Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური მიმოხილვა


ქართულ-ამერიკული ბიზნეს-სამიტი კონკრეტული შედეგებით დასრულდა. ამერიკული კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია ოპიკი 7 ქართულ კომპანიას 176 მილიონ დოლარს გამოუყოფს:

40-40 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზს მიიღებენ “თი-ბი-სი ბანკი” და “საქართველოს ბანკი”, 30 მილიონ დოლარს მიიღებს “პარკ ჰაიატ თბილისი”, 40 მილიონი დოლარი მიეცემა კომპანია “ჯი-ემ-თი რეალ ისთეითს”, 10-10 მილიონს მიიღებენ “ჯი ემ თი მთაწმინდა” და რძის მწარმოებელი “სანტე ჯი ემ თი პროდუქტი”, უძრავი ქონების კომპანია “სბ იბერია” კი - 6,3 მილიონ დოლარს.

საქართველო კვლავ ელოდება თანხებს სხვა დონორი ორგანიზაციებიდან და საფინანსო ინსტიტუტებიდან, ეს იქნება ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი თუ საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია. დაგეგმილია, დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ საქართველოს დასახმარებლად გამოყოფილი თანხა - 4,5 მილიარდი დოლარი - განაწილდეს ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით: სახელმწიფო ბიუჯეტის დახმარება; ჰუმანიტარული დახმარება დევნილებისთვის; სოციალური პროექტების განხორციელება; ინფრასტრუქტურის, სტრატეგიული ობიექტებისა და ბიზნესის განვითარება.

დახმარება 2-3 წლის განმავლობაში განხორციელდება. ამერიკულ მხარესთან უკვე ხელმოწერილია დოკუმენტი 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დასახმარებლად 250 მლნ დოლარის გამოყოფის შესახებ. რაც შეეხება 2009 წლის ბიუჯეტს, მოელიან, რომ საბიუჯეტო დახმარების ოდენობა 500 მილიონ დოლარს შეადგენს.

ამასთან, საქართველოს დახმარებას გაუწევენ როგორც კრედიტების, ასევე გრანტების სახით. დახმარების ფარგლებში გამოყოფილი კრედიტები შეღავათიანი და გრძელვადიანია. კერძოდ, ლაპარაკია 10, 15 და 20 წლიან სესხებზე, 0,5%-დან 5%-მდე წლიური სარგებლით.

მსხვილი პროექტები, რომელთა განხორციელება დახმარების თანხებით მოხდება, დონორ ორგანიზაციებთან ერთად შემუშავდება. საუბარია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების, გაზსაცავის მშენებლობისა და მსგავსი პროექტების განხორციელებაზე.

მსოფლიო ბანკმა ახალი სასესხო პროგრამა უკვე დაამტკიცა. თითო პროექტის ღირებულება 20 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. თანხა, შეღავათიანი პირობებით, ბანკის შვილობილი ორგანიზაციის - განვითარების საერთაშორისო ასოციაციის - ხაზით გამოიყოფა. სესხი თბილისი-რიკოთის საგზაო მაგისტრალის რემონტისა და მოდერნიზაციისთვის იქნება განკუთვნილი.

ამერიკული კომპანია Doheny Global Group საქართველოში 100 მეგავატი ჯამური სიმძლავრის 4-დან 6-მდე ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს. შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და Doheny Global Group-ს შორის. ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო კომპანიას პროექტის ტექნიკური ანალიზის გაკეთებაში დაეხმარება. პროექტის ღირებულება 150-175 მილიონ დოლარს შეადგენს. ინვესტიცია დაცული იქნება ოპიკის, ამერიკის სავაჭრო და განვითარების სააგენტოების და სხვა საფინანსო ორგანიზაციების მიერ.

