Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ხედავენ დასავლელი ექსპერტები საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის გზებს


აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგებით დასავლეთის, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მზარდმა დაინტერესებამ, რისი დადასტურებაცაა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დასავლელი მაღალი რანგის დიპლომატების გახშირებული ვიზიტები, ჩიხში მოქცეული სამშვიდობო მოლაპარაკებების გაცოცხლების იმედი გააჩინა.

მოლაპარაკებების განახლებით ქართველებთან ერთად აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რიგითი მოქალაქეებიც რომ არიან დაინტერესებულნი, ამაში ახლახან, სოხუმში მოგზაურობისას, რადიო ”თავისუფლების” რუსული რედაქციის კორესპონდენტი ანდრეი ბაბიცკიც დარწმუნდა. დაძაბულობის განმუხტვისთვის მოლაპარაკებების განახლება რომ აუცილებელია, ამას თითქოს ყველა აცნობიერებს, მაგრამ პროცესის მკვდარი წერტილიდან დაძვრა ვერ ხერხდება.. მინდა გაგაცნოთ ამერიკელი ექსპერტის, დევიდ ფილლიპსის, მოსაზრებები აფხაზეთსა და აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

საუბრის დასაწყისში გაგაცნობთ ერთ შთაბეჭდილებას, რომელიც რადიო ”თავისუფლების” რუსული რედაქციის კორესპონდენტმა ანდრეი ბაბიცკიმ ამ ცოტა ხნის წინ, აფხაზეთში მოგზაურობისას, გაგვიზიარა.. ზუსტად იმ დღეს, როცა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე მეთიუ ბრაიზა სტუმრობდა, ანდრეის სოხუმში ტელეფონით დავუკავშირდით და ვკითხეთ, მისი დაკვირვებით, როგორ აღიქვეს სოხუმელებმა აფხაზეთში დასავლელ მაღალი რანგის დიპლომატთა ვიზიტების გახშირება..

[ანდრეი ბაბიცკის ხმა] ”ბოლო თვის მანძილზე დაძაბულობის ხარისხი ძალიან მაღალი იყო, ადამიანებს ომის დაწყების ეშინოდათ. ახალი შუამავლების გამოჩენა მოლაპარაკებების განახლების წახალისებას უკავშირდება. ცხადია, მოლაპარაკებებმა უნდა განმუხტოს დაძაბულობა. აქედან გამომდინარე, ჩემი დაკვირვებით, სოხუმში ადამიანები მხოლოდ მიესალმებიან უცხოელთა ვიზიტებს. ”

ასეთი იყო რადიო ”თავისუფლების” რუსული რედაქციის სპეციალური კორესპონდენტის შთაბეჭდილება... ბოლო პერიოდში აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას, დასავლელი მაღალი რანგის დიპლომატების გარდა, დასავლელი ექსპერტებიც სტუმრობნენ. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ”ატლანტიკური საბჭოს” და კოლუმბიის უნივერსიტეტის დელეგაცია...
კონფლიქტის ზონაში ვითარების ადგილზე შესწავლა და მოგვიანებით კონფლიქტის გადაჭრის ხედვებთან დაკავშირებით შეერთებული შტატების ადმინისტრაციისთვის რეკომენდაციების შეთავაზება - ასეთი იყო ამ დელეგაციის საქართველოში - მათ შორის აფხაზეთში - სტუმრობის მიზანი ივნისის შუა რიცხვებში.. კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელმა დევიდ ფილლიპსმა, რომელსაც კონფლიქტების კვლევის დიდი გამოცდილება აქვს, მაშინ რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ასე შეაჯამა ის, რაც აფხაზეთში ნახა და იქ გამართულ შეხვედრებზე მოისმინა :

[დევიდ ფილლიპსის ხმა] ”ისინი უარყოფენ საქართველოსთან ნებისმიერი ფორმის კავშირს, ასოციაციას. ისინი უარს ამბობენ მოლაპარაკებების დაწყებაზე მანამ, სანამ კოდორის ხეობას არ დატოვებენ შეიარაღებული ძალები. ისინი უარს ამბობენ დევნილთა დაბრუნების იდეაზეც და, ამავე დროს, აქვთ იდენტობის დაკარგვის და რუსეთთან გათქვეფის შიში. აფხაზი ხალხი რთულ დღეშია, ხდება მათი მარგინალიზაცია.. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია სამშვიდობო პროცესის აღდგენა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც რუსეთი დგამს პროვოკაციულ ნაბიჯებს და ზრდის კონფლიქტის ესკალაციის რისკს.”

