Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპირისპირება ტელეკომპანია ”იმედის” ირგვლივ


დღეს საღამოს პარლამენტის წინ გაიმართა ოპოზიციის ეროვნული საბჭოს მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ლოზუნგით ”დავიბრუნოთ ტელეკომპანია ’იმედი’ ”.

ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს აზრით, ტელეკომპანია ”იმედს” ახალი მესაკუთრის მეშვეობით საქართველოს ხელისუფლება დაეპატრონა.

ოპოზიციის ეროვნული საბჭოს აქტივისტებმა თბილისის ქუჩებში ავტომობილებით მსვლელობა და მოქალაქეთა ინფორმირება ტელეკომპანია ”იმედის” მხარდამჭერი აქციის შესახებ დილიდანვე დაიწყეს.

[აქციის ხმა] ”... დავიბრუნოთ ტელეკომპანია ’იმედი’!” (ავტომობილების საყვირების ხმა)

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ ტელეკომპანია ”იმედი” ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს და, შესაბამისად, ხალხს თაღლითები ართმევენ. ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრის ჯონდი ბაღათურიას კომენტარი:

[ჯონდი ბაღათურიას ხმა] ”ვიღაცა გამოჩნდა ისეთი ახლონათესავი, რომელიც შვილზე, დედაზე და ცოლზე უფრო ახლობელი ყოფილა და ის ცდილობს მიითვისოს ეს კომპანია. ტელეკომპანია ”იმედი” არის ბადრი პატარკაციშვილის და მისი ოჯახის კერძო საკუთრება და ასევე არის ქართველი ხალხის კუთვნილება. ეს ტელეკომპანია უყვარს ხალხს, ხალხის ტელევიზიაა და ამიტომ უნდა ეკუთვნოდეს ხალხს.”

ჯონდი ბაღათურია და ოპოზიციის ეროვნული საბჭო ირწმუნებიან, რომ ტელეკომპანია ”იმედის” ახალი მფლობელი აშშ-ის მოქალაქე ჯოზეფ კეი, იგივე იოსებ კაკალაშვილი, საქართველოს ხელისუფლების ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.

ჯოზეფ კეიმ ტელეკომპანია ”იმედის” აქციათა საკონტროლო პაკეტი სააქციო საზოგადოება ”იმედიასგან” შეიძინა. ტელეარხ ”რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯოზეფ კეიმ განაცხადა, რომ მის მიერ ”იმედის” შესყიდვა ბადრი პატარკაციშვილის სურვილი იყო:

[ჯოზეფ კეის ხმა] ”რადგან ძალიან ბევრი ლაპარაკი იყო ”იმედის” ირგვლივ ყოველთვის, ამიტომ მთხოვა ბატონმა ბადრიმ, რომ მიმეხედა ამ აქტივისთვის და გავმხდარიყავი მფლობელი ამ აქტივის.”

ჯოზეფ კეი 23 მარტს ”იმედის” დირექტორს ბიძინა ბარათაშვილსა და ტელეკომპანიაში ”ნიუსკორპის” წარმომადგენელს შეხვდა და ”იმედის” მაუწყებლობის აღდგენაზე ესაუბრა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიძინა ბარათაშვილს გაუჭირდა იმის თქმა კონკრეტულად, თუ როდის განახლდება ტელეკომპანია ”იმედის” ეთერი:

[ბიძინა ბარათაშვილის ხმა] ”ჯერჯერობით არანაირი დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის. ალბათ, არც შეიძლებოდა აქ ყოფილიყო ამ თემაზე სერიოზული საუბარი. მომავალ კვირაში, ალბათ, შედგება უფრო სერიოზული საუბარი და იქ მოეფინება ყველაფერს ნათელი.”

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ჯოზეფ კეი თვითმარქვია მფლობელია და რომ იმედი კვლავ მათ ეკუთვნით. ოჯახის მხარესაა ბადრი პატარკაციშვილის მეგობარი ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი, რომელსაც კეი და მისი ადვოკატები თაღლითებად მიაჩნია. ასევე ფიქრობენ ოპოზიციურად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციები თუ პოლიტიკური პარტიების ნაწილი. ისინი ვარაუდობენ, რომ საპროტესტო აქციებით საზოგადოების მობილიზებას და ტელეკომპანია ”იმედის” მფლობელისთვის დაბრუნებას შეძლებენ.
XS
SM
MD
LG