Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ემყარება საქართველოსადმი კრიტიკული სტატიები? ინტერვიუ ეუთოს პრესმდივნის მოადგილესთან


ბოლო რამდენიმე დღეა, დასავლეთის ელექტრონულსა და ბეჭდურ მედიაში გახშირდა საქართველოსადმი კრიტიკულად განწყობილი ინფორმაციები,

რომელთა ავტორები თითქოს ცდილობენ, გადასინჯონ აგვისტოს ომის ზოგიერთი გარემოება, მისი გამომწვევი მიზეზები. სტატიების დიდი ნაწილი ეუთოს ძირითადად ანონიმ მეთვალყურეთა მონათხრობს ემყარება. ერთი სახელი, რომელიც ამ სტატიებისა თუ სატელევიზიო და რადიორეპორტაჟების უმრავლესობაში შეგხვდებათ, არის რაიან გრისტი, ბრიტანეთის არმიის გადამდგარი კაპიტანი და საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე. მისიის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადების თანახმად, საკადრო ცვლილებებზე ეუთო კომენტარს არ აკეთებს. დავით კაკაბაძემ ვენაში დაურეკა ეუთოს პრესმდივნის მოადგილეს ვირჟინი კულუდონს და სთხოვა მას, განემარტა, რამდენად შეესაბამება ამ ორგანიზაციის ცალკეულ მეთვალყურეთა განცხადებები ეუთოს ოფიციალურ პოზიციას.

ვირჟინი კულუდონი: ამ საკითხში ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ორი ასპექტი. ერთია ის, თუ რას აკეთებს ეუთო. ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული "მყისიერი ანგარიშები", რომლებსაც ყოველდღიურად ამზადებენ ჩვენი სამხედრო მეთვალყურეები და რომლებიც ეუთოს წევრ 56-ვე ქვეყანას ეგზავნება. მეორეა ის ინფორმაცია, რომლის წყაროდ გვევლინებიან ჩვენი ცალკეული მეთვალყურეები - მათ შორის, რაიან გრისტი. 7 აგვისტოს, ღამით, საიმ მათგანი ცხინვალში იმყოფებოდა და თავს აფარებდა ჩვენი ცხინვალის ოფისის სარდაფს. თავად რაიან გრისტი ცხინვალში ცოტა მოგვიანებით ჩავიდა, მაგრამ ჩვენი სამი მეთვალყურე იმ ღამეს იქ იყო და ცხინვალის დაბომბვის მოწმე გახდა. ეს იყო ის, რაც მათ ნახეს და გვაცნობეს კიდეც ამის შესახებ. მაგრამ ეუთოს არ ხელეწიფება იმის დადგენა, ვინ დაიწყო ომი და რა ხდებოდა 7 აგვისტოს ღამით, 8 აგვისტოს დილას. რადგან ჩვენ მხოლოდ რამდენიმე შეუიარაღებელი სამხედრო მეთვალყურე გვყავს, რომელთა მანდატში არ შედის, მაგალითად, როკის გვირაბის დათვალიერება. ასე რომ, გავრცელებული ინფორმაციის ნაწილი ჩვენს მანდატს სცილდება.

რადიო "თავისუფლება": მაგრამ რამდენიმე პუბლიკაცია - ისევ და ისევ ეუთოს მეთვალყერეებზე დაყრდნობით - ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს მხარის მტკიცებას, რომ რეგიონის ქართული სოფლები ჯერ კიდევ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე იბომბებოდა.

ვირჟინი კულუდონი: არა, ეუთო ამას ეჭვქვეშ არ აყენებს. ჩვენ არ ვაკეთებთ დასკვნებს იმაზე, რაც არ გვინახავს. ყველაფერი დანარჩენი ინტერპრეტაციის საკითხია.

რადიო "თავისუფლება": აპირებს თუ არა ეუთო რაიმე ოფიციალური განცხადების გამოქვეყნებას?

ვირჟინი კულუდონი: არა. ვფიქრობ, საკმარისად მკაფიოდ ვთქვით სათქმელი, ასევე ნათელი იყო თავის ინტერვიუებში ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ალექსანდერ სტუბი. განცხადების გამოქვეყნება საჭირო არ არის, რადგან ჩვენს ხელთ არსებული მთელი ინფორმაცია გადავეცით ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს. ეს მხოლოდ მედიისთვის იქცა აღმოჩენად. ჩვენი მანდატი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ინფორმაცია მივაწოდათ ეუთოს წევრ სახელმწიფოებს. რაიან გრისტი ადგილზე იყო, მინისტრმა სტუბმა იგი დაახასიათა, როგორც "ძალიან კარგი მოხელე", მისი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. მაგრამ მას საკუთარი ინტერპრეტაციები აქვს, ხოლო ჩვენ - როგორც ორგანიზაცია - ვერ გავიზიარებთ მის ინტერპრეტაციას, რადგან სრულ ინფორმაციას არ ვფლობთ.

რადიო "თავისუფლება": აგვისტოს ომის მიზეზების დასადგენად შეიქმნა საერთაშორისო საგამოძიებო კომისია. რამდენად აქტიურად იქნებიან ჩაბმული ეუთოს მეთვალყურეები გამოძიების პროცესში?

ვირჟინი კულუდონი: ეუთო გამოძიებას მიაწოდებს ყველაფერს, რაც კი მის ხელთ არის. კომისიის თავმჯდომარე ჰაიდი ტალიავინი ჩვენგან მიიღებს ყველაფერს, რაც დასჭირდება, ამაზე ორი აზრი არ არის. ეს აუცილებელი იყო: მიუკერძოებელი გამოძიება, რომელიც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან ითანამშრომლებს და შემდეგ დასკვნებს გამოიტანს. ასე რომ, ამ საქმეში ჩვენ აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG