Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''ყველას გვეშინია - ოსებსაც და ქართველებსაც...'' ახალგორის მკვიდრთა ნაამბობი


ამ მძიმე დღეებში თითქმის ყოველდღე ვისმენთ საგანგაშო ამბებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მთელი მსოფლიო ადევნებს თვალყურს რა ხდება კონფლიქტის ზონაში,

გორში, ფოთში თუ ზუგდიდში... როგორ იწვის ტყეები ბორჯომსა და წაღვერში. ნაკლებად ვიცით რა ხდება ახალგორის რაიონსა და მის ადმინისტრაციულ ცენტრში. ადგილობრივ მცხოვრებთა ნაამბობით, აქამდე დაბაში მხოლოდ ოს სეპარატისტთა ძალები იმყოფებოდნენ, 20 აგვისტოს კი დაბაში რუსეთის სამხედრო ნაწილები და ტექნიკა შევიდა. მე შევეცადე გამერკვია როგორ ვითარდებოდა მოვლენები ამ რეგიონში 7 აგვისტოდან მოყოლებული, როგორ ცხოვრობენ და რა გასაჭირი აქვთ ახალგორელებს...

საცნობარო ლიტერატურიდან: ახალგორი - დაბა ახალგორის რაიონში, რაიონული ცენტრი. საბჭოთა პერიოდში ცნობილი იყო ლენინგორის სახელით. მდებარეობს ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ქსნის მარცხენა სანაპიროზე.
ეს რეგიონი ყოფილი სამხრეთ ოსეთის საზღვრებში შედის, მაგრამ კონფლიქტის ზონა არასოდეს ყოფილა. არასოდეს... ამ ბოლო დღეებამდე.
იმის შესახებ კი, რა ხდება ამ ბოლო დღეებში ახალგორში, საქართველომ და მსოფლიომ ნაკლებად იცის. დაბის ერთ-ერთი მკვიდრი მიამბობს, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი.
(ახალგორელი ქალბატონის ხმა):
,,ვიყავით შესულები ტაძარში. შვილიც იქ მყავდა... და ამ დროს, ორის ნახევარზე, კასპის ცემენტის ქარხანასთან რომ ჩამოყარეს ჭურვები... მაგ ღამეს იყო, რომ - არ ვიცი რა ჰქვია, სწრაფმავალი თუ, რა ვიცი, როგორი რაკეტები... იმისი გამყინავი ხმა იყო ისეთი, რომ შეაზანზარა ყველაფერი. ყველანი მიწაზე დავწექით... როგორღაც გადავრჩით.”

- ის ღამე რაღაცნაირად გავიტანეთო, - ჰყვებიან ახალგორელები, მაგრამ როცა გავიგეთ, რომ ჯარები ორჭოსანთან მოვიდნენ, ძალიან შევშინდით, რადგან გვესმოდა, რომ ორჭოსანიდან ერთ საათში ფეხით შეეძლოთ ახალგორში გადმოსულიყვნენ. იმავე ქალბატონმა მითხრა, ის ღამე იყო, როცა ერთმა ოსმა ქალბატონმა თავის ნათლიას, ჩემს მეგობარს, უთხრა - თავს უშველეთ, გაიქეცითო. და ჩვენც გავიქეცით.

(ახალგორელი ქალბატონის ხმა): "ერთი ქალი დაბრუნდა იმისთვის, რომ ჯოხი დარჩა. ფეხი აქვს გაშეშებული... და მეორეს, უკაცრავად, მაგრამ - კბილის პროთეზი. მაგაზე ძვირფასი, რომ არაფერი აქვს სახლში, აი, ასეთები ვართ დარჩენილები. და წავედით, გავიქეცით... მთელი ღამე ვიყავით ტყეში. ვაიმე, სად ავედით, რომ იცოდეთ. რამდენი კილომეტრი [ვირბინეთ] შიშისგან. გვგონია, რომ მივრბივართ და მოგვდევენ..."

მთელი ღამე ტყეში გავატარეთო... იქიდან გავიგეთ, რომ ახალგორის შემოსასვლელთან იდგნენ ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები - რუსული დროშით. მეორე დღეს კი გავიგეთ, რომ ახალგორის დამაკავშირებელ ხიდთან იყვნენ მოსულებიო.

(ახალგორელი ქალბატონის ხმა): "და ვხედავდით, როგორ მოდიოდა ეს სამი ურალის მანქანა, ზედ ისხდნენ დროშებით და მე ტყიდან ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ ხსნიდნენ ქართულ დროშებს და რუსულ დროშებს როგორ ამაგრებდნენ.”

ტყეში გახიზნულებისთვის სამყაროსთან ერთადერთი კავშირი - მობილური ტელეფონი იყო. ამაზეც ფრთხილობდნენ.