ამერიკული დახმარების ზრდის პარალელურად, საქართველოში მომეტებულ დახმარებას ითხოვს თავად ამერიკული ბიზნესიც. აშშ-ის კონგრესის საერთაშორისო ორგანიზაციების, ადამიანის უფლებებისა და კონტროლის ქვეკომიტეტის წევრი დანა რორბაკერი ამერიკული ინვესტიციების დაცვასა და ამერიკული კომპანიის დავაში უშუალო ჩარევას ითხოვს. კონგრესმენი წერილში, რომლითაც მან, პრეზიდენტ სააკაშვილის გარდა, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, აშშ-ის ელჩს საქართველოში ჯონ ტეფტსა და ევროპისა და ევრაზიის საქმეთა სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს მეთიუ ბრაიზას მიმართა, იმ გაჭიანურებული სირთულეების შესახებ წერს, რომელიც შეექმნა საქართველოში აშშ-ში რეგისტრირებულ კომპანიას Izee Enterprises.

კონგრესმენი წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დროულად არ იქნება მიიღწეული შეთანხმება, კომპანია, აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების საფუძველზე, კვლავ განაახლებს დავას საერთაშორისო არბიტრაჟში.

საქართველო-რუსეთის ზაფხულის კონფლიქტისა და მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე კრიზისის მიუხედავად, კომპანია Izee ერთ-ერთი მათგანია, ვინც მომავალშიც აპირებს ინვესტიციების განხორციელებას და ბიზნეს საქმიანობას საქართველოში. “ჩემთვის წარმოდგენილი ფაქტების გამო შეშფოთებული ვარ – აშკარაა, რომ თქვენს ქვეყანასთან Izee-ს მეგობრობას ხელს უშლის ზოგიერთი პირი საქართველოს მთავრობაში, წერს კონგრესმენი რორბაკერი, - მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ საკითხში მე მთავრობის წარმომადგენლებისაგან განსხვავებული შეხედულება მაქვს, მჯერა, რომ ყველა დაინტერესებულია გაძლიერდეს საქართველოს ეკონომიკა, რომელშიც ამერიკულ და სხვა საზღვარგარეთულ კომპანიებს შეუძლიათ უსაფრთხოდ განახორციელონ ინვესტიცია. შეშფოთებული ვარ, რადგან, თუ Izee-ს წინააღმდეგობა თქვენი მთავრობის მიმართ შემდგომშიც გაგრძელდება, ეს ამჟამინდელზე უფრო მეტად გაართულებს საქართველოში აშშ-ის შემდგომ საინვესტიციო პერსპექტივებს _ შესაძლოა, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს საქართველოსათვის ამერიკის შეერთებული შტატების შემდგომი დახმარება და თავისუფალი ვაჭრობისა და სხვა მსგავს ხელშეკრულებებთან დაკავშირებული პროექტები. აქედან გამომდინარე, მჯერა, რომ ამ გარემოების სწრაფი, მშვიდობიანი გადაწყვეტა შედის არა მხოლოდ იძეე -ს, არამედ საქართველოს მთავრობის ინტერესებშიც. ჩემთვის ცნობილი ფაქტებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ბატონო პრეზიდენტო, რომ მხოლოდ თქვენი უშუალო ჩარევით იქნება შესაძლებელი დავის სწრაფი და სამართლიანი მოგვარება”, - წერს კონგრესმენი რორბაკერი და რუსთაველის გამზირზე კომპანიების “ლაზერი-2”-ისა და “კაფე რუსთაველისთვის” უფლებების აღდგენას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

როგორი იქნება ამ ერთწლიანი დავის შედეგი, ჯერ ცნობილი არ არის. სამაგიეროდ, ვიცით, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ფასები ყველაზე მეტად ხილზე გაიზარდა. ამ მონაცემებს, სტატისტიკის დეპარტამენტზე დაყრდნობით, საქართველოს მთავრობის პრესსამსახური აქვეყნებს. ხილზე ფასები 22,4%-ით გაიზარდა, ზეთზე - 19,7%-ით, წყალზე, ელექტროენერგიასა და გაზზე - 17,3%-ით, პურპროდუქტებზე - 16,9%-ით, ტრანსპორტზე - 16,8%-ით, ჯანდაცვის სექტორში - 15,2%-ით, სწრაფ კვებაზე - 13,9%-ით, საჭმელსა და არაალკოჰოლურ სასმელებზე - 13,6%-ით.

