Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ეყრდნობა ”შპიგელის”კორესპონდენტი გერმანელი დიპლომატის, დიტერ ბოდენის, ციტირებისას


გერმანიის წამყვანი ყოველკვირეული ჟურნალის, ”შპიგელის”, ვებსაიტზე გამოქვეყნდა მოსკოვში ”შპიგელის” კორესპონდენტის უვე კლოსმანის სტატია, სათაურით ”კოსოვო კავკასიაში”...

უვე კლოსმანი საქართველოს ხელისუფლებას აფხაზების მიმართ შოვინისტური, ქედმაღლური დამოკიდებულების გამო აკრიტიკებს და მოჰყავს გერმანელი დიპლომატის, დიტერ ბოდენის, შეფასებები... ”შპიგელში ” გამოქვეყნებულ სტატიაში მოშველიებულ შეფასებებზე დაყრდნობით, რუსულენოვანი ინტერნეტგამოცემები იტყობინებიან, რომ დიტერ ბოდენი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მომხრეა.. რადიო ”თავისუფლებამ” სცადა გაერკვია, რამდენად არის ასე, რას ფიქრობს თავად სტატიის ავტორი და რა იყო მისი წყარო სტატიაზე მუშაობისას.


საუბრის დასაწყისში მოვიყვანთ ციტატას წამყვანი გერმანული ჟურნალის, ”შპიგელის”, ვებსაიტზე გამოქვეყენებული სტატიიდან, სათაურით ” კოსოვო კავკასიაში”: ” საქართველოს პოლიტიკურ ელიტას არ სურს გააცნობიეროს, რომ, ომის შედეგად, აფხაზეთი დაკარგა, როგორც გერმანიამ დაკარგა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღმოსავლეთის პროვინციები - სილეზია და აღმოსავლეთი პრუსია” ... მოსკოვში ”შპიგელის” კორესპონდენტი უვე კლოსმანი ასეთ შეფასებას თავისი ვრცელი სტატიის ბოლოში იძლევა. მანამდე კლოსმანი წერს აფხაზების მიმართ საქართველოს ხელისუფლების შოვინისტურ, ქედმაღლურ დამოკიდებულებაზე და აფხაზეთის პრობლემის მიმართ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების და, ამას გარდა, რუსეთის პოლიტიკის შეფასებისთვის გერმანელი დიპლომატის, დიტერ ბოდენის, შეხედულებებს იშველიებს: ” გერმანელი დიპლომატი და კავკასიის კარგი მცოდნე, გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში დიტერ ბოდენი ამბობს, რომ სააკაშვილის პოლიტიკა შეიცავს ”ახალი შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხეს” . ბოდენი კრიტიკულად აფასებს რუსეთის ორმაგ როლსაც - ის ამბობს, რომ რუსეთს, ერთი მხრივ, შუამავლობა სურს, მაგრამ, ამავდროულად, ძლიერ პოლიტიკურ გავლენას ახორციელებს აფხაზურ მხარეზე. დიპლომატი სვამს შეკითხვას : ”რამდენად სწორია, აფხაზებს უარი ეთქვათ იმაზე, რასაც კოსოვოელები იღებენ? ” სწორედ ბოდენის ამ შეკითხვით ასრულებს უვე კლოსმანი სტატიას, სათაურით ”კოსოვო კავკასიაში”, სტატიას, რომელზე დაყრდნობითაც, რუსულენოვანი ინტერნეტგამოცემები წერენ, რომ კოსოვოს საკითხის გადაწყვეტის შემდეგ დიტერ ბოდენი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მომხრეა...



რადიო ”თავისუფლება” მოსკოვში ”შპიგელის” კორესპონდენტს დაუკავშირდა და სთხოვა დაეზუსტებინა, რას დაეყრდნო გერმანელი დიპლომატის ციტირებისას.. ვისთან საუბრისას დასვა დიტერ ბოდენმა სტატიაში მოყვანილი შეკითხვა.

- მას თქვენ ელაპარაკეთ, სად გააკეთა ასეთი განცხადება?

