საქართველოს მხრიდან სულ 175 სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი დაიღუპა, თუმცა, როგორც მთავრობის წევრები ვარაუდობენ, მსხვერპლის რაოდენობა გაცილებით დიდია. საქმე ისაა, რომ ჰუმანიტარული დერეფნის არარსებობის გამო ვერ ხერხდება კონფლიქტის ზონაში დაღუპული ადამიანების ცხედრების გამოტანა. ასევე რთული ვითარებაა შექმნილი ქალაქ გორსა და გორის რაიონის სოფლებში, სადაც 13 აგვისტოს, დილით, რუსული სამხედრო შენაერთები შევიდნენ. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სურსათისა და მედიკამენტების დეფიციტის პარალელურად, გახშირდა ყაჩაღობის, ადამიანთა გატაცებისა და მოროდიორობის ფაქტები.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გლოვის დღეების გამოცხადების შესახებ საზოგადოებას პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდის დასრულების შემდეგ აუწყა, ხოლო განმარტება, თუ რა ღონისძიებებს მოიცავს გლოვა, უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ გააკეთა:
[ალექსანდრე ლომაიას ხმა] „პროცედურა აღწერილია შესაბამის ინსტრუქციებში. ტელევიზიას შეეცვლება მუშაობის რეჟიმი, დაეშვება სახელმწიფო ორგანიზაციებზე აღმართული დროშები, რომლებზეც შავ არშიებს შეაბამენ და ასე შემდეგ...“(სტილი დაცულია)
საქართველო, როგორც ალექსანდრე ლომაია განმარტავს, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენებისა და საქართველოს სხვადასხვა რაიონებში განხორციელებული საჰაერო თავდასხმების დროს დაღუპულ ადამიანებს გლოვობს. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ლელა ჩაგუნავას თქმით, გარდაცვლილთა რაოდენობა დღიდან დღემდე იზრდება:
[ლელა ჩაგუნავას ხმა] „ჯანდაცვის მინისტრმა გამოაცხადა 175, თუმცა ჯერ არ დაზუსტებულა რამდენია დაღუპულთა შორის სამხედრო მოსამსახურე და რამდენი - სამოქალაქო პირი.“
გარდაცვლილთა და დაჭრილთა საერთო რაოდენობის დასადგენად სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში რუსეთის მხარეს ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობას სთავაზობს, თუმცა, თემურ იაკობაშვილის თქმით, ჯერჯერობით ვერ ხერხდება ვერც დაჭრილების და ვერც ტყვეების გამოყვანა:
[თემურ იაკობაშვილის ხმა] „გუშინ მთელი ღამე ვმუშაობდით ამ კორიდორზე. ვითომ გადაწყვეტილება არის, მაგრამ მე მინდა პრაქტიკული შედეგი: კი ბატონო, მოდი და წაიღე, ეგრე არ ხდება. უნდა ვიცოდეთ დეტალები, ვინ როგორ და როდის მიდის და როგორ მოაქვს. ლაპარაკია ტყვეების გაცვლაზე, ლაპარაკია დაჭრილების მოძიებაზე. ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებები.“(სტილი დაცულია)
სულ სხვა მიმართულება და პრიორიტეტი აქვს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულ რუსულ ჯარს. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანდრე ლომაიას თქმით, 13 აგვისტოს მეზობელი ქვეყნის სამხედრო ნაწილები ქალაქ გორში შევიდნენ, უფრო ადრე კი გორის რაიონის სოფლები დაიკავეს:
[ალექსანდრე ლომაიას ხმა] „9 საათსა და 45 წუთზე შევიდნენ გორში სატანგო კოლონები, მაგრამ, ვიმეორებ, ძალადობრივ მოქმედებას გორელების მიმართ ადგილი არ ჰქონია, თუმცა წუხელ გორის მიმდებარე სოფლებში შევიდნენ ან ჩრდილოკავკასიელები, ან ეთნიკური ოსები და მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა წამებას და მკვლელობასაც კი ეთნიკურ ნიადაგზე.“(სტილი დაცულია)
რადიო „თავისუფლება“ ვითარებაში გასარკვევად გორის ცენტრში, სტალინის ქუჩაზე მცხოვრებ ქალბატონს, მეგი აბაშიძეს, ტელეფონით დაუკავშირდა.
[მეგი აბაშიძის ხმა] „გავიგეთ ორჯერ ტანკის გასროლის ხმა, მაგრამ ეს აშკარად არ არის ქალაქის ცენტრში. ეს ხდება ქალაქის შემოსასვლელში, სადაც სამხედრო ბაზა შენდებოდა. ერთ-ერთმა ჩემმა ნაცნობმა მითხრა, რომ ვკითხე ამ რუსის ჯარისკაცს, რას აკეთებთო, რაზეც რუსებმა უპასუხეს, რომ მარადიორობა რომ არ დაიწყოს, იმიტომ შემოვედითო, თუმცა სამხედრო ბაზასაც ანგრევენო.“(სტილი დაცულია)
მეგი აბაშიძის თქმით, გორში მცხოვრები ადამიანების ყოფა დღითი დღე გაუსაძლისი ხდება. ჩემი რესპონდენტის თქმით, ქალაქში მმართველობის ადგილობრივი ორგანოები და ყველა სხვა სახელმწიფო ორგანიზაცია დახურულია.
[მეგი აბაშიძის ხმა] „ქალაქი არის ძალიან უპატრონოდ მიგდებული. არ არსებობს საავადმყოფო, სასწრაფო დახმარება, ტელევიზია... გუშინ, აფეთქება რომ მოხდა, მოსახლეობამ არ იცოდა დახოცილები სად წაეყვანათ. აფთიაქს შუშები ჰქონდა ჩატეხილი და იქ დააწვინეს. პური არ არსებობს. ეკლესია არიგებს პურს. არავინ არ ფიქრობს ამ ქალაქზე.“(სტილი დაცულია)
გორში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს პარლამენტის წევრი გიორგი გაბაშვილი:
[გიორგი გაბაშვილის ხმა] „ახლა, ამ წუთში, ვერ გეტყვით. სხვა მიმართულებით ვმუშაობ. გუშინ, გვიან ღამით, იქ იყვნენ. უნდა დავრეკო და გავიგო...“
დარეკვა და ამბის გაგება რადიო „თავისუფლებამაც“ სცადა, მაგრამ შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი, რომლის ადმინისტრაციის შენობა გორის ცენტრში მდებარეობს, მთელი დღის განმავლობაში ტელეფონის ზარს არ პასუხობდა. დეპუტატ კობა სუბელიანის თქმით კი, ხელისუფლების ძალისხმევა ამჟამად რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის აღრიცხვის, დაბინავებისა და დახმარებისკენაა მიმართული.
[კობა სუბელიანის ხმა] „თანხები გამოიყოფა ბიუჯეტიდან მას შემდეგ, რაც ამ ადამიანების ზუსტი რაოდენობა გვეცოდინება. მინდა ვთხოვო ყველას, რომ მობილურ ჯგუფებს დაემორჩილოთ, ნუ დატოვებთ იმ ობიექტებს, სადაც რეგისტრირებული ხართ. რაც დროზე დავამთავრებთ რეგისტრაციას, მით უფრო დროულად მოვაბამთ თავს ტვირთისა და პროდუქტების განაწილებას, თანხების დარიგებას დევნილებისთვის.“(სტილი დაცულია)