Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო დღეს რუსეთის პრესის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. მარტო გაზეთ


საქართველო დღეს რუსეთის პრესის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. მარტო გაზეთ ”იზვესტიაში” 6 პუბლიკაცია დაიბეჭდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე.

,,რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველო აფხაზეთზე თავდასხმისათვის მზადებაში ამხილა” - ამგვარი იყო პუბლიკაციის სათაური, რომელიც რუსეთის საგარეო უწყების მიერ დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტს ეხება. აი, გაზეთის მიერ მოტანილი ერთი ამონარიდი ამ დოკუმენტიდან: ,,იმ საჯარისო სტრუქტურების შემადგენლობის ანალიზი, რომლებიც ზემო კოდორში იმყოფებიან, შესაძლებლობას იძლევა გაკეთდეს დასკვნა, რომ მზადდება პლაცდარმი აფხაზეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დასაწყებად.”

”იზვესტიის” მეორე პუბლიკაციის სათაური ამგვარია: ,,საქართველოს ტყუილი, შესაძლოა, კუჭის მოუნელებლობის პრობლემად მოუბრუნდეს ნატოს გენერალურ მდივანს”. სტატიაში კი ვკითხულობთ: ,,ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოფ სხეფერმა პირობა მისცა ალიანსში რუსეთის მუდმივ წარმომადგენელს დმიტრი რაგოზინს, რომ საკუთარ ჰალსტუხს შეჭამდა, თუ არ დამტკიცდებოდა ფაქტი, რომ ქართული უპილოტო თვითმფრინავი რუსული ”მიგ 29-ის” ჩამოგდებული იყო. სხეფერის დანაპირების შესახებ რაგოზინმა გუშინ, გვიან საღამოს, ისაუბრა. მისი თქმით, რუსული მხარის პოზიცია კარგად არის ცნობილი. მეტიც, აფხაზეთმა უკვე თავად იკისრა პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა. ,,ვფიქრობ, გენერალურ მდივანს მოუწევს თავისი ჰალსტუხი შეჭამოს და მე ისღა დამრჩენია, წუხილი გამოვთქვა მისი ჯანმრთელობის გამო”, - მოჰყავს დმიტრი რაგოზინის სიტყვები ”იზვესტიას”.

საქართველოსთან მიმართებაში სიტყვა ”ტყუილი” კიდევ ერთხელ გვხვდება დღევანდელ ”იზვესტიაში”.,,ნატომ საქართველოს საინფორმაციო საშუალებები ტყუილში ამხილა”, - წერს გაზეთი და განმარტავს, რომ ქართულმა ტელევიზიამ გუშინ, გვიან საღამოს, საშინლად დაამახინჯა ინფორმაცია, როცა აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს რუსეთის სამშვიდობოების კონფლიქტის ზონიდან გამოყვანას და რომ მათ ნატოს ჯარები შეცვლიან. გაზეთის მიხედვით, ეს ნათქვამი ქართულმა ტელევიზიამ სამხედრო ბლოკის ოფიციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის, მიაწერა. ამ უკანასკნელმა კი ”იტარ ტასისათვის” მიცემულ კომენტარში განაცხადა, ასეთი რამ არასოდეს მითქვამსო.

კიდევ ერთ პუბლიკაციაში ”იზვესტია” წერს, რომ მოსკოვი უარს ამბობს თავისი სამშვიდობოები აფხაზეთიდან გამოიყვანოს. ამის შესახებ დღეს ბევრი რუსული გაზეთი წერდა. ”ვრემია ნოვოსტეის” მიხედვით, რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრ კოლმაკოვმა ასევე განაცხადა: ,,ვწუხვართ, რომ დღეს საქართველოს ხელმძღვანელობა თავისი საშინაო პრობლემების მოგვარების სხვა გზას ვერ პოულობს. იგი ზედმეტად ანგაჟირებულად აყენებს რუსი სამშვიდობოების აფხაზეთში ყოფნის საკითხს.”

გაზეთი ”კომერსანტი” დღეს წერდა, რომ, რუსეთზე ზეწოლის დამატებითი ბერკეტის სახით, თბილისი იყენებს მისი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს. გუშინ საღამოს ჟენევაში გამართულ ორმხრივ მოლაპარაკებაზე საქართველომ განაცხადა, რომ იგი დაბლოკავს რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას.

”ნეზავისიმაია გაზეტას” ერთი პუბლიკაციის მიხედვით კი, ”საქართველომ კავკასიის ქვეყნები გააერთიანა”. ამ სათაურის არსი პუბლიკაციის პირველივე აბზაცში ჩნდება: ,,თუ საქართველო გადაწყვეტს ძალით განახორციელოს აფხაზეთზე კონტროლი , მოხალისეები კვლავ წავლენ მოძმე ხალხის დასახმარებლად”, - ნათქვამია აფხაზეთის ომის ვეტერან მოხალისეთა საგანგებო ყრილობის რეზოლუციაში - ყრილობისა, რომელიც შაბათს ჩერკესკში ჩატარდა.”
XS
SM
MD
LG