Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''ფაინენშლ ტაიმსის'' აზრით, დასავლეთი მხარში უნდა ამოუდგეს საქართველოს


გაზეთი "ფაინენშლ ტაიმსი" დღევანდელ ნომერში ბეჭდავს სტატიას სათაურით: “წინ აღვუდგეთ რუსეთს საქართველოს გამო”.

მასში ვკითხულობთ:

"თუ ვინმეს სჭირდებოდა იმის დასაბუთება, რომ კავკასიაში მდებარე და გაჭირვებაში მყოფი საქართველო სერიოზული კრიზისის წინაშე დგას, მან ეს საბუთი გუშინ, ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით წვრთნის დაწყებასთან ერთად მიიღო. მართალია, აშშ-ის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ დიდი ხნის წინათ დაგეგმილ ამ მანევრებს არაფერი აქვთ საერთო რუსეთსა და საქართველოს შორის არსებულ დავასთან ამ უკანასკნელის სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო; მაგრამ მანევრები საშუალებას აძლევს ვაშინგტონს, გადამწყვეტ მომენტში მხარი დაუჭიროს პროდასავლურად განწყობილ თბილისს."

შემდეგ სარედაქციო სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ გასულ კვირაში რუსეთმა თავხედურად აღიარა, რომ დიახაც გაგზავნა თავისი სამხედრო თვითმფრინავები საქართველოში - ვითომდა იმისთვის, რათა თბილისის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ დაგეგმილი იერიში აღეკვეთა. ავტორის თქმით, საჰაერო ინციდენტმა, რომელიც საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კოდოლიზა რაისის ვიზიტს დაემთხვა, სრულიად მკაფიოდ დაანახა დასავლეთს რუსეთის პოზიცია - ხელები შორს ჩვენი ტერიტორიისგანო.

"ეს არის პოზიცია, რომელსაც შეერთებული შტატები და ევროპის კავშირი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაყაბულდნენ. რუსეთს განყენებულად არც აფხაზეთი აინტერესებს და არც სამხრეთ ოსეთი. მას არ უღიარებია მათი დამოუკილებლობა, რადგან შიშობს, რომ ამით პრეცედენტს დაუშვებდა საკუთარი კავკასიელი უმცირესობებისთვის. მაგრამ რუსეთი უაღრესად დაინტერესებულია იმით, რომ შეაჩეროს საქართველოს პროდასავლური განვითარება და გზა გადაუკეტოს მის სვლას ნატოსკენ. დასავლეთმა უნდა გამოხატოს ურყევი მზადყოფნა, თბილისს არჩეული გეზის შენარჩუნებაში დაეხმაროს. ცხადია, დრო დასჭირდება იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ნატოში სეპარატისტული რეგიონების მქონე ქვეყნის მიღებას უკავშირდება, მაგრამ მიზანი მკაფიო უნდა იყოს."

საქართველოს მხარდაჭერის აუცილებლობას "ფაინენშლ ტაიმსის" სარედაქციო წერილის ავტორი ასე ასაბუთებს:

"საქართველო მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის, რადგან ახლა ის არის მედროშე მოსკოვის წინააღმდეგ იმ დემოკრატიული ამბოხისა, 1989 წელს აღმოსავლეთ ევროპაში რომ დაიწყო. მართალია, თბილისში აფრიალებულ თავისუფლების დროშებს დროდადრო ჩირქს სცხებს ბატონი სააკაშვილის ავტორიტარული გამოხდომები, მაგრამ საქართველოს ლიდერები ძირითადად დემოკრატიული ფასეულობების ერთგული რჩებიან."

და კიდევ: საქართველო მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის, რადგან რუსეთის გვერდის ავლით მხოლოდ ამ ქვეყანაზე გადის კასპიის ზღვის აუზიდან მომავალი მილსადენები, რომლებითაც ნავთობი და გაზი მსოფლიო ბაზარს მიეწოდება. საქართველო რომ დაკარგო, რუსეთი კიდევ უფრო მეტ გავლენას მოიპოვებს ენერგეტიკის სფეროშიო - ვკითხულობთ "ფაინენშლ ტაიმსის" 16 ივლისის ნომერში. სტატია კი ასე მთავრდება:

"ეჭვგარეშეა, რომ დასავლეთმა უნდა სცადოს რუსეთის ჩართვა მოლაპარაკებებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებზე - თუ ეს მოლაპარაკებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას ისახავს მიზნად. ამავე დროს, დასავლეთმა უნდა გააორმაგოს ძალისხმევა, რათა ზოგიერთმა მეტისმეტად ფიცხმა თბილისელმა ემოციები დაიოკოს. მაგრამ როცა რუსეთი საქართველოს ჩაგრავს, დასავლეთი თავის მოკავშირეს მხარში უნდა ამოუდგეს."
XS
SM
MD
LG