Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დენის კორბოი: "გარკვეული დროის შემდეგ, იმედია, სხვაგვარ რუსეთთან გვექნება საქმე"


U.K. -- Denis Corboy, head of the Caucasus Policy Institute at King's College in London and a former EU ambassador to Tbilisi, 05Oct2008
U.K. -- Denis Corboy, head of the Caucasus Policy Institute at King's College in London and a former EU ambassador to Tbilisi, 05Oct2008

საქართველოში შექმნილი ვითარების გარშემო რადიო "თავისუფლება" ესაუბრა ლონდონის კინგზ კოლეჯის კავკასიის პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელს დენის კორბოის.

მსმენელთა ნაწილს ემახსოვრება, რომ დენის კორბოი 1994-99 წლებში მუშაობდა ევროპის კავშირის ელჩად საქართველოსა და სომხეთში, ხოლო 2002 წელს ცოტა ხნით დაბრუნდა საქართველოში - ამჯერად ევროკავშირის საგანგებო წარგზავნილად. ბრიტანელ დიპლომატს ლონდონში დაურეკა დავით კაკაბაძემ.

რადიო "თავისუფლება": ოთხშაბათს ევროპის კავშირის მეთვალყურეებმა საქართველოში მუშაობა დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი თავდაპირველად აცხადებდა, რომ მათ არ მისცემდა ე.წ. "ბუფერულ ზონებში" შესვლის უფლებას, მეთვალყურეთა ნაწილმა იქ შეღწევა მაინც მოახერხა. როგორ აფასებთ ამ ფაქტს - ხომ არ არბილებს რუსეთი თავის პოზიციას?

დენის კორბოი: სწორედ ასეთი შთაბეჭდილება მრჩება; განსაკუთრებით პრეზიდენტ მედვედევის გუშინდელი განცხადების შემდეგ, რომ 10 ოქტომბრისთვის რუსეთის ჯარი დატოვებს ე.წ. "ბუფერულ ზონებს". ვფიქრობ, ეს მიზანი მიღწეულ იქნება. მაგრამ ჩემი აზრით, საქართველოს მთავარი ამოცანაა, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ეს იოლი არ იქნება, მაგრამ ჩვენი მიზანი უნდა იყოს სტაბილურობის, ეკონომიკის, სამეწარმეო კლიმატის აღდგენა. ეს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს. ჩემი აზრით, ბოლო კვირების ერთ-ერთი უმთავრესი გაკვეთილი ის არის, რომ საქართველომ უფრო მჭიდრო ურთიერთობა უნდა დაამყაროს ევროკავშირთან. ასეთი ურთიერთობა, ერთი მხრივ, უსაფრთხოების ხარისხს გაზრდიდა, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკური პროგრესის საწინდარიც იქნებოდა. პრობლემა, რომელიც რუსეთთან დაკავშირებით არსებობს, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების საკითხია. ეს პრობლემა კიდევ კარგა ხანს დარჩება საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში. მახსენდება ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითი: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის მიერ მათი ოკუპაცია დასავლეთის სამყაროს არ უღიარებია. მაგრამ საბჭოთა კავშირთან ურთიერთობა გრძელდებოდა. ამჯერადაც, დასავლეთმა უნდა განაგრძოს ურთიერთობა - უაღრესად მნიშვნელოვანი ურთიერთობა! - ახლანდელ რუსეთის ფედერაციასთან.

რადიო "თავისუფლება": ბატონო ელჩო, თქვენ ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითი გაიხსენეთ. მათ თითქმის ნახევარი საუკუნე დასჭირდათ დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად. თქვენი აზრით, საქართველოსაც ამდენ ხანს მოუწევს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ლოდინი?