(ახალგორელი ქალბატონის ხმა): "გვითხრეს, რომ მობილურის სინათლეც ჩანდა, მე ქურთუკი მქონდა გადაფარებული და ისე ვწერდი ესემესებს, რომ შუქი არავის მოხვედროდა თვალში, იმიტომ, რომ ისეთი დურბინდები აქვთ, რომლებითაც ღამეც კი შეიძლება ყველაფრის დანახვა."

მათი თქმით, 20 აგვისტომდე ახალგორში რუსი ჯარისკაცები არ შესულან. სულ ოსები არიანო. ტყეში ბიჭები გამოგვიგზავნეს, ნუ გეშინიათ, ჩამოდით და იცხოვრეთ, ოღონდ ერთი ტყვია არ უნდა გავარდეს, თორემ სახლი არ დარჩება მთელიო. და კიდევ უნდა შეიგნოთ, რომ საქართველოში აღარ ცხოვრობთო.

(ახალგორელი მამაკაცის ხმა): "გვთავაზობდნენ რუსულ პასპორტებს. არაფერს არ გვიზამდნენ, თუ მშვიდად ვიქნებოდით და ავიღებდით რუსულ პასპორტებს - ვიქნებოდით მოქალაქეები.”

ჩვენი წყაროს თქმით, ჯავშანმანქანებით დაბაში ოსი სეპარატისტები დადიან, ადგილობრივ მოსახლეობას თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ და მოითხოვენ, რომ თავიანთ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.

(ახალგორელი ქალბატონის ხმა): "ამათ შემოუძღვა, სხვათა შორის, ახალგორიდან გაქცეული ერთი ოსი. ამათი მეთაური ის არის და ხან ამბობენ გამგებლად ეგ დანიშნესო, ხან პოლიციის უფროსადო, ხან კომენდანტადო... მე გავედი და შევხვდი ამ ოს ბიჭებს..."

ამავე ქალბატონმა მოგვაწოდა ჩანაწერი, რომელიც ოს ჯარისკაცებთან საუბრისას მალულად გააკეთა. ამ ჩანაწერში ოსური საუბარი ისმის, იგი კი ხმამაღლა იმეორებს იმ ოსი მეომრის სახელს, ვისაც ესაუბრება.

(ხმაური, საუბარი და ქალის ხმა):
,, ... ჩარაევი მალხაზი, არა? ... ”

ხელზე თეთრი ლენტები უკეთიათ და ამბობენ სამშვიდობოდ მოვედითო, გვითხრა ერთმა ქალბატონმა. მე კი ვუთხარი, კი მაგრამ ჯავშანჟილეტიც ხომ გაცვიათ-მეთქი? - ეგ უკვე თქვენი საქმე არ არისო.

ამ რეგიონში წლების მანძილზე არავინ არჩევდა ოსსა და ქართველს.

(ახალგორელი ქალბატონის ხმა): "ჩემი შვილი 11 წლისაა, ისიც ოსია. ვუთხარი, მე შვილი ოსი მყავს-მეთქი. ეგ არ გვაინტერესებსო, ასე მითხრეს - ოსი შვილი გყავს თუ ვინა გყავს... ჩვენი ოსი დედებიც ეგრე დარბოდნენ ტყეშიო."

დღეს ახალგორში ოსსაც და ქართველსაც ერთნაირად ეშინია - სულ სხვა ოსების გარემოცვაში. ჩემი ერთ-ერთი თანამოსაუბრე, ოსი ეროვნების ქალბატონი, თავის შიშსა და წუხილს მიზიარებს:

(ახალგორელი ქალბატონის ხმები):
- რა ვიცი, ყველას გვეშინია, ოსებსაც და ქართველებსაც. ამაში მოყვება ქართველიც და ყველა. ძალიან გვეშინია...
- რამდენნი ხართ მანდ დარჩენილი?
- რა ვიცი, ვისაც წასასვლელი არა აქვს... ბებრები... ერთმანეთს ვპატრონობთ ოსებიც და ქართველებიც, ერთმანეთს გულს ვუკეთებთ. რა ვიცი... საავადმყოფოშიც კაციშვილი არავინ არის...ასე დაგვყარეს უპატრონოდ და ასე ვართ...
- რას ჭამთ, რას სვამთ, როგორ არსებობთ?
- აი, ასე... მაინც ეხლა სოფელია და ბაღებში რაცა გვაქვს - აი, ამეებითა... ფურნეში უცბათ გამოცხვება პური, ხალხი დაიტაცებს ამ პურს... ზოგი სახლში ვაცხობთ და, აი, ასე...”

ოსურ კილოს აქ ექსპერტიზა არ სჭირდება. შემოსულ ოსებს შორის ახალგორელებმა ცხინვალელები ამოიცნეს.

(ახალგორელი ქალბატონის ხმა): "საუბარზეც ეტყობათ, აქცენტზე. და საუბარში სხვადასხვანაირად ხმარობენ სიტყვებს აქაური ოსები და ცხინვალელი ოსები, და ახლა ცხინვალელებიც შემოერია ამათ."

