Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

რიგები „ლიბერთი ბანკთან“


პენსიონრების რიგი ”ლიბერთი ბანკის” ფილიალთან რუსთავში
პენსიონრების რიგი ”ლიბერთი ბანკის” ფილიალთან რუსთავში
„ლიბერთი ბანკს“ რუსთავში ორი ფილიალი აქვს, ორივე ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე, მეგობრობის გამზირზე მდებარეობს და ერთმანეთს სულ რაღაც 200 მეტრი აშორებს.

ორივე ფილიალთან დილაობით, ვიდრე ბანკი მუშაობას დაიწყებს, რიგი დგას ხოლმე. ასე იყო სამშაბთას, 26 მაისს, დილიდან.
„აქ ყოველთვის ასეთი რიგები დგას. დღეს შედარებით ცოტა ხალხია, მაგრამ აქ ათასობით მოდიან ხოლმე“, განუცხადა რადიო თავისუფლებას რიგში მდგომმა ერთ-ერთმა ქალბატონმა.
ხანში შესულ მამაკაცს, რომელიც რადიო თავისუფლებას გიორგის სახელით გაეცნო, ხელში ვაუჩერი ეჭირა. როგორც მან განმარტა, ის ბანკში ვაუჩერის გასანაღდებლად მივიდა.

„სასურსათო ვაუჩერია, გვიან ავიღე და ახლა აქ მოვედი. შეხედეთ, რამხელა რიგი დგას, ასე აწვალებენ ხალხს“, თქვა ბატონმა გიორგიმ, რომელმაც აქვე დასძინა, რომ ადრე მის უბანში „ლიბერთი ბანკის“ ექსპრეს-მანქანა დგებოდა და ბანკის ბენეფიციარებს იქვე ადგილზე ემსახურებოდა.

გივი მეტივიშვილი, რომელიც რუსთავში „ლიბერთი ბანკის“ ორივე ფილიალის ხელმძღვანელია, გახშირებულ რიგებს ბანკის ბენეფიციართა სიმრავლით ხსნის.

მარტო რუსთავში 18 ათასი პენსიონერია. ამას თუ დავუმატებთ დევნილებს, პედაგოგებს და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს, ფიზიკური პირების რიცხვი, რომელსაც ბანკი საბიუჯეტო კუთხით ემსახურება, 20-22 ათასს აჭარბებს.

გივი მეტივიშვილმა, რომელმაც უარი თქვა ჩართული მიკროფონის წინ საუბარზე, ასევე განაცხადა, რომ მდგომარეობა შემსუბუქდება მაისში, როცა ქვემო ქართლი დამატებით ექსპრეს-მანქანებს მიიღებს.
„ლიბერთი ბანკის“ ექსპრეს-მანქანა ეს არის სათანადო ტექნიკით აღჭურვილი მიკროავტობუსი, რომლის საშუალებით - ასე ვთქვათ, საველე პირობებში - შესაძლებელია ნებისმიერი სახის საბანკო ოპერაციის განხორციელება.

გივი მეტივიშვილის განცხადებით, ამჟამად მათ მხოლოდ ერთი მანქანა ჰყავთ და ისიც მხოლოდ რუსთავს ემსახურება, მაისიდან კი 10 ასეთი მანქანა ეყოლებათ, რომლებიც ქვემო ქართლის მიუვალ სოფლებშიც კი ავლენ და მომსახურებას ადგილზე გასწევენ.

სოფლებს ამჟამად სპეციალური გამსვლელი ბრიგადები ემსახურებიან. მათი რაოდენობა 50-მდეა, რაც, მეტივიშვილის თქმით, საკმარისია, მაგრამ ბანკისთვის მეტად ხარჯიანი.
  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG