Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური მიმოხილვა


ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფრთების გაშლა, პოლიტიკოსებისა და სამხედროების შემდეგ,

რუსულმა კომპანიებმაც დაიწყეს. ფიჭური კავშირგაბმულობის რუსულმა ოპერატორმა „მეგაფონმა” აფხაზური „აკუაფონის” საკონტროლო პაკეტი იყიდა. ამის შესახებ გაზეთი „ვედომოსტი" წერს. გარიგება კომპანიებს შორის რამდენიმე თვის წინ დაიგეგმა და „მეგაფონმა” საკონტროლო პაკეტში 28 მლნ დოლარი გადაიხადა.
საგულისხმოა, რომ, საქართველოს კანონით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ბიზნესის დამწყებ კომპანიებს უმკაცრესი სანქციები ემუქრებათ. “მეგაფონის” მიერ აფხაზეთში მუშაობის ოფიციალურად დაწყება ამ კანონის პირველი ტესტია და მით უფრო საინტერესო, რომ რუსული “მეგაფონის” ყველაზე მსხვილი აქციონერი, არც მეტი, არც ნაკლები, ფინურ-შვედური კომპანია “თელია-სონერა” გახლავთ, რომელიც საქართველოში უკვე ფლობს კომპანია “ჯეოსელის” აქციათა 97,5%-ს და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2,5%-იც 7 მილიონად უნდა გამოესყიდა, ეკონომიკის სამინისტროს ეს გარიგება ბოლო წამს რომ არ ჩაეშალა. საგულისხმოა ისიც, რომ “მეგაფონის” მეორე აქციონერი ასევე რუსული “ალფა ჯგუფის” შვილობილი კომპანია “ალტიმო” გახლავთ, რომელიც საქართველოში ასევე ფლობს “ბილაინის” სავაჭრო ნიშანს. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მიხედვით, ყველა ამ კომპანიას უმკაცრესი სასჯელი და ჯარიმა უნდა დაეკისროს. თუმცა რამდენად მოახერხებს საქართველოს ხელისუფლება ამის უზრუნველყოფას, ძნელი საპროგნოზოა.
საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ „მეგაფონი" საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთისა და სხვა ტერიტორიებზე ულიცენზიო საქმიანობისთვის რამდენჯერმე დააჯარიმა. კომპანიამ დაკისრებული ჯარიმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ კომპანიის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ეს ბოლო სასამართლო გადაწყვეტილებაა, რომელიც ამტკიცებს, რომ 2005 წლიდან „მეგაფონი" უკანონოდ საქმიანობს საქართველოს ტერიტორიაზე.
სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილების თანახმად, „მეგაფონმა" დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიაზე ულიცენზიო საქმიანობა და ჯარიმა _ 350 ათასი დოლარი - გადაიხადოს.
აღსანიშნავია, რომ 2006 წლიდან აფხაზეთში მეორე ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია „ა-მობაილიც" შევიდა, რომლის მეწილეები აფხაზი და რუსი ბიზნესმენები არიან. ამასთან, აფხაზეთის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს სხვა რუსული ოპერატორებიც ფარავენ.
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი სერგეი შოიგუ კი საქართველოს ხელისუფლებას ცხინვალისთვის გაზის მიწოდების აღდგენას სთხოვს. შოიგუს თქმით, ქართული მხარე ცდება, თუ მიიჩნევს, რომ გაზსადენები დაცული არ არის, რადგან ამ გაზსადენებს რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს წარმომადგენლები აკონტროლებენ. შოიგუმ ისიც აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა, რათა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული კატასტროფა არ მომხდარიყო და რომ ქართული მხარის მიერ ცხინვალისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა არაჰუმანური ნაბიჯია.
საქართველოს ყველა ამ პრეტენზიაზე პასუხის გასაცემად ჯერ არ მოუცლია. სამაგიეროდ, მთავრობა აღფრთოვანებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს მიერ მომზადებული პირველადი შეფასებით, რომელიც ფონდის 18-თვიანი დახმარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესის მიმდინარეობას ეხება. შეფასებაში ხაზგასმულია ხსენებული პროგრამის პირველი დადებითი შედეგები საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ეკონომიკური ხასიათის ღონისძიებების ხელშეწყობის თვალსაზრისით.
ფონდი დადებითად აფასებს საქართველოს მიერ დღემდე განხორციელებულ ღონისძიებებს, კერძოდ, ფინანსური ბაზრების სტაბილიზაციის, უცხოური სავალუტო რეზერვების შენარჩუნებისა და აგვისტოს საქართველო-რუსეთის კონფლიქტით მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად საგარეო ფინანსური დახმარების მოზიდვის მიმართულებით. ფონდის დადებითი დასკვნა გულისხმობს იმას, რომ ორგანიზაციის თავდაპირველი ნდობა ქვეყნის უნარისადმი, ემართა რთული სიტუაცია შესაბამისი პასუხისმგებლობით და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელად მიეღო გადამწყვეტი ზომები, დადასტურდა. აღნიშნული ნდობა გამოიხატებოდა საქართველოსათვის ზემოხსენებული კრედიტის აგვისტოს ომის შემდეგ სასწრაფოდ დამტკიცებაში.
სავალუტო ფონდის პოზიტიური დასკვნის პარალელურად, ქართულმა ოფიციალურმა სტატისტიკამ 2008 წლის მესამე კვარტალის საგადასახდელო ბალანსის მდგომარეობა გაამჟღავნა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 653 მლნ დოლარი შეადგინა და, წინა კვარტალთან შედარებით, 28,5%-ით შემცირდა. საანგარიშო პერიოდში შემცირდა საქონლით ვაჭრობა, რომლის სალდომ 842 მლნ დოლარი შეადგინა (13,2%-ით ნაკლები წინა კვარტალთან შედარებით), რაც, თავის მხრივ, გამოწვეულია საქონლის როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის შემცირებით. 2008 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, იმპორტის მოცულობა 9,8%-ით შემცირდა, ექსპორტი კი _ 5,4%-ით.
მომსახურების ბალანსი, რომელიც, ტრადიციულად, დადებითი იყო და ნაწილობრივ აბალანსებდა საქონლით გამოწვეულ დეფიციტს, მესამე კვარტალში უარყოფითი გახდა და 9 მლნ დოლარს გაუტოლდა. უარყოფითი სალდოთი განსაკუთრებით გამოირჩევა სადაზღვევო, სატრანსპორტო, სხვა საქმიანი მომსახურების, სამშენებლო და სამთავრობო მომსახურების სექტორები.
მიმდინარე კვირას საბოლოოდ დადასტურდა, რომ ლატვიური „პარექს ბანკის” შვილობილმა კომპანიამ, „პარექს ლიზინგ ენდ ფექტორინგმა”, უმძიმესი ფინანსური კრიზისის გამო საქართველოში საქმიანობა შეწყვიტა.
ლატვიურმა კომპანიამ, რომელიც 2007 წლის 2 ოქტომბერს დაფუძნდა, საქართველოში სამეურნეო მოწყობილობების ექსპორტთან დაკავშირებით, 2,5 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტები გააფორმა, მაგრამ კონტრაქტის პირობები ვერ შეასრულა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში საქმიანობა 2008 წლის ბოლომდე უნდა დაეწყო თავად „პარექს ბანკსაც”, მაგრამ ფინანსური კრიზისის გამო ეს პროექტიც ჩავარდა.
პროექტებისა და შემოსავლების შემცირების კომპენსირებას საქართველოს მთავრობა პრივატიზების გააქტიურებით ცდილობს. უახლოეს ხანებში საპრივატიზებოდ გამოიტანენ “გუდაურის” სასტუმროს, რომელსაც ყიდვის მსურველი აქამდე არა და არ გამოუჩნდა. იმავდროულად, „რკინიგზის ტელეკომის” 100% ან ნაკლები წილის რეალიზაციის მიზნით, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა.
„რკინიგზის ტელეკომი" საქართველოს მაგისტრალური არხის ოპერატორია, ფლობს რკინიგზის გასწვრივ გაყვანილ ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს, რომელიც „ტრასეკას" პროექტის ფარგლებში აშენდა, ასევე სატელეფონო ქსელებს საქართველოს რეგიონებში. მისი რეალიზაციაც სწორედ შემოსავლების კრიზისის გამო გადაწყდა.
XS
SM
MD
LG