Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 26 მაისი 2009


”საქართველომ შეიცვალა საზეიმო სამოსი - დამოუკიდებლობის დღეს სამხედროს ნაცვლად სამოქალაქო აღლუმი გაიმართება” - ასეთია 26 მაისის ”კომერსანტის” პუბლიკაციის სათაური. სტატიაში დაწვრილებით არის აღწერილი ოპოზიციის გეგმები. ”კომერსანტი” წერს, რომ ,,ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას მრავალ სიურპრიზს ჰპირდებოდნენ, მთავარი კი უნდა ყოფილიყო ერთიანი ოპოზიციური ლიდერის არჩევა. პარტიაში ,,დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” გვაცნობეს, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძე თანხმობას განაცხადებს, თუ მისი კანდიდატურა იქნება განხილული ოპოზიციის ერთიანი ლიდერის არჩევისას. თუმცა ერთიანობა ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეიმჩნევაო”, - წერს გაზეთი და განაგრძობს: ”გიორგი ხაინდრავამ განაცხადა, რომ, მისი ვარაუდით, ლიდერობის ყველაზე რეალური კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძეა, რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა კი საერთოდ გამორიცხა ერთიანი ლიდერის არჩევა: ,,ერთი ლიდერი ოპოზიციას არ ეყოლება”, - უთხრა მან გაზეთს. ”ჩვენი სიურპრიზი გულისხმობს საპროტესტო აქციების გაფართოებას და დროთა განმავლობაში ოპოზიციის ერთიანი ორგანოს ფორმირებას”. გაზეთი წერს, რომ, ”კომერსანტის” ინფორმაციით, ამ ორგანოს, სავარაუდოდ, ”ეროვნული გადარჩენის კომიტეტი” უნდა ეწოდოს, თუმცა მისი შექმნის საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ერთიანი ლიდერის დასახელებაზე საბოლოო გადაწყვეტილების არსებობას არც ირაკლი ალასანიას გარემოცვა ადასტურებსო, - ვკითხულობთ ”კომერსანტში”.

”იზვესტია” კი წერს, რომ ირაკლი ალასანია საკუთარ პარტიას ქმნის. ,,უახლოეს ხანში მე ვაპირებ საკუთარი პარტიის შექმნას, მაგრამ არ ვაპირებ გამოვიდე ”ალიანსიდან”. ”ალიანსი” შენარჩუნდება”, - მოჰყავს ”იზვესტიას” ირაკლი ალასანიას სიტყვები.

კიდევ ერთ პუბლიკაციაში ”იზვესტია” წერს, რომ საქართველოს ოპოზიცია ხალხის წინაშე ვალდებულებების ქარტიას მიიღებს. გაზეთი ლევან გაჩეჩილაძეს იმოწმებს. მისი თქმით, ამ დოკუმენტში წარმოდგენილი იქნება მთავარი პრინციპები, რომელთა მიხედვითაც უნდა იცხოვროს ქვეყანამ, მათ შორის არის მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა, სიტყვისა და სამოქალაქო უფლებების თავისუფლება და თავისუფალი სასამართლო. ეს ყველაფერი ის არის, რაც ახლანდელ ხელისუფლებას არ გააჩნია”, - გვითხრა ლევან გაჩეჩილაძემო, წერს ”იზვესტია”.

,,დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს ოპოზიცია პრეზიდენტის გადადგომისთვის სახალხო თავშეყრას ატარებს.” ეს უკვე ”ნეზავისიმაია გაზეტას” პუბლიკაციიდან გახლავთ. სტატია კი ასე იწყება: ,,საქართველოს პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ ორშაბათს სარჩელით მიმართა სასამართლოს პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. ამის საბაბი გახდა სააკაშვილის მრავალჯერადი ბრალდებები, რომ ბურჯანაძის ოპოზიციური საქმიანობა რუსეთიდან არის დაფინანსებული. გაზეთი წერს, რომ, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თუ ადგილობრივი ფემიდა უარს იტყვის საქმის წარმოებაზე, იგი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.

”ნეზავისიმაია გაზეტა” წერს, რომ ნინო ბურჯანაძემ არაერთხელ მიმართა სააკაშვილს მოთხოვნით, წარმოედგინა საზოგადოებისთვის მისი რუსეთიდან დაფინანსების მტკიცებულებები ან ბოდიში მოეხადა, თუ არადა, უჩივლებდა სასამართლოში. სააკაშვილი ამ გაფრთხილებების იგნორირებას ახდენდა, ბურჯანაძეს კი აქამდე რაღაც უშლიდა ხელს, რომ სასამართლომდე მისულიყოო, წერს გაზეთი და განაგრძობს:”შემთხვევითი არ არის, რომ მან ეს ორშაბათს გააკეთა, დამოუკიდებლობის დღის დამდეგს, როდესაც, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, საერთო სახალხო შეკრება იყო დაგეგმილი”, - ვკითხულობთ ”ნეზავისიმაია გაზეტაში”.
XS
SM
MD
LG