Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეკინში ან ჰავანაში დანიშნულ დემონსტრაციებში მონაწილეობა გსურთ? დააწკაპუნეთ!


არ მოგწონთ ცენზურა ინტერნეტში? გაწუხებთ, რომ ზოგ ქვეყანაში აპატიმრებენ ავტორებს, ინტერნეტის მეშვეობით მეტისმეტად თამამ აზრებს რომ გამოთქვამენ?

მაშინ მონაწილეობა მიიღეთ პეკინის ტიანანმენის მოედანზე დანიშნულ დემონსტრაციაში. მერე კი შეუერთდით საპროტესტო აქციას ჰავანის რევოლუციის მოედანზე. შეგიძლიათ, ბირმაში ან თურქმენეთში წახვიდეთ და იქაურ დემონსტრანტებს ამოუდგეთ მხარში. წარმოუდგენელია? სულაც არა - ვირტუალურ სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია!

დღეს, თბილისის დროით 14 საათზე დაიწყო და ზუსტად 24 საათს გაგრძელდება "ონლაინ-დემონსტრაცია" ინტერნეტში აზრის გამოხატვის თავისუფლების მხარდასაჭერად. ამ უჩვეულო აქციის თაოსანია არასამთავრობო ორგანიზაცია "რეპორტიორები უსაზღვრებოდ", რომლის მტკიცებით, ავტორიტარული სახელმწიფოები სულ უფრო აქტიურად ცდილობენ, გააკონტროლონ თავიანთი მოქალაქეების საინტერნტო საქმიანობა. ამის წინააღმდეგ ხმის ამაღლების საუკეთესო საშუალება კი ისევ და ისევ ინტერნეტია.

აქციაში მონაწილეობა შეუძლია ინტერნეტის ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც ეწვევა ორგანიზაციის ვებგვერდს: www.rsf.org ჯერ აირჩევთ ქვეყანას, მერე შეადგენთ საკუთარ ვირტუალურ პორტრეტს, შემდეგ კი "თქვენი" ეს სამგანზომილებიანი გამოსახულება - "ავატარი" - ხელს დაავლებს თქვენს მიერვე არჩეულ ტრანსპარანტს და პეკინში, ჰავანაში ან აშხაბადში გაეშურება.

[კლოტილდ ლე კოზის ხმა] "მაგალითად, თუ ჩინეთში მოწყობილ დემონსტრაციაში მონაწილეობა მსურს, დავაწკაპუნებ ჩინეთზე, ჩავწერ საკუთარ გვარ-სახელს და ქვეყანას, მერე ავირჩევ წინადადებას (მაგალითად, "თავისუფლება ყველა კიბერ-დისიდენტს!" ან "გაუმარჯოს უფასო ინტერნეტს!"), და შემდეგ ტიანანმენის მოედანზე ამოვყოფ თავს და ინტერნეტის სხვა მომხმარებლებთან ერთად მონაწილეობას მივიღებ დემონსტრაციაში."

ეს კლოტილდ ლე კოზი გახლავთ, ორგანიზაციის - "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" - წარმომადგენელი, რომლის თქმით, დღეს ცხრა "ონლაინ-დემონსტრაცია" იმართება. ლე კოზი ამბობს, რომ აქციის მიზანია, ზეწოლა მოახდინოს ავტორიტარულ მთავრობებზე და ხელი ააღებინოს მათ ინტერნეტის კონტროლზე.

დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 60-ზე მეტი პირია დაპატიმრებული ინტერნეტში საკუთარი აზრის გამოხატვისთვის, მათგან თითქმის 50 ჩინეთში იხდის სასჯელს. "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" აქვეყნებს "ინტერნეტის მტრების" სიას, რომელშიც, ჩინეთის გარდა, შედიან ბელორუსია, ირანი, უზბეკეთი, თურქმენეთი, კუბა, ეგვიპტე, სირია და სხვა ქვეყნები - სულ 15 სახელმწიფო.

ორგანიზაციის თანამშრომლის, კლოტილდ ლე კოზის აზრით, ე.წ. "ბლოგერების" - ანუ საინტერნეტო დღიურების ავტორების - წინააღმდეგ დიქტატორთა მხრიდან ბრძოლის გააქტიურება იმის მანიშნებელიც არის, რომ ინტერნეტი ძალას იკრებს.

[კლოტილდ ლე კოზის ხმა] "ამ სიძლიერის საჩვენებლად საუკეთესოა ბირმის შარშანდელი შემოდგომის მაგალითი. მაშინ იქ ახალი ამბების გავრცელება აიკრძალა და მხოლოდ ინტერნეტის წყალობით ხერხდებოდა სურათებისა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. და როცა ასეთი რამ ხდება - რის მოწმენიც ბირმის შემთხვევაში შევიქენით - ვხედავთ, როგორ შეიძლება ერთი რომელიმე ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობისგან სრულ იზოლაციაში აღმოჩნდეს."

დღესვე "რეპორტიორებმა უსაზღვრებოდ" გამოუშვეს "ინსტრუქცია კიბერ-დისიდენტებისთვის" - სახელმძღვანელო, რომელშიც მოცემულია პრაქტიკული რჩევები მათთვის, ვისაც სურს, გვერდი აუაროს ცენზურას.
XS
SM
MD
LG