Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებას წინადადებათა ახალ პაკეტს სთავაზობს


საქართველო სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებას წინადადებათა ახალ პაკეტს სთავაზობს. ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა

18 მარტს ნიუ-იორკში, რადიო ”თავისუფლებისთვის” მოცემულ ინტერვიუში. როგორც ცნობილია, ამავე დღეს მან შეხვედრა გამართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან - ბან კი მუნთან. თბილისის ახალი ინიციატივები მოგვიანებით გახდება ცნობილი. პასუხად შეკითხვისა, თუ რა შეიძლება შევთავაზოთ ახალი აფხაზთა მხარეს, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი ამბობს, რომ შეიძლება შევთავაზოთ ურთიერთობების აღდგენა, ვთქვათ, პროფესიული ურთიერთობებისა, შეიძლება შევთავაზოთ მიმოსვლის გაიოლება. მაგრამ სოხუმში თბილისის ახალ წინადადებებზე გაცილებით მეტად თვითგამოცხადებული რესპუბლიკებისადმი რუსეთის დამოკიდებულებაში მოსალოდნელი ცვლილებები აინტერესებთ.

დავიწყოთ სწორედ ამ ცვლილებებით. რუსი დეპუტატები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის 3 ვარიანტს განიხილავენ. პირველი თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარებას ითვალისწინებს, მეორე - ეგრეთ წოდებული გადადებული სტატუსის მქონე ტერიტორიებთან ორმხრივ ურთიერთობებზე გადასვლას, მესამე - მეზობელი სახელმწიფოს სეპარატისტულ რეგიონებში არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას, მაგრამ მათთან ურთიერთობების ყოვლისმომცველ განვითარებას, იქ რუსეთის მისიების გახსნას. ლაპარაკია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ტერიტორიაზე არსებულ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან რუსეთის ურთიერთობის ფორმატის გადახედვაზე - ისე, რომ ეს იყოს მათი ცნობა, მაგრამ, იმავდროულად, უარი არაღიარებულთა დამოუკიდებლობის აღიარებაზე. თბილისში ნაკლებად ვარაუდობენ, რომ რუსეთი ამაზე შორს წავა, ანუ პირდაპირ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. თუმცა ის რომ ურთიერთობის ფორმატის გადახედვას ახდენს, ყველასთვის ცხადია.... ამის გამოხატულებად მიაჩნიათ რუსეთის გადაწყვეტილება გავიდეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის 1996 წლის შეთანხმებიდან, უფრო კონკრეტულად, უარი თქვას აფხაზეთთან ურთიერთობაში დაწესებულ სანქციებზე...

საქართველოს მხარე აღნიშნავს, რომ ამ უარით რუსეთმა დაადასტურა მიზანშეწონილობა საქართველოს მოთხოვნისა გადაიხედოს აფხაზეთში არაეფექტიანი სამშვიდობო ფორმატი. საქართველო გაეროსგან აფხაზეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის გადახედვას ითხოვს და, ამავე დროს, პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, თბილისი სოხუმს ინიციატივათა ახალ პაკეტს სთავაზობს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებას ახალ წინადადებათა პაკეტი შევთავაზეთ, რათა შესაძლებელი გახდეს დიალოგის განახლება. მათ შევთავაზეთ ჩვენეული ხედვა იმისა, თუ რას შეიძლება ელოდონ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მხრივ და როგორ წარმოგვიდგენია მათი ადგილი ერთიანი საქართველოს ფარგლებში.”

ეს ითქვა 18 მარტს რადიო ”თავისუფლების” ნიუიორკელი კორესპონდენტისთვის პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუში.

როგორ წარმოუდგენია საქართველოს მხარეს აფხაზების ადგილი ერთიან საქართველოში, კიდევ რა ახალი წინადადებები შეიძლება გახდეს აქტუალური? სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში მიზანშეწონილად მიიჩნევს წინადადებას ქვედა დონეზე ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. "აღსადგენია ურთიერთობა ხალხს შორის, იმ ადამიანებს შორის, რომლებიც დიდი ხნის წინ ერთად მუშაობდნენ, ერთ საქმეს აკეთებდნენ”, - თქვა მან 19 მარტს რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას. თემურ იაკობაშვილმა იგულისხმა პროფესიული ურთიერთობების აღდგენა, აგრეთვე მიმოსვლის აღდგენა. მაგრამ სოხუმში თბილისის სამომავლო ახალი ინიციატივებით დაინტერესებას არ ავლენენ და მოლაპარაკებათა განახლებისთვის თავის პირობას აყენებენ. აი, რა განაცხადა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას დე ფაქტო პრემიერის პრეს-მდივანმა მადინა ბგანბამ:

[მადინა ბგანბას ხმა] "აფხაზეთის მხარეს არაერთხელ განუცხადებია, რომ ყოველგვარი მოლაპარაკება შეჩერებულია და არ გაიმართება, სანამ საქართველოს მხარე თავის ჯარს არ გაიყვანს კოდორის ხეობიდან. ასე რომ, პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებაზე მხოლოდ ასეთი კომენტარის გაკეთება შეგვიძლია."

თბილისში კი, ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობის აღდგენის გარდა, აუცილებლად მიაჩნიათ უზრუნველყოფილ იქნეს გალის რაიონის მოსახლეობის უსაფრთხოება, რადგან, თემურ იაკობაშვილის თქმით:

[თემურ იაკობაშვილის ხმა] ”შეუძლებელია უკვე საქართველოს ხელისუფლებამ თვალი დახუჭოს იმ უმსგავსობაზე, რაც იქ ხდება. იქ არის კრიმინალების თარეში, არ შეიძლება ეს ასე გაგრძელდეს და არ შეიძლება ჩვენ თვალი დავხუჭოთ ამ რეგიონის მოსახლეობის დაყაჩაღება-დაწიოკებაზე.” (სტილი დაცულია)

”მოსახლეობის დაცვის გზა, საშუალებაა სამშვიდობო ძალების ჩანაცვლება საპოლიციო ფუნქციებით აღჭურვილი ძალებით, მათ შორის, რუსების მონაწილეობითაც, მაგრამ არამარტო მათი მონაწილეობით”, - ფიქრობს თემურ იაკობაშვილი, და ამის მიღწევა მას შეუძლებლად არ მიაჩნია.
XS
SM
MD
LG