Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

16 აპრილის პუტინის გადაწყვეტილებას დასავლეთში საქართველოს ტერიტორიების ანექსიის დაწყებად აფასებენ


ვლადიმირ პუტინის აპრილის ცნობილი განკარგულება - 16 აპრილის განკარგულებას ვგულისხმობ - დასავლეთში საქართველოს ტერიტორიების ანექსიის მცდელობის

გამოხატულებად მიაჩნიათ. ახლახან ასეთი შეფასება მისცა მას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა.. საქართველოს მიმართ რუსეთის ბოლოდროინდელ პოლიტიკაზე საუბრისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიების თანდათანობითი ანექსია ომის საშიშროებას წარმოქმნის, რაც ისევ რუსეთს შეუქმნის საფრთხეს. 16 აპრილს ვლადიმირ პუტინმა, ჯერ კიდევ რუსეთის პრეზიდენტმა,აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან რუსეთის ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების მოტივით, გასცა დავალებები, რითაც მეზობელი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან რუსეთის ნახევრად ოფიციალურ ურთიერთობას ჩაუყარა საფუძველი... საქართველო რუსეთს დღემდე ამაოდ სთხოვს გადახედოს პუტინის გადაწყვეტილებას.

პუტინის 16 აპრილის გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიების ეტაპობრივი ანექსიის მცდელობის გამოხატულება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მიმართ რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებზე საუბრისას უწოდა. პუტინის 16 აპრილის განკარგულებამ გახმაურებისთანავე სერიოზულად შეაშფოთა დასავლეთი - შეაშფოთა როგორც უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კოორდინატორი ჰავიერ სოლანა, ისე შეერთებული შტატების ადმინისტრაცია. რუსეთის პრეზიდენტს არაერთხელ შეახსენეს, რომ მის მიერ გადადგმული ნაბიჯი სრულ წინააღმდეგობაში მოდიოდა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან და ნორმებთან. მიუხედავად კრიტიკისა, პუტინის 16 აპრილის გადაწყვეტილება ძალაში რჩება და მოქმედებს. თუმცა, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი დავით დარჩიაშვილი ამბობს, მისი ტექსტური ვარიანტი რთული მოსაპოვებელი გახდა...”რუსეთის ხელისუფლებამ თავი შეიკავა ტექსტის გავრცელებისგან, რაც ცხადყოფს, რომ ის რუსეთის ხელისუფლებაშიც გარკვეულ უხერხულობას ქმნისო”, - ამბობს დავით დარჩიაშვილი... თუ რა დავალებები გასცა აპრილში ვლადიმირ პუტინმა, ეს ცნობილი გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული კომენტარებიდან. რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის მთავრობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობა დაავალა, სხვათა შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ, სოციალურ, სამეცნიერო, კულტურისა თუ განათლების სფეროებში. საქართველოს ხელისუფლების შეფასება მომხდართან დაკავშირებით დღესაც ისეთივეა, როგორიც აპრილში იყო... ”ეს არის ფაქტობრივი ანექსიის მცდელობა”, - ამბობს დავით დარჩიაშვილი:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] ” თავისთავად არის საერთაშორისო ნორმების, წესების დარღვევა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ამ ქვეყნის ხელისუფლების უკითხავად გარკვეულ წარმონაქმნებთან პირდაპირი ოფიციალური ურთიერთობების დამყარება. ასეთი რამე გადის გაეროს წესდებიდან, გინდათ ვენის კონვენციის და, საერთოდ, ყველა ნორმის ჩარჩოებიდან და ამიტომაც ჰქვია მას ფაქტობრივი ანექსიის მცდელობა. ” (სტილი დაცულია)

რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, ვლადიმირ პუტინმა 16 აპრილის გადაწყვეტილებით გზა მისცა რუსეთს სამართლის სუბიექტად ეღიარებინა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით რეგისტრაციაში გატარებული პირები... გზა მისცა რუსეთის ფედერაციას ეცნო აფხაზეთის დე ფაქტო ორგანოების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული დოკუმენტები...” რუსეთმა ყველა საერთაშორისო ნორმების დარღვევით გადაწყვიტა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები არარუსეთის მოქალაქეების მიმართ იურიდიული აქტების განხორციელება ”, - განმარტა რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა, პუტინის 16 პრილის გადაწყვეტილების კომენტირებისას ... ”ეს არის პირდაპირი ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებშიო”, - თქვა მან.

რუსეთის ხელისუფლებამ კი მეზობელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევა ჰუმანიტარული მოსაზრებებით ახსნა.. ითქვა, რომ რუსეთი მომხრეა იმ სანქციების და შეზღუდვების მოხსნისა, რომლებიც რეგიონის განვითარებას აფერხებს... ამავე მოსაზრებით იქნა ახსნილი აფხაზეთში რუსეთის სარკინიგზო ქვედანაყოფის შეყვანაც. არსებული ინფორმაციით, სარკინიგზო ჯარებმა ამ დროისთვის აფხაზეთში აღადგინეს სარკინიგზო მონაკვეთის 54 კილომეტრი, ასევე მდინარე კოდორსა და მოქვზე მდებარე 8 ხიდი, 1 გვირაბი.. აღდგენითი სამუშაოები სრულდება და, გავრცელებული ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება აფხაზეთიდან სარკინიგზო ქვედანაყოფის დაჩქარებული წესით გაყვანის შესახებ.

სარეკონსტრუქციო სამუშაოებით კმაყოფილები არიან სოხუმშიც და მოსკოვშიც და, ისევ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათქვამს თუ დავიმოწმებთ, ”არ ჩანს არავითარი ნიშანი იმისა, რომ რუსეთმა გაიზიარა მის მიმართ კრიტიკა.” დღევანდელი ტენდენციებით, ღია კონფლიქტის საფრთხის ქვეშ ვიმყოფებით და არსებულ სიტუაციაში მეტად მნიშვნელოვანია სრულიად გამოკვეთილი და ცალსახა იყოს დასავლეთიდან მოსკოვისკენ მიმართული მესიჯები.

XS
SM
MD
LG