Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მატიაშ იორში: “დიდი მანძილი აღარ გვაშორებს იმ დროს, როცა ვიტყვით, რომ საქართველო ისეთივე დემოკრატიაა, როგორიც ნებისმიერი ჩვენგანისა”


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია გახსნა ასამბლეის პრეზიდენტმა ლუის მარია დე პუიგმა.

თავის გამოსვლაში მან ისაუბრა იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რომლებიც მსოფლიოში ხდება და რომლებსაც, ერთი შეხედვით, თითქოს ბევრი არაფერი აქვს საერთო ევროპის საბჭოს – როგორც ორგანიზაციის – მიზნებთან და ამოცანებთან. მაგრამ ვინც ეკონომიკურ, სასოფლო-სამეურნეო თუ ეკოლოგიურ პრობლემებს განყენებულად განიხილავს, დიდ შეცდომას სჩადის. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ, რომ ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ნავთობის ფასის კატასტროფული ზრდა იქნება თუ გლობალური დათბობა – საბოლოო ანგარიშით, ამ პრობლემებს ისევ და ისევ ადამიანის უფლებებთან მივყავართ. რადგან საკვების მიღების უფლება, ტანისამოსისა და საცხოვრებლის ქონის უფლება – ეს ყველაფერი ადამიანის ძირითადი უფლებებია. ლუის მარია დე პუიგის თქმით, ადამიანის უფლებებს შორის არის, აგრეთვე, ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, საკუთარი თავის რჩენა პატიოსანი შრომით და სხვა. და ევროპის საბჭომ – საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის აზრით – ამ პრობლემების მოგვარებაზეც აქტიურად უნდა იფიქროს.

ეს – ზოგადად. რაც შეეხება დღევანდელი სესიის ძირითად საკითხებს (რომელთა შორის საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნებიც იყო), მათზე საუბრისას, ლუის მარია დე პუიგმა აღნიშნა, რომ ბოლო ხანს განვითარებული მოვლენები (განსაკუთრებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარშემო) ხიფათის მომტანია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენობისთვის. აქვე საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ჩასვლას აპირებს.

ჩვენი მსმენელისთვის ალბათ ყველაზე საინტერესოა იმის გაგება, თუ როგორ შეაფასა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები. ამ კითხვაზე მოკლე პასუხია – დადებითად! ზოგიერთის აზრით, მეტისმეტად დადებითადაც. მომხსენებელმა, უნგრელმა დიპლომატმა მატიაშ იორშიმ ასამბლეის წევრებს მიმართა თხოვნით, ნებისმიერი არჩევნები განიხილონ ისტორიულ პერსპექტივაში და პოლიტიკურ კონტექსტში. და თუ ასე მოიქცევიან, დაინახავენ, რომ 21 მაისის არჩევნები გაცილებით სჯობდა 5 იანვრის საპრეზიდენტო კენჭისყრას.

[მატიაშ იორშის ხმა]: “შესაძლებლობა მომეცა, მეთვალყურეობა გამეწია თბილისის რამდენიმე საარჩევნო უბანზე გამართული კენჭისყრისთვის. ის რაც თბილისში ვნახე, შეიძლებოდა მენახა დასავლეთ ევროპის ნებისმიერ დედაქალაქში, ნებისმიერ დასავლურ დემოკრატიაშიო. ცხადია, ყველამ ვიცით, რომ პროვინციებიდან განსხვავებული ცნობებიც მოდიოდა, იქ ყველაფერი ასე ვარდისფრად არ გამოიყურებოდა, მაგრამ ზოგადი შეფასებით, პროგრესი საგრძნობი იყო.”

მატიაშ იორშიმ კმაყოფილება გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინა ევროპის საბჭოს მიერ ბოლო წლებში გამოთქმული რეკომენდაციების უმრავლესობა, მათ შორის, საარჩევნო ბარიერის დაწევა შვიდიდან ხუთ პროცენტამდე, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი და ა.შ.

მომხსენებელმა ისიც აღნიშნა, რომ კენჭისყრის პროცესში იყო არაერთი ტექნიკური ხასიათის პრობლემა, იყო პრობლემები საჩივრების განხილვის პროცესშიც, მაგრამ ეს ყველაფერი უხეშ ხასიათს არ ატარებდა და კენჭისყრის შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

მატიაშ იორშის თქმით, ახალმა პარლამენტმა მალევე უნდა დაიწყოს მსჯელობა საარჩევნო კანონის დახვეწაზე – და ეს საქმე არ უნდა გადადოს იმ დროისთვის, როცა ახალი არჩევნები კარს მოგვადგება.

შემდეგ უნგრელმა დიპლომატმა დამსწრე საზოგადოებას სასიხარულო ამბავიც აუწყა – როგორც თვითონ თქვა.

[მატიაშ იორშის ხმა]: “სასიხარულო ცნობა მაქვს: თავიდან გავრცელდა ხმები, თითქოს ზოგი ოპოზიციური პარტია ახალ პარლამენტს ბოიკოტის გამოცხადებას უპირებდა. მაგრამ ახლა ისინი პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობენ, ჩაბმული არიან დიალოგში. და თუ ახალი საარჩევნო კანონის შემუშავების საკითხში ისინი წარმატებას მიაღწევენ, ეჭვი არ მეპარება, რომ მომავალი არჩევნები კიდევ უკეთესი იქნება. და დიდი მანძილი აღარ გვაშორებს იმ დროს, როცა ვიტყვით, რომ საქართველო ერთ-ერთი ჩვენგანია, ისეთივე დემოკრატიაა, როგორიც ნებისმიერი ჩვენგანისა.”

იორშის გამოსვლას რამდენიმე კომენტარი მოჰყვა. ერთ-ერთმა გამომსვლელმა, ჰოლანდიელმა პარლამენტარმა ტინეკე სტრიკმა თქვა, მაგალითად, რომ არჩევნები მხოლოდ კენჭისყრის დღით არ შემოიფარგლება; რომ არჩევნების ნაწილად უნდა განვიხილოთ მთელი წინასაარჩევნო პერიოდიც. შემდეგ კი დასძინა:

[ტინეკე სტრიკის ხმა]: “პრეზიდენტი და საქართველოს ნაციონალური მოძრაობა ბოროტად იყენებენ საკუთარ ძალაუფლებას, რათა კიდევ უფრო მკაცრი კონტროლი დააწესონ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. ამ მიზნით ისინი ცდილობენ, ჩაახშონ კრიტიკული და დამოუკიდებელი ხმები საზოგადოებაში. საარჩევნო კანონის შეცვლა და საარჩევნო კამპანიის პერიოდში მომხდარი ინციდენტები ამ ტენდენციას ადასტურებს.”

ამდენად, ინეკე სტრიკის აზრით, აუცილებელია, ევროპის საბჭომ მომავალში ითანამშრომლოს არა მხოლოდ საქართველოს მთავრობასთან, არამედ სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მხოლოდ ამ გზით შეიძლება დემოკრატიამ წარმატებას მიაღწიოსო, განაცხადა ტინეკე სტრიკმა.
XS
SM
MD
LG