Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჰიუმან რაიტს უოჩი" მოსკოვს მოუწოდებს, გამოიძიოს სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო პირთა წამების ფაქტები და დასაჯოს დამნაშავეები


21 სექტემბერს ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ "ჰიუმან რაიტს უოჩმა" გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საუბარია სამხრეთ ოსეთში, საომარი მოქმედებების დროს

და შემდგომ დაკავებულ სამოქალაქო პირთა მიმართ წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე, ამ ფაქტების გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯის აუცილებლობაზე. "ჰიუმან რაიტს უოჩის" მკვლევართა ჯგუფმა უკვე ორჯერ იმოგზაურა საქართველოში და კარგა ხანი დაჰყო როგორც უშუალოდ სამხრეთ ოსეთში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე. დავით კაკაბაძემ ჟენევაში დაურეკა ამ ჯგუფის ერთ-ერთ წევრს და "ჰიუმან რაიტს უოჩის" ანგარიშების თანაავტორს ტატიანა ლოკშინას.

ტატიანა ლოკშინა: საქართველოში მუშაობის მანძილზე "ჰიუმან რაიტს უოჩმა" შეძლო, გასაუბრებოდა არაერთ ადამიანს, რომლებიც სამხრეთ ოსეთში დაპატიმრებული თუ დაკავებული იყო ან მძევლად იყო აყვანილი ოსების რაზმების მიერ. მთელ რიგ შემთხვევებში მოვახერხეთ, დოკუმენტურად დაგვედასტურებინა დაკავებულთა და მძევალთა მიმართ წამებისა და სასტიკი, ადამიანური ღირსების შეურაცხმყოფელი მოპყრობის შემთხვევები. ამის გამო ჩვენ უკიდურესად შეშფოთებული ვართ და მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, ამ პრობლემას ყურადღება მიაქციოს. რადგან დღეს იმ ტერიტორიას, რომელზეც ვსაუბრობთ, რუსეთის ფედერაცია აკონტროლებს. ასევე დაჟინებით მოვითხოვთ, რომ დამნაშავეებს პასუხი აგებინონ. ვესაუბრეთ, აგრეთვე, რამდენიმე პირს, რომლებიც ქართველმა სამხედროებმა დააკავეს და გარკვეული ხნის მანძილზე დაკავებული იყვნენ ქართული მხარის მიერ. ამ დროისთვის ეს ხალხი გათავისუფლებულია. სულ ცოტა, ორმა პირმა გვითხრა, რომ მათს მიმართ აკრძალულ მეთოდებს იყენებდნენ. აქ საუბარი არ არის წამებაზე, მაგრამ იყო ცემის შემთხვევები და დაკავებულები არასათანადო კვებას უჩიოდნენ.

რადიო "თავისუფლება": თქვენი ინფორმაციით, ამჟამად არიან თუ არა დაკავებულები სამხრეთ ოსეთში?

ტატიანა ლოკშინა: საკმაოდ რთული შეკითხვაა, რადგან ამჟამად ჩვენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე აღარ ვიმყოფებით. ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, სამხრეთ ოსეთში თითქოს დღესაც იმყოფებიან ქართველი მძევლები. თავის მხრივ, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებიც გვეუბნებოდნენ, რომ ოსი ეროვნების რამდენიმე პირს დღემდე აკავებენ საქართველოში. ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს როგორც ერთი, ისე მეორე მხარე. დაბეჯითებით იმის თქმა შეიძლება, რომ აგვისტოს მიწურულისთვის დაკავებულთა და მძევალთა უმრავლესობა გათავისუფლებულ ან გაცვლილ იქნა.

რადიო "თავისუფლება": შეგიძლიათ მათი რაოდენობა დაგვისახელოთ?

ტატიანა ლოკშინა: ზუსტ რაოდენობას, სამწუხაროდ, ვერ გეტყვით. ვიცით, მაგალითად, რომ სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი დაკავების იზოლატორში ასზე მეტი ქართველი სამოქალაქო პირი იყო მოთავსებული, მათ შორის ქალები და მოხუცები. ვიცით ისიც, რომ ამ ხალხს სრულიად არაადამიანურ პირობებში ამყოფებდნენ - ერთ პატარა ოთახში, და ყველას ერთად. მათ, ფაქტობრივად, არ აჭმევდნენ, ამუშავებდნენ, ქუჩებს ასუფთავებინებდნენ. შედარებით უფრო ახალგაზრდა მამაკაცებს ამარხინებდნენ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ცხედრებს და ა.შ. სხვათა შორის, სამხრეთ ოსეთში ამ ხალხის დაკავების პირობები, ჩვენთან ერთად, მკაცრად გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმაც. ცხადია, აქ გასათვალისწინებელია, რომ 2008 წლის აგვისტოში ცხინვალში ისედაც მძიმე პირობები იყო: არ იყო დენი, არ იყო წყალი, არ იყო სურსათი... ჩვენ იმ დროს თვითონაც ცხინვალში ვმუშაობდით. ასე რომ, გვესმის, რა სირთულეების წინაშე იდგა ადგილობრივი ხელისუფლება და გვესმის, რომ ეს ყველაფერი დაკავების პირობებზეც აისახებოდა, მაგრამ მეორე მხრივ, ადგილობრივ ხელისუფლებას არავითარი უფლება არ ჰქონდა, სამოქალაქო პირები დაეკავებინა; ხოლო დაკავების შემთხვევაში ვალდებული იყო, მათთვის მეტ-ნაკლებად მისაღები პირობები უზრუნველეყო.

