Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობა დღევანდელ რუსულ პრესაშიც საკმაოდ აქტუალურია.


რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობა დღევანდელ რუსულ პრესაშიც საკმაოდ აქტუალურია.

იგივე თემები - აფხაზეთის პრობლემა, უპილოტო მზვერავი თვითმფრინავები, მოლაპარაკებები სოხუმში და ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი თბილისში. როგორია ამ პრობლემების რუსული ხედვა?

,,თბილისში გუშინ ევროკავშირის დელეგაცია ჩავიდა”, - წერს დღევანდელი ”კომერსანტი”. გაზეთის მიხედვით, ამ დელეგაციას უნდა გაერკვია რამდენად სერიოზულად გართულდა მდგომარეობა საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში და როგორი შეიძლება იყოს საქართველოსა და რუსეთის დაპირისპირების ახალი ტალღის შედეგები. გუშინვე დასრულდა ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციისა, რომელიც თბილისში იმავე მიზნით ჩავიდა. ამით თბილისმა დაიწყო იმ გეგმის განხორციელება, რომელიც დარეგულირების პროცესში დასავლელი შუამავლების ჩართვას გულისხმობს”, - წერს ”კომერსანტი”.

,,ლიტვის მინისტრმა მოუწოდა ევროკავშირს აქტიურად ჩაერიოს ქართულ საქმეებში” - ეს უკვე დღევანდელი ”იზვესტიას” სათაურია. გაზეთს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიატრას ვაიტეკუნასის, სიტყვები მოჰყავს: ,,ლიტვა იმედოვნებს, რომ ევრიკავშირი მეტად ჩაერთვება საქართველოს საქმეებში. ვისურვებდი, რომ ევროკავშირი, ბოლოს და ბოლოს, მოემზადოს აფხაზეთში სამოქალაქო მისიისათვის და რაც შეიძლება მალე გაგზავნოს ეს მისია საქართველოში ინციდენტების შესაფასებლად”, - განაცხადა თბილისში ვაიტეკუნასმაო, წერს ”იზვესტია”.

დღევანდელი ”იზვესტია” ასევე იტყობინება, რომ გაეროში საქართველოს ელჩი ირაკლი ალასანია სოხუმში აფხაზეთის პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშსა და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას შეხვდა. გაზეთის მიხედვით, ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს შამბამ მიაწოდა. მისივე თქმით, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და საუბრისას უსაფრთხოების საკითხები განიხილებოდა.”

”ნეზავისიმაია გაზეტას” პუბლიკაცია ,,მეშვიდე უპილოტო” ეძღვნება აფხაზეთის მხარის განცხადებასკიდევ ორი სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ. გაზეთი დაუკავშირდა აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელს ანატოლი ზაიცევს, რომელმაც შემდეგი უთხრა: ,, მე უკვე დავიღალე ჩამოგდებული ქართული თვითმფრინავების შესახებ ლაპარაკით. ეს ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავი გახდა.” მისი თქმით, ორი თვითმფრინავი გუშინ აჩიგვარას რაიონში ჩამოაგდეს. ,,ერთი ძლიერად დაიმსხვრა, მეორე პრაქტიკულად მთელია და ჩვენ მათ დემონსტრირებას აუცილებლად მოვახდენთ... გახშირებული ფრენები ჩვენს ტერიტორიაზე იმის მანიშნებელია, რომ თბილისი ჩვენ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ამზადებს და ამისათვის ამ აპარატების მეშვეობით დაზვერვას აწარმოებს”, - უთხრა ”ნეზავისიმაია გაზეტას” გენერალმა ზაიცევმა.

სამხედრო ოპერაციის თაობაზე დღევანდელი ”ნოვაია გაზეტაც” წერს. პუბლიკაცია ასე იწყება: ,,საქართველო სამხედრო იერიშს აფხაზეთზე 9 მაისს დაიწყებს. - ეს გამაოგნებელი ამბავი ტელეარხმა ,,ზვეზდამ” გვაცნობა. სიტუაცია ტკივილამდე გვაგონებს იმას, როცა გასული წლის აპრილში რუსეთის დაზვერვამ გვაცნობა: ამერიკის შეერთებული შტატები 6 აპრილს, დილის 4 საათზე, თავს დაესხმება ირანს და ოპერაციას ერქმევა ,,ნაკბენი”. სიზუსტე და გათვითცნობიერებულობა დეტალებში აქაც და იქაც გასაოცარია, ეს არის მხოლოდ, ომი არ დაწყებულა.” - ეს ციტატა ”ნოვაია გაზეტას” მიმომხილველის იულია ლატინინას სტატიიდან გახლავთ, რომელიც დღევანდელ ნომერში დაიბეჭდა.
XS
SM
MD
LG