” კონფლიქტი გაყინული არაა, რუსეთმა შეუწყო ხელი კონფლიქტის გაყინული მდგომარეობიდან გამოსვლას”, - აღნიშნავდა დევიდ ფილლიპსი ივნისში, აფხაზეთში ვითარების გაცნობის შემდეგ. და აი, გაზეთი ” ფაინენშალ თაიმსი” აქვეყნებს მის სტატიას,სათაურით ”აფხაზეთი - უფსკრულის პირიდან გასვლა” .. დევიდ ფილლიპსი სტატიაში აღნიშნავს, რომ საქართველოს რეგიონში - აფხაზეთში - სეპარატიზმის მხარდაჭერით რუსეთი ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატების გამოწვევას და ამერიკის შეერთებულ შტატებს არა აქვს ამის იგნორირების უფლება.

” რუსეთის პროვოკაციული ქმედებების საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია იმოქმედოს როგორც ნამდვილმა სახელმწიფო მოღვაწემ. ის მიაღწევს დაძაბულობის განმუხტვას, თუკი დადებს პირობას, რომ საქართველო არ გამოიყენებს ძალას აფხაზეთის წინააღმდეგ. მან უნდა შესთავაზოს აფხაზ ლიდერებს უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ერთობლივი პასუხისმგებლობის აღება და, ამასთან ერთად, საქართველოსა და აფხაზეთს შორის მშვიდობიანი მოსახლეობის უპრობლემო გადაადგილების უზრუნველყოფა. ამასთან, უნდა გაამყაროს თავისი წინადადება აფხაზეთისთვის ფართო ავტონომიის შეთავაზების თაობაზე...” - წერს ამერიკელი მკვლევარი. მისი კიდევ ერთი რეკომენდაცია საქართველოს პრეზიდენტისადმი ქვეყანაში დემოკრატიის გამყარებაა.. დევიდ ფილლიპსის აზრით, სწორედ დემოკრატიის გაღრმავებამ და ეკონომიკურმა რეფორმებმა უნდა გახადოს საქართველო მიმზიდველი სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობისთვის...
რაც შეეხება რუსეთის პრობლემას, ” რუსეთმა უნდა გადადგას ნაბიჯი უკან. ამისთვის კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა აღიარონ აფხაზეთში ვითარების ფეთქებადსაშიშროება და მისცენ შეფასება რუსეთის ქმედებებს. დასავლეთმა უნდა თქვას, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება ან მისი ფაქტობრივი ანექსია ის წითელი ზოლია, რომელიც რუსეთმა არ უნდა გადალახოს.. ” - წერს დევიდ ფილლიპსი და მიუთითებს, რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა შეუძლია რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთს - დაწყებული ევროპის კავშირის მხრიდან რუსეთთან მოლაპარაკებების შეჩერებით, დამთავრებული ნატოს მიერ საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების მხარდაჭერით..
და კიდევ ერთი ამონარიდი სტატიიდან, სათაურით ”აფხაზეთი - უფსკრულის პირიდან გასვლა ”: ”რუსეთი არ შეიძლება იყოს შუამავალიც და კონფლიქტის მხარეც და, თუ ამას არ გააცნობიერებს, შეერთებულმა შტატებმა უნდა დატოვოს გაეროს მეგობართა ჯგუფი და შექმნას ახალი ჯგუფი, საქართველის მიმართ კეთილგანწყობილი სახელმწიფოების მონაწილეობით. ”
XS
SM
MD
LG