რადიო "თავისუფლება": თქვენ აღნიშნეთ, რომ აპირებთ, დაჟინებით მოსთხოვოთ რუსეთის ხელისუფლებას, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს. რამდენად გაქვთ იმის იმედი, რომ რუსეთის მთავრობა თქვენს მოწოდებას ყურს ათხოვებს?

ტატიანა ლოკშინა: ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსეთის ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს ადამიანის უფლებებისა და წესრიგის დაცვა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებს. ბოლოს და ბოლოს, ეს რუსეთის ფედერაციის უპირობო ვალდებულებაა. და რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია, გავლენა იქონიოს თავის სამხრეთოსეთელ მოკავშირეებზე. ვერაფერს გეტყვით იმაზე, მოხდება თუ არა ეს ან როდის მოხდება, მაგრამ ეს რუსეთის ხელისუფლებისადმი ჩვენი მტკიცე მოთხოვნაა. აქვე მინდა დავამატო, რომ უკიდურესად შეშფოთებული ვართ ეგრეთ წოდებულ "ბუფერულ ზონებში" შექმნილი ვითარების გამო. საქართველოს პოლიციას იქ არ უშვებენ და, შესაბამისად, იგი ვერც წესრიგს უზრუნველყოფს. იქ რეგულარულად შედიან ოსების შეიარაღებული ჯგუფები, ავიწროებენ ადგილობრივ მოსახლეებს და წვავენ სახლებს. და რუსეთის შეიარაღებული ძალები არაფერს აკეთებენ "ბუფერული ზონის" სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოებისა და მათი ქონების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად. უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის მხრივ იქ აბსოლუტური ვაკუუმია. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართულ სოფლებს, იქ უკვე თვეზე მეტია, გრძელდება საცხოვრებელი სახლების სისტემატური გადაწვა. ხალხი იქიდან წამოსულია, ძირითადად აქტიური საომარი მოქმედებების დაწყებამდე, მაგრამ შინ დარჩა ყველაზე მოხუცი, ყველაზე უმწეო ხალხი. მთელი ამ ხნით მანძილზე, აქტიური საბრძოლო მოქმედებების დასრულების დღიდან, თანდათან ხდებოდა მათი ევაკუაცია წითელი ჯვრის, მიერ. ამ მხრივ გარკვეული თანამშრომლობა გასწია რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტრომ. მაგრამ სინამდვილეში, წასვლის მსურველებიდან დღესდღეობით ყველა როდია ევაკუირებული - ეს ჩვენთვის ცნობილია სამხრეთ ოსეთში ჩვენი მეორე მისიის მეშვეობით, რომელიც 9 სექტემბერს დასრულდა. და მეტიც - ამ ტეროტირიაზე იმყოფებიან ადამიანები, რომელთაც არც სურთ სხვაგან გამგზავრება და რომელთა უსაფრთხოებაც სულ არ არის უზრუნველყოფილი. და ესეც მნიშვნელოვანი ამოცანაა რუსეთის ხელისუფლებისთვის, რუსი სამხედროებისთვის. უნდა ითქვას, რომ ამ სოფლებს სამხრეთ ოსეთში ცეცხლი მოედო უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ. და ჩვენ მომენტალურდ შევძელით მიმდინარე მოვლენების აღრიცხვა. ამაზე ძალიან ბევრს ვლაპარაკობდით და დაჟინებით მოვუწოდებდით რუსეთის ხელისუფლებას ვითარების გამოსწორებისკენ. და 13 აგვისტოს - ყოველ შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთ ანკლავში, ცხინვალის მახლობლად, რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა მოაწყეს ბლოკ-საგუშაგოები და აღარ უშვებდნენ ამ სოფლებში ოს შეიარაღებულ პირებს, აღარ უშვებდნენ მაროდიორებს და რამდენიმე დღის მანძილზე ვითარება ჩვენს თვალწინ გაუმჯობესდა. ჩვენ დიდ კმაყოფილებას გამოვთქვამდით რუსეთის არმიის მიერ ამ კარგი, მართლაც აუცილებელი საქმის გაკეთების გამო. მაგრამ შემდეგ, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, პოსტები მოხსნეს და სოფლები ისევ გაეხვია ცეცხლში. ამდენად, ვხედავთ იმის სავსებით თვალნათელ მაგალითს, რომ რუსეთის ხელისუფლებას, რუს სამხედრო მოსამსახურეებს შეუძლიათ პრაქტიკული ზეგავლენა მოახდინონ ვითარებაზე, შეუძლიათ გამოასწორონ სიტუაცია, მაგრამ რატომღაც გადაწყვიტეს, ეს არ გააკეთონ.

რადიო "თავისუფლება": თქვენ გულისხმობთ, პირველ რიგში, სოფელ თამარაშენს?

ტატიანა ლოკშინა: ვგულისხმობ ჩრდილოეთ ანკლავს, ანუ სოფლებს - კეხვს, ქურთას, აჩაბეთსა და თამარაშენს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG