეორე მსოფლიო ომის დროს მორისი ფრანგულ ჯარში მსახურობდა. დემობილიზაციის შემდეგ მან რამდენიმე წელი პარიზის ეროვნულ სახალხო თეატრში იმუშავა დირიჟორად. ერთდროულად ჟარი წერდა მუსიკას თეატრისა და ბალეტისთვის, თუმცა მსოფლიო აღიარება კომპოზიტორმა კინომუსიკით მოიპოვა. მისი დებიუტი კინოში 1951 წელს შედგა, როცა მან დაწერა საუნდტრეკი ფრანგ რეჟისორ ჟორჟ ფრანჟუს მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის ”ინვალიდთა ოტელი”. სამოციან წლებში, შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, ჟარმა დაიწყო თანამშრომლობა გამოჩენილ კინორეჟისორ დევიდ ლინთან, რასაც სამი მუსიკალური ”ოსკარით” დაჯილდოება მოჰყვა. დღესდღეობით მორის ჟარის პერსონალური ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანს ამშვენებს. მუსიკისმცოდნეები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ორმოცდაათიან წლებში სწორედ მორის ჟარმა გამოიყენა მუსიკაში, კინოკომპოზიტორთა შორის პირველმა, ელექტრონული ინსტრუმენტები. გასაკვირი არაა, რომ მისი ვაჟიშვილი, ჟან-მიშელ ჟარი, მსოფლიოში ელექტრონული მუსიკის ყველაზე ცნობილი კომპოზიტორი გახდა. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ჟარი-მამის ორმოცდაათწლიან პროფესიულ კარიერაში დიდი ადგილი ეკავა ებრაული თემების დამუშავებას. მაგალითებად შეიძლება მენაჰემ გოლანის, პოლ მაზურსკის და იშტვან საბოს ფილმები მოვიყვანოთ. საერთოდ კი, თვით კომპოზიტორმა თავისი ცხოვრება ”ერთ გრძელ საუნდტრეკად” მონათლა. ”სიკვდილის ჟამს, - ამბობდა მორის ჟარი, - ჩემს თავში გახმიანდება უკანასკნელი ვალსი, რომელსაც მხოლოდ მე მოვუსმენ”. ეს, ალბათ, სწორედ ასეც მოხდა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია - ვუსმინოთ მის შესანიშნავ ვალსს ”ექიმ ჟივაგოდან”.