Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 28 აპრილი


28 აპრილს ”ნოვაია გაზეტა” სამხედრო მიმომხილველ პაველ ფელგენგაუერის მორიგ პუბლიკაციას ბეჭდავს, რომელშიც კვლავ რუსეთის მხრიდან მომდინარე სამხედრო ინტერვენციის საფრთხეებზეა საუბარი. პუბლიკაციას ასეთი სათაური აქვს: ,,რუსეთი არ აღიარებს ნატოს სწავლებების სამშვიდობო ხასიათს და, როგორც აგვისტოში, უკვე სანგრებს ამზადებს”.

ზამთარი მიიწურა და მოწინააღმდეგეთა ჯარები გასულ აგვისტოს შეწყვეტილი კონფლიქტის გაგრძელებისთვის ემზადებიან, - წერს პაველ ფელგენგაუერი. შემდეგ იგი დაწვრილებით აღწერს რუსეთის სამხედრო ფლოტის ბრძოლისათვის მზადყოფნის ამბავს,თუმცა შავი ზღვის ფლოტს საბრძოლოც არავისთან აქვსო, დასძენს ავტორი, რადგან ქართული სამხედრო კატარღები რუსებმა აგვისტოს ომის დროს ფოთში ჩაძირეს. ფლოტთან ერთად, პაველ ფელგენგაუერის თქმით, რუსეთის არმია სახმელეთო ჯარების კონცენტრაციას ახდენს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ამ ამბავს რუსეთის მხარე დაჟინებით უარყოფდა, სანამ უკრაინის ხელისუფლებამ არ გაახმაურა ცნობები სევასტოპოლიდან საბრძოლო გემების ზღვაში გასვლის თაობაზე, ევროკავშირის დამკვირვებლებმა კი დააფიქსირეს რუსეთის ჯარების კონცენტრაცია აფხაზეთსა და ოსეთში.

რეალური სურათის დიდხანს დამალვა შეუძლებელი გახდაო, - წერს ავტორი, - და რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ აღიარა, რომ რუსეთის მხარემ გამაფრთხილებელი ზომები მიიღო, რადგან ნატოს ქვეყნები გადააიარაღებენ რევანშისტებს და ხელს უწყობენ ,,უკანონობისა და თავაშვებულობის” ატმოსფეროს შექმნას. მან მიუთითა 6 მაისიდან დაგეგმილ სამხედრო სწავლებებზე თბილისსა და ვაზიანში, 18 ქვეყნის მონაწილეობით, პროგრამის ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის” ფარგლებში.

დღეს ქართველები, - წერს ფელგენგაუერი, - გეგმიურ სამხედრო მანევრებს ატარებენ გორში, საბრძოლო სროლის თანხლებით, რაც ნატოს არ უკავშირდება. ჩვენი (იგულისხმება რუსული) ჯარები კი, ზუსტად როგორც აგვისტოში, მათგან რამდენიმე კილომეტრშია კონცენტრირებული. რუსეთის მზადება ომისათვის, როგორც ჩანს, სინქრონიზებულია რადიკალების აქციასთან თბილისში, წერს პაველ ფელგენგაუერი:
”ასთავიანმა და მხიარულმა ქართულმა ოპოზიციამ ვერ შეძლო ჩამოეგდო სააკაშვილი მშვიდობიანი, ”ხავერდოვანი” გზით.... მედვედევი მართალია: სიტუაცია დაძაბულია და შეიძლება ბევრად უარესი გახდეს, თუ ძალადობის პროვოცირება იქნება”... - ვკითხულობთ პუბლიკაციაში და კიდევ: ,,იქმნება პირობები შესაძლო ჰუმანიტარული ინტერვენციისთვის საყვარელი ხალხის საძულველი დიქტატორისგან გათავისუფლებისათვის”, - წერს პაველ ფელგენგაუერი.

პუბლიკაციას კი იგი ასე ამთავრებს: ” მაგრამ ნატოს სწავლებები, რომლებიც თითქმის ერთ თვეს გრძელდება, ძალიან უშლის ხელს, მაგალითად, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ავიაბაზის დაკავებას ვაზიანში, თბილისის აღმოსავლეთით. საზღვრებზე ევროკავშირის დამკვირვებლები სათვალავში მისაღები არ არიან - იხმაურებს ევროპა, თუ ჩვენი ტანკები მათი პოსტების წინ ჩაივლიან, და დამშვიდდება. მაგრამ თუ ამერიკელი ჯარისკაცები მოხვდებიან ცეცხლის ქვეშ, სიტუაცია სრულიად არაპროგნოზირებადი გახდება”, - ვკითხულობთ 28 აპრილის ”ნოვაია გაზეტაში”.
XS
SM
MD
LG