Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ინტერესებით მოქმედებს რუსეთი საქართველოს კონფლიქტურ ზონებში


”რუსეთი ვერ გადგება განზე და ვერ დარჩება გულგრილი საკუთარი მოქალაქეების ბედის მიმართ...” - ეს განცხადება ეკუთვნის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩს იური პოპოვს,

რომელიც საქართველოში თითქოსდა დაძაბულობის განსამუხტავად და ცხინვალში თბილისისა და ცხინვალის წარმომადგენელთა შეხვედრის უზრუნველსაყოფად ჩამოვიდა. რუსეთი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებას განაგრძობს: მხარეებს მოუწოდებს დაიცვან ცხინვალის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და თან არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კონფლიქტის ზონაში რუსეთის მხრიდან იარაღისა და ცოცხალი ძალის კონცენტრაცია აღიკვეთოს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო უკანასკნელ დღეებში ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე მთელ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს .. გაგაცნობთ მოსაზრებებს საქართველოს ერთ-ერთ სეპარატისტულ რეგიონში, ცხინვალის რეგიონში, რუსეთის სტრატეგიის შესახებ.


7 აგვისტოს კონფლიქტის ზონაში ღამიდან მოყოლებული ისროდნენ.. ფრონეს ხეობაში ალყაშემორტყმული ქართული სოფლების მოსახლეობამ ღამე სარდაფებში გაათია.. რას აკეთებდნენ ამ დროს რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები? როგორც სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა 7 აგვისტოს დილით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განმარტა, ისინი პროცესებში ვერ ერეოდნენ და ცდილობდნენ თავადაც არ მოხვედროდათ ტყვია.. პროცესებში ამგვარი არ ან ვერჩარევა არ ნიშნავს, რომ რუსეთი განზე გადგა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ” სწორედ რუსეთის ტერიტორიიდან როკის გვირაბის გავლით ცხინვალის რეგიონში შემოსულ დაქირავებულ მებრძოლებს, სამხედრო ტექნიკას და შეიარაღებას მიაქვს იერიში მშვიდობიან სოფლებზე. სწორედ რუსეთის ფედერაციიდან მივლინებული ძალოვანებით არის დაკომპლექტებული სეპარატისტთა კრიმინალური რეჟიმი და სწორედ რუსეთის ფედერაციის არაკონსტრუქციული პოზიციის დამსახურებაა, რომ უკანასკნელ დღეებში ზარალდება მშვიდობიანი მოსახლეობა და ვითარება რეგიონში დღითი დღე უარესდება. ”

{თემურ იაკობაშვილის ხმა] ”ყველაფერი, რაც ხდება ცხინვალის რეგიონში, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ხალხმაც, ვინც შეაიარაღა ბანდიტური ფორმირებები, ვინც მათ მისცა საარტილერიო დანადგარები, რომლებიდანაც გვესროდნენ. ”(სტილი დაცულია)


ეს უკვე თემურ იაკობაშვილის განცხადება იყო. იმ ხალხში, ვინც შეაიარაღა ოსი სეპარატისტები, სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ჩრდილოელი მეზობლები იგულისხმა... ისინი კი აცხადებენ, რომ არიან პასუხისმგებლები საქართველოს კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთა ბედზე, იმათ ბედზე, ვისაც რუსეთის პასპორტები დაურიგეს. ცხინვალის რეგიონში ვითარების უკიდურესად გამწვავებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინის სატელეფონო საუბარი ჰქონდა ედუარდ კოკოითისთან. ” ამ საუბრისას გამოითქვა შეშფოთება საქართველოს მიერ განხორციელებული ქმედებების გამო, რაც ომისთვის მზადებად შეფასდა”, - იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველოს პრეზიდენტმა კი გორში ცხინვალის რეგიონში დაჭრილი საქართველოს სამშვიდობო ბატალიონის ჯარისკაცების მონახულებისას ხაზგასმით თქვა, რომ საომარი მოქმედებების დაწყება არ შედის საქართველოს ინტერესებში და ის არ უნდა იყოს არც რუსეთის ინტერესებში:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”დარმწუნებული ვარ კონფრონტაციის გაღრმავება არ შედის რუსეთის ინტერესებში და არ შედის საქართველოს ინტერესებში. მაგრამ ის, რაც ხდება, არის შედეგი წლების მანძილზე მიმდინარე რეგიონის ისტერიული მილიტარიზაციის, მუდმივი სამხედრო რიტორიკის და ბოლო დღეებში რუსეთის ტელევიზიებით წარმოებული ნამდვილი სამხედრო პროპაგანდის. ”(სტილი დაცულია)

კონფრონტაციის გაღრმავება რომ არც რუსეთის ინტერესებში შედის, ამ აზრს პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძეც იზიარებს. ის ფიქრობს, რომ რუსეთს ამ ეტაპზე ყველაზე მეტად საქართველოს კონფლიქტის ზონაში ვითარების გარკვეულ დონემდე გამწვავება აძლევს ხელს და არა პროცესის იმ ეტაპამდე მისვლა, რასაც პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება მოჰყვეს... ფართომასშტაბიან კონფრონტაციას შეიძლება მოჰყვეს გაუთვალისწინებელი შედეგები რუსეთისთვის:

[არჩილ გეგეშიძის ხმა] ” მას ურჩევნია მართვადი დაძაბულობა იმ დონით, რომელიც მიაყენებს ზიანს საქართველოს ავტორიტეტს, დაამუხრუჭებს კონფლიქტის მოგვარების პროცესს, რითაც მიაღწევს მიზანს: კონფლიქტი არ გადაწყდება და საქართველო არ ჩაითვლება მზად ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ” (სტილი დაცულია)

”ის, რაც დღეს ცხინვალის რეგიონში ხდება, საქართველოს ხელისუფლების ნერვების და მოთმინების გამოცდაა.. თუ ვითარება კიდევ უფრო მეტად არ გამწვავდა, მაშინ საქართველოს მხარეს მოთმინება ეყოფა და პროვოკაციას არ წამოეგება, თუ გაგრძელდა ქართული სოფლების დაბომბვა და დაიწყო ქართული მოსახლეობის გამოდევნა, ამის მოთმენა ძალიან ძნელი იქნება ”, - გვითხრა არჩილ გეგეშიძემ. ჩვენ მას ვკითხეთ, რა მოხდება და როგორ შეაფასებს საქართველოს მოქმედებას საერთაშორისო თანამეგობრობა, თუკი საქართველოს ხელისუფლებას სეპარატისტთა მხარე მოთმინებიდან გამოიყვანს:

[არჩილ გეგეშიძის ხმა] ” თუ მოჰყვება ერთჯერადი მტკივნეული საპასუხო რეაქცია, მაგრამ ერთჯერადი, ამას გაგებით მოეკიდებიან, მაგრამ თუკი იქნება დროში გახანგრძლივებული მოქმედებები, მაშინ ორივე მხარეს საერთაშორისო თანამეგობრობა თავშეკავებას და უკანდახევას მოუწოდებს.” (სტილი დაცულია)


XS
SM
MD
LG