Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დელეგაცია ''მაპ''-ის იმედით მიემგზავრება ბუქარესტში


მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი გააფთრებით ეწინააღმდეგება ნატოსთან უკრაინისა და საქართველოს დაახლოებას, საქართველოში მაინც აქვთ იმედი,

რომ ნატოს ბუქარესტის სამიტზე ალიანსის გადაწყვეტილებაზე არ აისახება ნატოს არაწევრი სახელმწიფოს პოზიცია... სამიტმა საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის - ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის - მინიჭების საკითხი 3 აპრილს უნდა განიხილოს... მანამდე საქართველოს დელეგაცია, პრეზიდენტ სააკაშვილის მეთაურობით, ინტენსიურ შეხვედრებს გამართავს ბუქარესტში... განწყობილება მაინც ოპტიმისტურია, რაც ჩემთნ საუბრისას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლოზ რურუამაც დაადასტურა. ბუქარესტში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ისიც იქნება.

[ნიკოლოზ რურუას ხმა] ”შეხვედრა, სამიტი სწორედ იმისთვის არის, რომ მოწინააღმდეგე აზრები ერთმანეთს შეერკინონ და ამ დისკუსიაში გაიმარჯვოს ლოგიკამ, შორსმჭვრეტელობამ, გამბედაობამ და სწორმა პოლიტიკურმა ხედვამ. ჩამოყალიბებული რომ იყოს პოზიცია, მაშინ სამიტები არ შედგებოდა. ”

ნატოს ბუქარესტის სამიტის წინ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ რურუა თავს იკავებს იმაზე საუბრისგან, ნატოს რომელი წევრი სახელმწიფოა განწყობილი საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის, ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, მინიჭების წინააღმდეგ და რატომ...”.წევრებს საკითხთან დაკავშირებით ბოლო მინისტერიალზე ოფიციალური პოზიცია არ გამოუხატავთ. ჯერჯერობით რაც გვესმის, არის ვერსიები, რომლებიც შეიძლება არ გამართლდეს ან ნახევრად გამართლდეს”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ რადიო ”თავისუფლებასთან ” საუბრისას...

ვერსიები, რომლებსაც დასავლური პრესა ავრცელებს, ასეთია: ”ფაინენშალ თაიმსის” ცნობით, გერმანია ეწინააღმდეგება საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას იმ პრობლემების გამო, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს უკავშირდება. ამას გარდა, გაზეთი იმოწმებს გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ნათქვამს, რომ ალიანსმა უნდა გაითვალისწინოს რუსეთის წუხილი თავისი უსაფრთხოების თაობაზე. ვრცელდება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომლის თანახმადაც, საფრანგეთი არ აპირებს მხარი დაუჭიროს საქართველოსა და უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას რუსეთის წინააღმდეგობის გამო...

მაგრამ საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პოზიციები სამიტზე, მოლაპარაკებათა მაგიდასთან, გამოიკვეთება.... თავის იმედს ნიკოლოზ რურუა ხსნის იმით, რომ ნატოში ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, თუ როგორ შეასრულა ამ ქვეყანამ საშინაო დავალება. ”საქართველომ წარმატებით გაიარა ნაბიჯები, რასაც ინდივიდუალური სამოქმედო გეგმისა და ინტენსიური დიალოგის ფორმატი ითვალისწინებდა”, - აღნიშნავს რურუა და დასძენს:

[ნიკოლოზ რურუას ხმა] ”მე ვიმედოვნებ, გაიმარჯვებს ნათელი აზრი და ხედვა, რომელსაც ვერ შეაკავებს ვერანაირი დროებითი, მოჩვენებითი კომფორტის ან დისკომფორტის გრძნობა. აქ არის ლაპარაკი ნატოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ხელშეუხებლობაზე და იმაზე, რომ ამ პროცესში გარე ფაქტორები არ უნდა თამაშობდეს როლს. არ უნდა მიეცეს ნატოს არაწევრ ქვეყანას ირიბი ვეტოს უფლება, რის მოპოვებასაც ამ წუთას ცდილობს რუსეთი. ”

” ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას”, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კიევში, ვიქტორ იუშჩენკოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე... ”რუსეთი პოლიტიკური ფაქტორია ამ პროცესში, ის გამოდის ნატოსთან საქართველოსა და უკრაინის დაახლოების წინააღმდეგ, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღებაში არ მონაწილეობს. თუ ნატო მიიღებს გადაწყვეტილებას დროებით გაყინოს საკითხი უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით, ეს ქვეყნები მაინც იქნებიან განხილულნი ნატოს წევრობის შესაძლო კანდიდატებად”, - ეს კი ნატოს გენერალური მდივნის იაპ დე ჰოოპ სხეფერის განცხადებაა...

31 მარტს საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ მიმართა ნატოს წევრ სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას, და იქვე მოუწოდა ალიანსის წევრ ქვეყნებს, კატეგორიულად მოსთხოვონ საქართველოს მთავრობას ყურადღება მიაქციოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას.
XS
SM
MD
LG