Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას ვაშაძე აშშ-ში ვიზიტისას


დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან; ამას გარდა, შეხვედრები გაეროში - მათ შორის, გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნთან - იყო და არის ვიზიტის დღის წესრიგში. საქართველოში დიდი ინტერესი და იმედები უკავშირდება ამ ვიზიტს.

საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიულ პარტნიორებად რჩებიან. გრძელდება ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის პერიოდში ხელმოწერილ საკითხებში თანამშრომლობა და ამ ურთიერთობას წინსვლა ეტყობა, - ასეთი განცხადება გააკეთა 14 აპრილს თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ტეფტმა. მანვე საქართველოსთვის კარგი შესაძლებლობა უწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის შეხვედრას. რას ელიან საქართველოს ხელისუფლებაში ამ შეხვედრისგან? რა საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას შეერთებულ შტატებში იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის დედაქალაქშიც 9 აპრილიდან ქუჩაში გამოსული ადამიანები ხელისუფლების წასვლას მოითხოვენ? ”ამ წუთისთვის რაც ყველაზე აქტუალური საკითხებია, არის ოკუპირებული ტერიტორიები, ჩვენი მოთხოვნები უსაფრთხოების საკითხებში და ის, რომ ჩვენი უსაფრთხოება ამ წუთებში არის განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ ”,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ გრიგოლ ვაშაძის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით. მან საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვნად უსაფრთხოების საკითხი მიიჩნია და აქ, პირველ რიგში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია იგულისხმა, რასთან დაკავშირებითაც 13 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებს. ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაცია რომ შემაშფოთებელია, მათაც დაადასტურეს, თუმცა საქართველოს ხელისუფლებაში იმედი აქვთ, რომ დღევანდელი ვითარება შარშანდელი აგვისტოს ვითარებისგან განსხვავდება და რომ რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო ავანტიურის საფრთხე დღეს ნაკლებია. განცხადება ამის შესახებ 14 აპრილს მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა: ” ჩვენ ეხლა გვაქვს ბევრად მეტი საგარეო მხარდაჭერა. მარტო ის რად ღირს, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ერთი თვის მანძილზე მეორედ ხვდებიან ერთმანეთს. ჩვენ მოვაწერეთ ხელი ქარტიას იანვარში და ახლა იქმნება უმაღლესი დონის სამთავრობო კომისია ამ ქარტიის განხორციელებისთვის. პირველად ობამამ დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი - პირდაპირ თქვა, რომ ეს არის რუსეთის შეჭრა მეზობელ ქვეყანაში და ყველამ დაიწყო ლაპარაკი შეჭრაზე, აგრესიაზე. ”

დღეს საქართველოს აქვს გაცილებით მეტი საერთაშორისო მხარდაჭერაო, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და ამის დამადასტურებლად მან ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაც ახსენა, ხაზი გაუსვა, რომ 6 მაისს ხელი მოეწერება ორგანიზაციულად მჭიდრო კავშირს ევროკავშირთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში. და კიდევ ერთი სიახლის შესახებ: მაისში საქართველოში უნდა დაიწყოს მრავალეროვნული წვრთნები ნატოს ეგიდით. ამასთან დაკავშირებით ნატოში რუსეთის წარმომადგენელმა დიმიტრი რაგოზინმა გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ეს წვრთნები იქნება ნატოს მხრიდან პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების მხარდაჭერის გამოხატულება და გამოწვევა არა მარტო მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციისთვის, არამედ სამხრეთ ოსეთისთვის, აფხაზეთისა და რუსეთისთვის, რომელმაც არ შეიძლება რეაგირების გარეშე დატოვოს ეს ფაქტი.

შარშან ვაზიანის პოლიგონზე დაწყებული ნატოს წვრთნების პარალელურ რეჟიმში დაიწყო რუსეთმა ჩრდილო კავკასიაში დიდი სამხედრო წვრთნება, სახელწოდებით ”კავკაზ 2008” და ამ წვრთნების მიზეზით მოახდინა აგვისტოს ომის წინ ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო ძალების დიდი კონცენტრაცია. პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვებით, დღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბევრად მეტი რუსი სამხედრო დგას, ვიდრე აგვისტოში იდგა. მაგრამ საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერა სხვაა. საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია დაწყებული საპროტესტო აქციების კიდევ უგრო გაშლას ჰპირდება, შეერთებული შტატებიდან 242 მილიონიანი დახმარების მოლოდინშია. ეს იქნება იმ მილიარდიანი დახმარების ნაწილი, რაც შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსთვის გამოყო. შესაბამისი წინადადება ადმინისტრაციის მიერ კონგრესშია შეტანილი დასამტკიცებლად. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, დახმარების ეს ნაწილი საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებას და დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.
XS
SM
MD
LG