დენის კორბოი: თავისი ბოლო ნაბიჯით რუსეთმა კავკასიონის ქედის სამხრეთით მოიკიდა ფეხი. და რეალურ სამყაროში - ჩემს საყვარელ საქართველოს კი ვურჩევ, რეალურ სამყაროს დაუბრუნდეს - ეს ძალიან, ძალიან ძნელი იქნება. თუმცა, სულ არ მგონია, რომ უნდა დავნებდეთ. სავსებით მართალი ბრძანდებით, ბალტიისპირეთის ქვეყნებს დიდი დრო დასჭირდათ თავისუფლების მოსაპოვებლად. მაგრამ მაშინ სულ სხვა ვითარებასთან გვქონდა საქმე. დღეს მოსკოვსა და დასავლეთს შორის აღარ არის ის იდეოლოგიური დაპირისპირება, რომელიც საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს შორის არსებობდა. ვფიქრობ, მოსკოვთან ურთიერთობა აუცილებელია და მაშინ პრობლემებსაც უკეთ მოვაგვარებთ. ამას დრო დასჭირდება. არც შეერთებულ შტატებს, არც ნატოს, და არც ევროკავშირს, არ მოგვეპოვება ჯადოსნური კვერთი, რომელსაც საქართველოს შევთავაზებდით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების გადასაჭრელად.

რადიო "თავისუფლება": სამშაბათს ევროპის საბჭოს გენერალურმა ასამბლეამ მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისთვის. ზოგმა პარლამენტარმა მას ისიც კი მოსთხოვა, გააუქმოს სეპარატისტული რეგიონების აღიარების გადაწყვეტილება. რამდენად რეალურია შანსი, რომ მოსკოვმა მართლაც გადადგას ასეთი ნაბიჯი?

დენის კორბოი: არა მგონია, რუსეთმა ყურადღება მიაქციოს ევროპის საბჭოს. სამწუხაროდ, ევროსაბჭოს არ მოეპოვება საკმარისი ძალა საიმისოდ, რათა დღევანდელი მოსკოვის ყურადღება მიიპყროს. (...) ეს მართლა სამწუხაროა. ვფიქრობ, რუსეთზე ზემოქმედება ევროპის კავშირს უკეთ შეუძლია.

რადიო "თავისუფლება": მაინც, რა როლის შესრულება შეუძლია ევროკავშირს კავკასიაში სტაბილურობის დამკვიდრების საქმეში? და რა არის საჭირო იმისთვის, რათა რუსეთმა მას ყური ათხოვოს? ეკონომიკური სანქციების საკითხი ჯერაც აქტუალურია?

დენის კორბოი: არა მგონია, სანქციების გზის არჩევა უპრიანი იყოს, რადგან შეუძლებელია რუსეთისნაირი ქვეყნის იზოლირება. შეიძლება, იზოლაციაში მოაქციო ზიმბაბვე ან ჩრდილოეთი კორეა, მაგრამ შეუძლებელია ასე მოექცე ასეთ უზარმაზარ ქვეყანას, რომელიც, ამასთანავე, დიდძალი ბუნებრივი რესურსების პატრონია, ფლობს ბირთვულ იარაღს, აქვს ვეტოს უფლება გაეროში, სარგებლობს უზარმაზარი გავლენით მსოფლიოს ბევრ ნაწილში, კერძოდ ახლო აღმოსავლეთში. არ შეიძლება რუსეთის იზოლირება. მაგრამ რის გაკეთებაც შეიძლება, არის ევროპის კავშირთან ურთიერთდამოკიდებულების ხაზგასმა. რუსეთს სჭირდება ევროკავშირი თავისი ენერგომატარებლების გასაყიდად. (...) და ამასთან, ჩვენი ვალია, მუდამ ვახსენებდეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ რუსეთის მხრიდან ეს იყო მიწის მიტაცება, რომელიც გაუმართლებელია საერთაშორისო კანონმდებლობით. და დადგება დღე, როცა დავსხდებით და მოლაპარაკების გზით მოვნახავთ გამოსავალს. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს თეფშით ვერ მივართმევთ საქართველოს - მიუხედავად განხორციელებული ეთნიკური წმენდისა, მთელი იმ უსამართლობისა და საზარელი ამბებისა, რომლის მოწმენიც გავხდით. ამ საკითხის მოსაგვარებლად დრო დაგვჭირდება.

