Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური მიმოხილვა


2008 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევა და მისი მოცულობა 255 მილიონი ლარით გაიზრდება.

ცვლილებები რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად და დევნილთა დახმარების მიზნით შედის. შედეგად, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 7,209 მილიარდ ლარს მიაღწევს.
354 მლნ ლარით იზრდება ბიუჯეტის გრანტების მუხლი. ასევე, წლის დასაწყისისთვის გამოყენებული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში არსებული ნაშთი, რაც დაახლოებით 300 მილიონ ლარს შეადგენს. 107 მილიონი ლარით გაიზრდება რეგიონალური ბიუჯეტები.

ეს თანხა მუნიციპალიტეტებს შენობების მშენებლობისთვის, შეკეთებისა და სხვა საჭირო სამუშაოებისთვის გამოეყოფათ. 25 მილიონი ლარი ამ მიზნით უკვე გადარიცხულია შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში.
150 მილიონი ლარით იზრდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, 100 მილიონი ლარით - შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი. ეს თანხებიც ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება.

ცვლილებები შევა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტშიც. რთველზე იქნება გამოყოფილი დამატებით 9 მილიონი ლარი და 4 მილიონი ლარი მოაკლდება სოფლის მეურნეობის სხვა პროგრამებს.

ასევე, 9,5 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი ეკონომიკის სამინისტროსთვის `იაფი კრედიტის~ პროგრამით რთვლის დასაფინანსებლად. ჯამში, რთვლის ღონისძიებებს წელს 18,5 მილიონი ლარი მოხმარდება.

დაფინანსება ეზრდებათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (14 მილიონით), ჯანდაცვის სამინისტროებს (შესაბამისა,დ 14 და 16 მილიონი) და თბილისის მერიას. სამაგიეროდ, ენერგეტიკის სამინისტროს მოაკლდება 12 მილიონი ლარი, ფინანსთა სამინისტროს - 4 მილიონი, კულტურის სამინისტროს - 3 მილიონი, საქართველოს პარლამენტს - 2 მილიონი, საგარეო საქმეთა სამინისტროს _ 1,5 მილიონი ლარი.

საქართველო, ბიზნესის წარმოების მხრივ, მსოფლიოში მე-15 ადგილზეა. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ყოველწლიურ Dოინგ Bუსინესს-ის რეიტინგში საქართველო საკუთარ პოზიციას უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში აუმჯობესებს. თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველო ამჟამადაც ვერ მოხვდა საუკეთესო 10 რეფორმატორ ქვეყანას შორის, სადაც აზერბაიჯანი ლიდერობს.

საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისა და ბიზნესების რაოდენობა 100 ადამიანზე 15-ს შეადგენს. ანალოგიური მაჩვენებელია მალაზიასა და სინგაპურში. კვლევის მიხედვით, საქართველოში განხორციელდა რეფორმები ბიზნესის დაწყების, კრედიტის აღების, უძრავი ქონების დარეგისტრირებისა და გადასახადების გადახდის კუთხით. ბიზნესის რეგისტრირებისას, მინიმალური კაპიტალის ოდენობის შემცირების შედეგად, კომპანიების რეგისტრაციის მაჩვენებელი 55%-ით გაიზარდა, რითაც საქართველო მხოლოდ საუდის არაბეთს ჩამორჩება, სადაც რეგისტრირებული საწარმოების რიცხვმა 81%-ით მოიმატა.
თუმცა ეს ომამდელი ვითარების შეფასებაა. დღეს კი ქვეყანაში სულ სხვა პრიორიტეტებია. მუშაობა დაიწყო რამდენიმე ორგანიზაციის ერთობლივმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც საქართველოში საჭიროების ერთობლივი შეფასების მისიით არის ჩამოსული. ჯგუფში შედიან აზიის განვითარების ბანკის, ევრობანკის, ევროკომისიის, ევროპის საინვესტიციო ბანკის, გაეროსა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
შეფასება, რომელსაც 8-21 სექტემბერს საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე მსოფლიო ბანკი გაუძღვება, ქვეყანაში კონფლიქტის შედეგების დასაძლევად, აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად პრიორიტეტებისა და საჭირო დაფინანსების განსაზღვრის მიზნით წარიმართება. სამუშაო ჯგუფი შეაფასებს ყველაზე გადაუდებელ საჭიროებებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება, ჯანდაცვა, განსახლება, ბიზნესგარემო, აგრეთვე, იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისა და კრიზისის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალურ მოთხოვნილებათა საკითხები.

ერთობლივი მუშაობის შედეგები აისახება ანგარიშში, რომელიც, სავარაუდოდ, 2008 წლის ოქტომბრისთვის იქნება მზად. მსოფლიო ბანკის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კვლავაც ერთგული რჩება თავისი გადაწყვეტილებისა, გააუმჯობესოს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონე და განაგრძოს ქვეყნის ეკონომიკური რეფორმისა და განვითარების ხელშეწყობა. გარდა ამისა, ბანკი საქართველოს ხელისუფლებას დაეხმარება სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის საჭირო ინვესტიციებისთვის სხვადასხვა დონორთა მიერ ერთობლივი სატრასტო ფონდის ჩამოყალიბებაში, რათა შესაძლებელი გახდეს კონფლიქტის შედეგების სწრაფი აღმოფხვრა.

აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს დამატებით 100 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს. აღნიშნული თანხა იქნება იმ ერთი მილიარდი ამერიკული დოლარის ნაწილი, რომელსაც აშშ საქართველოსთვის გაიღებს.
საქართველოში ომის შემდეგ პირველი ინვესტორიც ჩამოვიდა. `დოჰენი ჯგუფი~, ძირითადად, სამშენებლო საკითხებით არის დაინტერესებული, თუმცა ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა სახის ინვესტიციას ჩადებს საქართველოში.
ისრაელი კი საქართველოს მაქსიმალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ დახმარებას გაუწევს. ისრაელმა საქართველოს არასტანდარტული დახმარება აღმოუჩინა, კერძოდ, საქართველოში განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცები უკვე გადიან მკურნალობას ისრაელში.

საქართველოს ხელისუფლება მევენახეობის სექტორის სუბსიდირებას განახორციელებს. წელს მევენახეებს პირდაპირი სუბსიდია მიეცემათ და დაგეგმილია შავ ყურძენზე 25 თეთრის, ხოლო თეთრ ყურძენზე 15 თეთრის გამოყოფა. ყველა ტექნიკური საკითხი გადაწყვეტილია და მომზადებულია ვაუჩერები. საქართველოში წელს დაახლოებით 130 ათასი ტონა ყურძნის მოსავალი იქნება.
ფოთის პორტის მფლობელმა არაბულმა ჯგუფმა `რაკ-ია საქართველომ~ რუსული აგრესიის შედეგად პორტისთვის მიყენებული ზარალი 2 მილიონ დოლარად შეაფასა. `რაკ-ია საქართველო~ საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით შეიტანს. ფოთის ინდუსტრიული ზონის მშენებლობა რუსული საგუშაგოების დახურვის შემდეგ გაგრძელდება. ფოთის ინდუსტრიული ზონის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულებულია. ახლა უფრო დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ ფოთის ინდუსტრიულ ზონაში ინვესტორები შემოვიდნენ.

არაბული ჯგუფი სხვა საინვესტიციო პროექტებსაც აგრძელებს. კომპანიამ აგვისტოში თბილისში მიმდინარე პროექტებში - `აფთაუნ თბილისი~ და `თბილისი ჰაითსი~ - დამატებით 11 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. რაც შეეხება ფოთის საზღვაო ნავსადგურს, უახლოეს მომავალში მასში 200 მილიონი დოლარის ჩადება იგეგმება.
რუსული აგრესიის კიდევ ერთი მსხვერპლი _ გრაკალი-მეტეხის სარკინიგზო მონაკვეთი - უკვე აღდგენილია და ექსპლუატაციაში შევიდა. ხიდის კაპიტალური შეკეთება `საქართველოს რკინიგზის~ დაფინანსებით მოხდა და 1 მილიონი დოლარი დაჯდა.

რუსეთში კი ელექტროენერგიის ექსპორტი განახლდა აფხაზეთში მდებარე ელექტროგადამცემ ხაზ `სალხინოს~ მეშვეობით. ექსპორტის დღიური მოცულობა 1 მილიონ კვტ/სთ-ს შეადგენს. რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტი აგვისტოშიც - კონფლიქტის პერიოდშიც - მიმდინარეობდა და მხოლოდ 21 აგვისტოს შეჩერდა. ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ენერგეტიკულ სფეროში რუსეთთან თანამშრომლობა არ შეწყდება.

`ენერგო-პრო ჯორჯია~ კი სომხეთთან ელექტროენერგიის იმპორტზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო იქნება იმპორტი, `ენერგო-პრო ჯორჯია~ ელექტროენერგიას თურქეთიდან შემოიტანს. კომპანიის კუთვნილი ჰესებიდან ზაფხულის პერიოდში თურქეთში გატანილი ელექტროენერგიის სანაცვლოდ, ეს ქვეყანა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში 200-250 მლნ კვტ/სთ-ს მიაწვდის საქართველოს. სომხეთიდან, საჭიროების შემთხვევაში, 100-150 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტია შესაძლებელი. რაც შეეხება რუსულ აგრესიას, მის შედეგად `ენერგო-პრომ” 6 მილიონი ლარით იზარალა. ზარალში შედის როგორც დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები, ასევე ქვესადგურები, რომლებსაც `ენერგო-პრო~ ამ დროისთვის ვერ აკონტროლებს ახალგორის რაიონსა და ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებში. გრძელდება რუსი ჯარისკაცების მიერ ელექტროენერგიის დატაცებაც.
ავიაკომპანია `ევროლაინი~ პირველი ოქტომბრიდან თბილისი-სტამბულისა და ბათუმი-სტამბულის მიმართულებით ფრენებს იწყებს.

მანამდე `ევროლაინი~ სისტემატურად შეასრულებს რეისებს ხარკოვის, კიევის, ოდესის, მინსკის, ალმა-ათისა და დუბაის მიმართულებით.

უახლოეს ხანებში საქართველოსა და სომხეთს შორის საჰაერო მიმოსვლაც დაიწყება. უახლოეს პერიოდში დაიწყება ასევე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და შვეიცარიას შორის, რაც ევროპაში მიმოსვლას კიდევ უფრო გააიოლებს.
XS
SM
MD
LG