ახალგორის დაბნეული მოსახლეობა ამბობს, რომ შემოსული ოსები რუსულ მანქანებსა და ტექნიკაზე სხედან, თუმცა ამბობენ, რომ თვითონაც არ უნდათ რუსების შემოსვლა. მერე მაგათ კაზაკები მოჰყვებიან და დაიწყება არეულობაო. მათ შორის 60 წლის მოხუცებიც არიან და სულ ყმაწვილი ბიჭებიცო.

(ახალგორელი მამაკაცის ხმა): "პატარა ბიჭები არიან, სულ პატარა ბიჭები... ავტომატები ჰკიდიათ კისერზე და ვერ იკავებენ, მე მგონი, ლამის წაიქცნენ, ისეთი პატარაა ზოგი..."

20 აგვისტოს ახალგორელებმა შეგვატყობინეს, დღეს ახალი ძალები გამოჩნდნენ და დიდძალი ტექნიკა შემოვიდა ხეობაშიო.

(ახალგორელი მამაკაცის ხმა): "ტექნიკა შემოვიდა ახლა, წავიდნენ მთის მიმართულებით, ზევით, ახალგორის ტერიტორიაზე... სალდათები, ბეტეერები ... დაახლოებით 11 იყო... რუსული შესახედაობა ჰქონდათ...”

(ახალგორელი ქალბატონის ხმა): "15-მდე დიდი მანქანაა, სულ სამხედრო მანქანები. ერთი იყო ძალიან დიდი ცისტერნა, ალბათ საწვავი მიჰქონდა ... რუსებს ჰგავდნენ და კაზაკებს...”

ორი დღის წინ მთელმა მსოფლიომ ნახა კადრები, როგორ გაარღვიეს ტანკებმა ქართული საგუშაგო და როგორ ათრია რუსულმა ტანკმა ქართული საპატრულო პოლიციის მანქანა. ახალგორელები ამბობენ, რომ ეს ტანკები, ლამისყანის გავლით, სწორედ ახალგორში მიდიოდნენ.

(ახალგორელი ქალბატონის ხმა): "როგორც კი ვნახავთ, რომ ლამისყანისკენ გადმოუხვიეს, მაშინვე ვხვდებით, რომ ლამისყანიდან მარტო ჩვენამდეა მოსასვლელი. და ინტერესიც - ახალგორი აქვთ..."

ამ შიშსა და დაძაბულობაში ადგილობრივი მოსახლეობა მაინც დაჟინებით იმეორებს, რომ ჯერჯერობით ადგილობრივებს არც არაფერს ერჩიან და არც სახლებს აზიანებენ. მათი ვარაუდით კი, ეს იმიტომ ხდება, რომ:

(ახალგორელი ქალბატონის ხმა): "თქვეს, რომ ჯერჯერობით რაღაც შენობებს იმიტომ ინდობენ (თვითონ იმათგან გამოვიდა ეს ხმა), რომ ვიდრე ცხინვალი მოწესრიგდება და აშენდება, კოკოითი უნდათ, რომ აქ იყოსო."

ახალგორში რადიო და ტელევიზია არ გათიშულა და ადგილობრივი მოსახლეობა გულში ჩუმად იმეორებს რუსეთის ყოველ ახალ დაპირებას, რომ ჯარები გავლენ... მაგრამ, მათივე თქმით, წასვლას აქედან არავინ აპირებს:

(ახალგორელი მამაკაცის ხმა): "არა, არა, წასვლაზე არც არის ლაპარაკი... ესენი უკვე მომავალს გეგმავენ და გეგმებზე გველაპარაკებიან, კრებებს ატარებენ და ხალხთან შეხვედრებს..."

ახალგორელების განსაცდელს ისიც ემატება, რომ, გორისა თუ საქართველოს სხვა ოკუპირებული ქალაქებისაგან განსხვავებით, მათი თქმით, იქ არ არის...

(ახალგორელი ქალბატონის ხმა): "არავინ... არანაირი ხელისუფლება, არანაირი პოლიცია, არანაირი - ჩვენი... არაფერი არ არის აქ...”

დღეს, გამთენიისას, კვლავ გაისმა ჩემი მობილურის ზარი, უკვე ნაცნობი ხმა და ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები: ,,მთელი ღამე არ მეძინა... წუხელ ჩვენს რესტორანში 107-მა კაცმა იქეიფა... ჰუმანიტარული დახმარება შემოიტანეს, დღეს აპირებენ დარიგებას. ” და ზარი გაწყდა.

ქსნის ერისთავთა რეზიდენციას ამ დღეებში აღარავინ უწოდებს ახალგორს. ვერ ბედავენ თურმე. ამ დღეებში ის კვლავ ლენინგორია.
XS
SM
MD
LG