Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ ორი რუსი დიპლომატი გააძევა


ბრიტანეთის გაზეთ "ფაინენშლ ტაიმსის" ცნობით, ნატომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ჩრდილოატლანტიკურ კავშირში რუსეთის წარმომადგენლობის ორი თანამშრომელი, ვიქტორ კორჩაკოვი და ვასილი ჩიჟოვი. საინტერესოა, რომ ეს უკანასკნელი ევროკავშირში რუსეთის ელჩის ვლადიმირ ჩიჟოვის ვაჟია.

"ფაინენშლ ტაიმსის" წყაროს თანახმად, რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება უკავშირდება ესტონეთში მომხდარ ამასწინანდელ ინციდენტს, როცა ამ ქვეყნის სახელმწიფო მოხელე ჰერმან სიმი რუსეთისთვის ნატოს საიდუმლო მასალების მიწოდებისთვის გაასამართლეს.

ნატოს ოფიციალური წარმომადგენლები ბრიუსელიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე კომენტარს არ აკეთებენ. ნატოში რუსეთის ელჩის დმიტრი როგოზინის კომენტარი კი ასეთი იყო: "ნატოს ამ გადაწყვეტილებას ვაფასებ წმიდა წყლის პროვოკაციად, რომელიც მიმართულია რუსეთ-ნატოს საბჭოს საქმიანობის განახლების მიზნით მიღწეული ყველა ჩვენი ამასწინანდელი შეთანხმების ჩაშლისკენ; იმ გეგმების ჩაშლისკენ, რომლებიც სამომავლოდ დავსახეთ, მათ შორის მინისტრთა დონეზე რუსეთ-ნატოს საბჭოს შეხვედრასთან დაკავშირებით."

როგოზინი ამტკიცებს, რომ გაძევებულ დიპლომატთაგან არც ერთი არ ყოფილა დაკავშირებული ჯაშუშობის რაიმე ფორმასთან და რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ დასავლეთთან რუსეთის დაახლოებას შეუშლის ხელს.

საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. მასში ნათქვამია, რომ დიპლომატების გაძევება არის "უხეში პროვოკაცია", დაფუძნებული "შეთითხნილ ბრალდებაზე" და "მოკლებული მკაფიო ახსნა-განმარტებას".

ახლა მოსკოვი იმუქრება, რომ საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს. თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია, რა სახის ნაბიჯებზეა საუბარი. მაისისთვის დაგეგმილია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებთან.
XS
SM
MD
LG