Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერი დევისი: “ზოგჯერ არჩევნებს იმიტომ აგებ, რომ ხალხმა სხვა კანდიდატს, სხვა პარტიას მიანიჭა უპირატესობა”


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიამ ოთხშაბათს თითქმის მთელი დღე მიუძღვნა მეტად აქტუალური საკითხის – ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობის – განხილვას.

დეპუტატთა წინაშე წარმოთქმულ სიტყვაში ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა ისაუბრა იმ სირთულეებზე, რომელიც დემოკრატიას ექმნება საბჭოს წევრ ცალკეულ ქვეყნებში და ევროსაბჭოში, როგორც ამ ქვეყნების გამაერთიანებელ ორგანიზაციაში.

ტერი დევისის თქმით, დემოკრატიას განსაზღვრავს დამოკიდებულება – არა დამოკიდებულება გამარჯვების, არამედ დამოკიდებულება დამარცხებისადმი. რადგან გამარჯვება იოლია, დამარცხება კი – ძალიან ძნელი. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა დასძინა, საკუთარი გამოცდილება მალაპარაკებსო: ყოველთვის, როცა არჩევნებში დავმარცხებულვარ, წარუმატებლობისადმი ჩემი მიდგომა ასეთი იყო: მარცხი მეღიარებინა და დამეწყო იმაზე ფიქრი, როგორ მომეგო შემდეგი არჩევნები.

ტერი დევისის გამოსვლის ამ ნაწილზე ასე დაწვრილებით იმიტომ შევჩერდი, რომ ის უშუალოდ ეხმიანება გენერალური მდივნის ნათქვამს ჩვენთან, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე. საქართველოსთან დაკავშირებულ შეკითხვაზე პასუხისას, ტერი დევისმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის დიალოგი მიმდინარეობს.

[ტერი დევისის ხმა]: “ჩემი აზრით, ეს ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას. მე თვითონ მრავალი წელი გავატარე გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში და ამ წლების დიდი ნაწილი ოპოზიციის წევრი გახლდით. და იმ წლებში ძალიან უკმაყოფილო ვიყავი იმ პოლიტიკით, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს მაშინდელი მთავრობა, მისი პრემიერ-მინისტრი ატარებედნენ. მაგრამ ჩემი უკმაყოფილების გამოხატვის, მთავრობის მიმართ კრიტიკის გამოთქმის ადგილად ის პარლამენტი მიმაჩნდა, რომელშიც არჩეული ვიყავი, და არა ქუჩა.”

ტერი დევისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა სურს და არც რომელიმე მხარისთვის ჭკუის სწავლება, მაგრამ მაინც გამოთქვა მოსაზრება, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში კენჭისყრის შედეგის აღიარებაც უნდა შეგეძლოს.

[ტერი დევისის ხმა]: “მტკიცედ მწამს, რომ უკეთესია არჩევნებში მონაწილეობა და სწორი არ არის, საკუთარი მარცხი შენი მეტოქის ხრიკებს მიაწერო. ზოგჯერ არჩევნებს იმიტომ აგებ, რომ ხალხმა სხვა კანდიდატს, სხვა პარტიას მიანიჭა უპირატესობა. ამის აღიარება უნდა შეგეძლოს.”

ტერი დევისის თქმით, მას არაერთხელ მიუმართავს ქართველი პოლიტიკოსებისთვის მოწოდებით, ერთმანეთს ესაუბრონ, სადავო საკითხების მოგვარება დიალოგის გზით სცადონ, რადგან დიალოგი – ევროსაბჭოს გენერალური მდივნის თქმით, საბოლოო ანგარიშით აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ამავე დროს, ტერი დევისმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის კრიტიკა ყოველთვის უსაფუძვლო არ არის.

[ტერი დევისის ხმა]: “სულაც არ მინდა იმის თქმა, თითქოს ყველა კრიტიკული შენიშვნა, რომელსაც ოპოზიცია გამოთქვამს, უსაფუძვლო იყოს. ვფიქრობ, საქართველოში საკმარისად არსებობს კრიტიკის საფუძველი და ოპოზიცია მას გამოთქვამს კიდეც. მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია, ეს კრიტიკა თავსდებოდეს დემოკრატიული დისკუსიის, კამათისა და არგუმენტების ჩარჩოებში; საამისოდ კი – დემოკრატიულ საზოგადოებაში – საუკეთესო ადგილია პარლამენტი, რომელშიც აგირჩიეს.”

რეპორტაჟის ბოლოს დავუბრუნდები ტერი დევისის გამოსვლის იმ ნაწილს, რომელშიც ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ზოგადად, დემოკრატიის რაობაზე და ცალკეული მთავრობების მიერ დემოკრატიის პრინციპების ხელყოფაზე ისაუბრა.

[ტერი დევისის ხმა]: “არ არსებობს დემოკრატია თავისუფლების გარეშე და არ არსებობს თავისუფლება, თუ განუკითხავად ხდება იმ უფლებების ხელყოფა და უგულებელყოფა, რომლებიც ამ თავისუფლების გარანტი უნდა იყოს. ბენჯამინ ფრანკლინმა თქვა: ის, ვინც უარს იტყვის თავისუფლებაზე მცირეოდენი დროებითი უსაფრთხოების მოსაპოვებლად, არც თავისუფლებას იმსახურებს და არც უსაფრთხოებასო.”

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის თქმით, ეს არის ფილოსოფია, რომელიც საფუძვლად უდევს არა მარტო მის ამ გამოსვლას, არამედ იმ რეკომენდაციებსაც, რომლებიც მან ჯერ კიდევ ორი წლის წინათ გაუგზავნა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობებს.
XS
SM
MD
LG