[უვე კლოსმანის ხმა] ”შეგიძლიათ ნახოთ სრული ტექსტი აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. ამ ტექსტში ბოდენი აკრიტიკებს როგორც საქართველოს მხარეს, ისე რუსეთს და აფხაზეთის მხარეს. შეკითხვას კი სვამს რიტორიკულად.. . ის, რა თქმა უნდა, არ არის აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მომხრე, უბრალოდ, შენიშნავს კოსოვოს სტატუსის განსაზღვრის შემდეგ რამდენად რთული გახდა ასეთ შეკითხვებზე პასუხის გაცემა. ამ ტექსტიდან ავიღე ციტატა და არასწორი იქნება ამის გაგება ისე, რომ ბოდენი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მომხრეა. . ”’

მაგრამ ”შპიგელის” ვებსაიტზე გამოქვეყნებული სტატია გახდა საფუძველი იმისთვის, რომ სტატიაში მოყვანილი შეკითხვა - დიტერ ბოდენის შეკითხვა -არასწორად გაეგოთ. ავტორი განმარტავს, რომ ბოდენთან არ უსაუბრია და სტატიაში მოყვანილი ციტატები, მათ შორის, შეკითხვა: ” რამდენად სწორია აფხაზებს უარი ეთქვათ იმაზე, რასაც კოსოვოელები იღებენ?” აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიიდან აიღო.. ეს გახლავთ სტატია, სათაურით ” კონფლიქტები საქართველოში, რა იქნება მომავალში?’ რომელშიც დიტერ ბოდენი წერს იმაზე, შეიძლება თუ არა კავკასიის და კოსოვოს ერთმანეთთან გაიგივება.. მაგრამ წერს შემდეგს : ”კოსოვოს და კავკასიის გაიგივება, რა თქმა უნდა, უადგილოა. როგორც კონფლიქტების მიზეზები, ისე კონფლიქტების მოგვარების მექანიზმები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება..მაგრამ რამდენად სწორია აფხაზებს უარი ეთქვათ იმაზე, რასაც კოსოვოელები იღებენ? საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტიკაზეა დამოკიდებული, რომელმაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს შესაძლო შედეგები.. მარტო საქართველოთი შემოფარგვლა არ შეიძლება, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მთელი კავკასია, კოსოვოს პრეცედენტის შესაძლო გავლენა მთიან ყარაბახსა და ჩრდილო კავკასიაზე, ჩეჩნეთის ჩათვლით... შესაძლო შედეგები დილემის წინაშე რუსეთსაც დააყენებს.”

ასეთია გერმანელი დიპლომატის აზრი.. ამდენად, ცხადია, რომ ”შპიგელში” გამოქვეყნებულ სტატიაში მოყვანილი შეკითხვის დასმისას, რაც, თავის მხრივ, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიიდან არის აღებული, დიტერ ბოდენს კავკასია და კოსოვო ერთმანეთთან არ გაუიგივებია და არც ის მიუნიშნებია, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას უჭერს მხარს...

კიდევ ერთი დეტალი: უვე კლოსმანი სტატიაში ”კოსოვო კავკასიაში” აფხაზების მიმართ საქართველოს ხელისუფლების შოვინისტურ დამოკიდებულებაზე წერს.. რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას კლოსმანმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მისი ანალიზი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების, პირველ რიგში კი, პრეზიდენტის საჯარო გამოსვლებს ეყრდნობოდა..მაგალითად, თებერვლის ბოლოს პრეზიდენტის გამოსვლას აფხაზეთის ომის ვეტერანების წინაშე..
” საქართველომ აფხაზეთზე კონტროლი უუნარობისა და ღალატის გამო დაკარგაო, განაცხადა მაშინ საქართველოს პრეზიდენტმა. მას ერთი სიტყვითაც არ გამოუხატავს სინანული იმის გამო, რომ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ომში ჩაითრია აფხაზი ძმები და დები...”- განმარტა სტატიის ავტორმა,
XS
SM
MD
LG