რადიო "თავისუფლება": ზოგი ექსპერტისა და პოლიტიკოსის აზრით, ბევრ რამეში დასავლეთმა ანგარიში არ გაუწია მოსკოვის ინტერესებს. "ინტერნეშნლ ჰერალდ ტრიბიუნში" გამოქვეყნებულ წერილში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნები ჰენრი კისინჯერი და ჯორჯ შულცი ასეთ საკითხებად მიიჩნევენ ნატოს გაფართოების პოლიტიკას, დასავლეთის ბევრი სახელმწიფოს მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას, პოლონეთსა და ჩეხეთში ანტისარაკეტო სისტემის ელემენტების განვთავსებას, საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის შეთავაზებას. როგორ ფიქრობთ, უკეთესი იქნებოდა, დასავლეთს ეს საკითხები მოსკოვთან რომ შეეთანხმებინა?

დენის კორბოი: "შეეთანხმებინა" ალბათ მეტისმეტად ძლიერი სიტყვაა. მაგრამ მესმის, რის თქმა სურდათ წერილის ავტორებს, სტატია მართლაც საინტერესოა. ჩემი აზრით, დასავლეთის დიპლომატიის მთავარი შეცდომა ის იყო, რომ საკმარისი გულისყურით არ ექცეოდა რუსეთს, საკმარისად არ ურთიერთობდა რუსეთის მთავრობასთან და რუს დიპლომატებთან. ვფიქრობ, ეს საყვედური ყველაზე მეტად ამერიკის ამჟამინდელ მთავრობას ეკუთვნის. დიალოგი არის ის, რასაც ყველანი უნდა ვესწრაფოდეთ. მოსკოვს ხომ მუდამ ეს მთავრობა არ ეყოლება! გარკვეული დროის შემდეგ, იმედია, სხვაგვარ რუსეთთან გვექნება საქმე.

რადიო "თავისუფლება": კი მაგრამ ახლანდელი მთავრობა რუსეთის საზოგადოების არნახული მხარდაჭერით სარგებლობს...

დენის კორბოი: დიახ, სარგებლობს, და ეს იოლად ასახსნელია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა არაერთი დამცირება გამოსცადა - უწინარესად თავისი იდენტობის საკითხში. ამის მონელებას დრო დასჭირდება. კიდევ გავხდებით მოწმენი ამ პრობლემისადმი ირედენტისტული, რევიზიონისტული მიდგომისა, - ტერიტორიების დაბრუნებაზე საუბრისა - რასაც მზად უნდა შევხვდეთ. პრობლემასთან გამკლავების საუკეთესო გზა კი დიალოგი და ურთიერთგაგების მიღწევაა; თუმცა, ისე, რომ ხელი არ ავიღოთ საკუთარ პრინციპებზე. ვფიქრობ, სახელმწიფო მდივნების წერილში წამოჭრილია მნიშვნელოვანი საკითხი - რუსეთის მიმართ მეტი სიფაქიზის გამოჩენა გვმართებდა. ეს ეხება საქართველოსაც, ჩვენს ქართველ მეგობრებს. ხშირად, მათი რიტორიკა აშკარად ვნებდა ურთიერთობებს, ზოჯგერ რუსეთის მიმართ მეტისმეტად აგრესიულ გამონთქვამებსაც გაიგონებდით. ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, დროდადრო მაინც, ენისთვის კბილი დაგვეჭირა და უფრო მშვიდად გვესაუბრა და მოკავშირეების შეძენა დიპლომატიის გზით გვეცადა - არა მეგაფონების დიპლომატიის, არამედ დიპლომატიის გზით. ასე რომ, მომხდარიდან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ - თუმცა, ვიმეორებ: ისე, რომ საკუთარ პრინციპებზე უარი არ ვთქვათ.
XS
SM
MD
LG