ასეთია სამწუხარო სტატისტიკა. პოზიტიური სიახლე კი ის არის, რომ მიმდინარე კვირას, დიდი პაუზის შემდეგ, ამუშავდა ბაქო-სუფსას საექსპორტო ნავთობსადენი. ბაქო-სუფსას ნავთობსადენი 2006 წლის ოქტომბრიდან არ ფუნქციონირებდა სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების გამო. 2008 წლის მეორე კვარტლიდან ნავთობსადენის თანდათანობითი შევსება დაიწყო, ხოლო თურქეთის ტერიტორიაზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე 6 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შემდეგ საერთაშორისო კონსორციუმმა გადაწყვიტა, რომ ნავთობის ექსპორტი განეხორციელებინა “დასავლეთის” მარშრუტით. თუმცა შემდეგ დაწყებულმა საქართველო-რუსეთის ომმა მილსადენის ექსპლუატაცია თითქმის ორი თვით შეაჩერა.

1999 წელს ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ექსპლუატაციის დაწყებიდან 2005 წლის ბოლომდე, მისი დახმარებით, სულ ტრანსპორტირებულია 295 მლნ ბარელი ნავთობი. 2006 წლის ათი თვის განმავლობაში ბაქო-სუფსის ნავთობსადენით 5,6 მლნ ტონა ნავთობი გადაიქაჩა.

ოქტომბრის ბოლო კვირას, ტრადიციისამებრ, ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციაში შედგა ავიაგანრიგი 2009 წლის მარტის ბოლომდე. თბილისის აეროპორტიდან საერთაშორისო რეისების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. გაიზრდება თბილისი-თელ-ავივის მიმართულებით ავიარეისების რაოდენობა. 28 ნოემბრამდე ავიაკომპანია “არკია” (ისრაელი) კვირაში ერთ რეისს შეასრულებს, 3 დეკემბრიდან კი რეისების რაოდენობა 2-მდე გაიზრდება. კვირაში 3-ჯერ ფრენებს თელ-ავივის მიმართულებით გააგრძელებს “ჯორჯიან ეარვეისი”. ფრანკფურტის მიმართულებით პირდაპირი რეისები კვლავ კვირაში 2-ჯერ იქნება, ათენის მიმართულებით - ერთხელ, პარიზში - ორჯერ, ამსტერდამში - სამჯერ. გერმანული “ლუფთჰანზა” მიუნჰენის მიმართულებით ყოველდღე იფრენს, ბრიტანული “ბრითიშ მიდლენდი” კი, როგორც ცნობილია, თბილისიდან ლონდონში რეისებს კვირაში 4-ჯერ ერევნის გავლით შეასრულებს.

თბილისი-პრაღის მიმართულებით “ჩეხეთის ავიახაზები” რეისების რაოდენობას 4-დან 3-მდე ამცირებს. ავსტრიის ავიახაზების მიერ თბილისი-ვენის მიმართულებით რეისების 3-დან 2-მდე შემცირების შემდეგ, მესამე რეისს ამ მიმართულებით დაამატებს “ჯორჯიან ეარვეისი”. “საქავიასერვისის” მიერ რეისების შესრულების შეჩერების გამო, აღარ იქნება პირდაპირი რეისები ლარნაკის (კვიპროსი) მიმართულებით. დუბაიში “ჯორჯიან ეარვეისის” 3 ავიარეისს “ევროლაინის” 2 ფრენა დაემატება, თუმცა “ევროლაინის” ეს რეისები ჯერ დამტკიცებული არ არის. დუბაიში მოხვედრა 1 დეკემბრიდან “ნაციონალური ავიახაზების” ბაზაზე შექმნილი “სკაი ჯორჯიას” თვითმფრინავითაც იქნება შესაძლებელი, თეირანის გავლით.

სტამბულის მიმართულებით, “თურქეთის ავიახაზებთან” ერთად (ყოველდღე), რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან “სკაი ჯორჯია” და “ევროლაინი” შეასრულებენ. რიგაში “ეარ ბალტიკა” კვირაში 3-ჯერ იფრენს, ვილნიუსში “ Fly-LAL” კი რეისებს დეკემბერში გაზრდილი სიხშირეებით განაახლებს.

ასე რომ, ქართული ბაზრის საომარი იერსახე უკვე ავიარეისების ოდენობასა და მიმართულებებზეც აისახა.
XS
SM
MD
LG