Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში დასასრულს უახლოვდება რუსეთის სამხედრო ბაზის ფორმირება


აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დასასრულს უახლოვდება რუსეთის სამხედრო ბაზის ფორმირება. ამის შესახებ განცხადება მოსკოვში სერგეი ბაღაფშმა გააკეთა. ლაპარაკია გუდაუთის სამხედრო ბაზაზე, მაგრამ რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ამ ბაზით არ ამოიწურება. დადასტურებული ცნობებით, აფხაზეთში და, მასთან ერთად, ცხინვალის რეგიონში კვლავ რუსეთის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის კონცენტრაცია მიმდინარეობს და ეს პროცესი უაღრესად შემაშფოთებელ ზღვარს კარგა ხანია გასცდა. რა დამატებით რისკებს შეიცავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესი?

სარკოზი-მედვედევის სახელით ცნობილი საზავო შეთანხმება რუსეთს ავალდებულებს უკან, საქართველოში აგვისტოს ომამდე არსებულ პოზიციებზე, დაიხიოს... მართალია, ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები დმიტრი მედვედევმა ლონდონში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრაზეც აღიარა ( პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში ხაზი გაესვა აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მნიშვნელობას რეგიონის სტაბილურობისთვის), მაგრამ საქმით რუსეთი აჩვენებს, რომ ვალდებულება არაფრად მიაჩნია. ის აგვისტოს ომით თავის მიერვე შექმნილი ახალი რეალობის ძალისმიერი გზით შენარჩუნების გზას ადგას და აჩვენებს, რომ ამ გზიდან გადახვევას არ აპირებს.

აგვისტოს ომამდე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის ჯარს სამშვიდობო ჯარის სტატუსი ჰქონდა. შარშანდელი მაისის მონაცემებით, როცა რუსეთმა გადაწყვიტა სამშვიდობოების კვოტის მაქსიმუმით ესარგებლა და აფხაზეთში დამატებით 500 -მდე ჯარისკაცი შეიყვანა, მშვიდობისმყოფელთა სახელით მოქმედი სამხედროების რიცხვი იქ 2500-ს ცოტათი ასცდა. აგვისტოს ომამდელ პოზიციებზე დაბრუნება გულისხმობს ბევრს, მათ შორის, თუნდაც რუსების გასვლას ახალგორიდან, პერევიდან, ძველი სტატუს-კვოს აღდგენას იმავე კოდორის ხეობაში, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის დაბრუნებაზე ადრინდელ ნიშნულთან - იქ, სადაც ისინი აგვისტომდე იდგნენ. მაგრამ ომით შექმნილ ახალ რეალობაში პირიქით ხდება... რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა საქართველოს ორივე რეგიონში დღითი დღე ძლიერდება. პასუხად დასავლეთის არაერთი მოწოდებისა, ხელი აიღოს ამ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების შექმნის ინიციატივაზე, რუსეთი ამბობს, რომ სამხედრო ბაზები ფორმირების პროცესშია. გუდაუთის სამხედრო ბაზის კომპლექტაცია სულ მალე რომ დასრულდება, ამის შესახებ, როგორც უკვე ვთქვით, განცხადება მოსკოვში სერგეი ბაღაფშმა 17 აპრილს გააკეთა.

ამავე დღეს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ რუსეთის დამატებითი სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახლახან სწორედ ამ ბაზაზე დაბანაკების მიზნით შევიდა: ” 3800 კაცმა უნდა იმსახუროს ამ ბაზაზე, ნომერ მეშვიდე ბაზაზე. ბაზის ამოქმედების შემდეგ შეიძლება ის კიდევ უფრო გაძლიერდეს იმ ლიმიტის ფარგლებში, რაზეც შევთანხმდებით. გვაქვს დამატებითი გეგმები - მაგალითად, საზღვრების ერთობლივად გაკონტროლების გეგმა. ამ გეგმის რეალიზაციისთვისაც შემოვა დამატებითი ძალა რუსეთიდან. თუ იქნება სამხედრო საზღვაო ბაზა, ამ ბაზისთვისაც შემოვა ძალა. დღეს მიმდინარეობს მეშვიდე სამხედრო ბაზის ფორმირება. ”

” თუ იქნება სამხედრო-საზღვაო ბაზა ამისთვისაც მივიღებთ დამატებით ძალასო”, - აღნიშა შამბამ. თუმცა საქართველოს მხარის ინფორმაციით, რასთან თანხვედრაშიცაა რუსეთის სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ცნობები, საქართველოს საზღვაო აკვატორიაში, აფხაზეთის წყლებში, შესულია სევასტოპოლიდან დაძრული სამხედრო გემები და კატარღები. იქ რომ უკვე შეიტანეს მძიმე ტექნიკა, საარტილერიო და სარაკეტო დანადგარები, ამის შესახებ ცნობა, როგორც ამას წინათაც ვიუწყებოდით, სააგენტო ”რეიტერმა” საქართველოში ევროკავშირის ელჩების ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა.

ამასობაში სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო მეთაურები თბილისთან, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე, მაისში, ნატოს სწავლების პარალელურად, თავიანთ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მასშტაბური სამხედრო წვრთნების დაწყებით იმუქრებიან და თან განმარტავენ, რომ ნატოს სწავლებები ვაზიანში მათთვის გამოწვევა იქნება. რისთვის ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის კონცენტრაცია? რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნესტერენკომ, აღნიშნა: ”იმისთვის, რომ ოფიციალური თბილისი ვაიძულოთ, არ გადაიტანოს ხალხის ყურადღება კონფლიქტურ რეგიონებზე”.

შეკითხვას მკაფიო პასუხი არ ეძლევა და, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელი ესტონეთიდან, ანდრეს ჰერკელი, თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ამბობს, ” საქართველო დენთის კასრს ემსგავსება. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან შედის დამატებითი ძალა, თითქოსდა ახალი ომის სამზადისი იყოს, და ამით რუსეთი ღიად ეუბნება დასავლეთს, რომ სწორედ ის აკონტროლებს საქართველოში პროცესებს. ჩვენ არ უნდა მივატოვოთ საქართველო და სწორედ დღეს უნდა მივუთითოთ, რა საშიშროების წინაშეა ის.”

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების შესახებ საქართველოს მეგობრები ინფორმირებულები არიან... ამ ორიოდე დღის წინ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ეკა ტყეშელაშვილს ვკითხეთ, რატომ არ ჩანს უფრო მკაფიო და მწვავე განცხადებები დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართ იმის გამო, რაც დღეს ხდება ( ვგულისხმობდით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო ძალების დამატებით კონცენტრაციას). ეკა ტყეშელაშვილმა გვიპასუხა: ”სიმართლე გითხრათ, ღია განცხადებებზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია პირდაპირი პოლიტიკური სიგნალების მიტანა შესაბამის პირებამდე რუსეთში და ეს გაკეთებულია.”
XS
SM
MD
LG