Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის პოლიტიკური მოვლენების მიმოხილვა


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

პოლიტიკური დაპირისპირება გრძელდება. ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭო აახლებს საპროტესტო კამპანიას, რის მიზეზადაც საქართველოს ხელისუფლების მიერ დაპირებების შეუსრულებლობას ასახელებს, ხელისუფლებაში კი მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის ქუჩაში დაბრუნების მიზეზი საპარლამენტო არჩევნების მოახლოებაა... არჩევნების მოახლოება პოლიტიკურ დაპირისპირებას, ცხადია, უფრო და უფრო გაამწვავებს... საფრთხეებს საქართველოსთვის ჯერ არ გადაუვლია, მწვავე შიდა პოლიტიკური ბატალიების ფონზე რთულდება საქართველოსა და რუსეთს შორის თითქოსდა დამთბარი ურთიერთობა.. მინდა გიამბოთ, რა ხდებოდა გასულ კვირაში საქართველოში და მის ირგვლივ.

”ღმერთმა და კონკრეტულმა ნაბიჯებმა გადაგვარჩინა მსგავსი უბედურებისგან. სომხეთში განვითარებულმა მოვლენებმა უფრო თვალნათლივ დაგვანახვა, რა მდგომარეობაში შეიძლება ჩავარდნილიყო ჩვენი ხალხი”, - თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გასული კვირის დასაწყისში საქართველოს მეზობელ სომხეთში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას... გასულ კვირაშივე ნინო ბურჯანაძე საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ბაქრაძესთან ერთად ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს იაპ დე ჰოოპ სხეფერს შეხვდა, რის შემდეგაც აღნიშნა, რომ ნატოს ბუქარესტის სამიტის წინ განწყობა საქართველოს მიმართ პოზიტიურია:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ” ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რაც ნატოსთან არის დაკავშირებული. გენერალური მდივანი და ნატო ძალიან დადებითად აფასებენ საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ. წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ განწყობა რომ არის პოზიტიური, ფაქტია. ”

განწყობა პოზიტიურიაო, მაგრამ საქართველოში მაინც ფრთხილი ოპტიმიზმით ეკიდებიან ნატოს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების ალბათობას... ბუქარესტის სამიტი დროში ასწრებს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. ამას გარდა, რაც არ უნდა ამტკიცონ ხელისუფლებაში, რომ 5 იანვრის არჩევნებმა პრაქტიკულად ნულამდე დაიყვანა ის ზიანი, რომელიც საქართველოს საერთაშორისო იმიჯს გასული წლის ნოემბერში განვითარებულმა მოვლენებმა მიაყენა, ცალკეული ექსპერტების აზრით, ზიანმა საქართველოს შანსი შეასუსტა და ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შემოაბრუნებს ვითარებას პოლიტიკური მიზანშეწონილობის პრინციპი - თუნდაც რუსეთის ბოლოდროინდელი, უკიდურესად დამაფიქრებელი, ნაბიჯები საქართველოსა და მისი კონფლიქტური რეგიონების მიმართ.

[თორნიკე შარაშენიძის ხმა] ”ბუქარესტის სამიტზე საქართველოს სამოქმედო გეგმის მიღების, ალბათ, არანაირი შანსი არ ჰქონდა, მაგრამ ეს შანსი შეიძლება დააბრუნოს რუსეთის ასეთმა ქმედებებმა. ჩვენ, როგორც ყოველთვის, უნდა ვიყოთ არა იმდენად ჩვენი პოლიტიკური გამჭრიახობის იმედად, არამედ რუსეთის უგუნური პოლიტიკის იმედად. ”

ეს მოსაზრება რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ გამოთქვა. რუსეთის ბოლოდროინდელ უგუნურ ქმედებებში მან იგულისხმა მისი განზრახვა გამოვიდეს შეთანხმებიდან, რომელიც კრძალავს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა ურთიერთობებს. განზრახვა გასულ კვირაში გახდა ცნობილი. საქართველოს მხარის რეაქცია მასზე იყო უკიდურესად მწვავე, მაგრამ ამაზე - მოგვიანებით..

მანამდე კი გასულ კვირაში საქართველოს შიგნით განვითარებულ პროცესებზე მოგახსენებთ...
გასულ სამშაბათს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით კენჭი უყარა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს მაჟორიტარული არჩევნების წესთან დაკავშირებით. კენჭისყრაში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია. მისი მოთხოვნა იყო არჩევნების მაჟორიტარული წესის პროპორციულ -რეგიონალური ნიშნით შეცვლა. ხელისუფლებას გამოხატული ჰქონდა ამ მოთხოვნაზე კონსენსუსის წესით შეთანხმებისთვის მზადყოფნა, მაგრამ, როგორც გასულ კვირაში რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, განმარტა, კონსენსუსი არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა იყოს ზუსტად ისე, როგორც ერთ მხარეს სურს. ”იყო საკმაოდ ძლიერი არგუმენტები არჩევნების მაჟორიტარული წესის შენარჩუნების სასარგებლოდ, ისე, რომ ყველა რაიონს ჰყავდეს თავისი მაჟორიტარი”, - აღნიშნა ბოკერიამ. შეგახსენებთ იმასაც, რომ არჩევნების მაჟორიტარული წესის პროპორციულ- რეგიონალური წესით ჩანაცვლების წინააღმდეგ გამოვიდა მაჟორიტართა კორპუსი. ”ვინც დემოკრატიულ პროცესს პატივს სცემს, მას უნდა შეეძლოს სხვისი არგუმენტების გათავალისწინება ”, - თქვეს ხელისუფლებაში. მისი გეგმით, მომავალ 150 კაციან პარლამენტში 75 დეპუტატი უნდა იყოს პროპორციული წესით არჩეული, 75 კი - მაჟორიტარული წესით. ოპოზიციაში ასეთი ფორმულირება გამოწვევად მიიღეს. გაკეთდა მწვავე განცხადებები იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ ოპოზიცია და მასთან ერთად საზოგადოება კიდევ ერთხელ მოატყუა და უარი თქვა საჯაროდ გაცხადებული დაპირების შესრულებაზე. მაჟორიტარების თემაზე მითქმა-მოთქმას დაემატა ეუთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნა 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ოპოზიციის ერთიანმა ეროვნულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების განახლების თაობაზე.

[ კობა დავითაშვილის ხმა] ”ჩვენ ვიდექით არჩევანის წინაშე: ან საპროტესტო აქციები და საბჭოს ერთიანობის რისკის ქვეშ დაყენება, ან საბჭოს ერთიანობა და შანსის მიცემა მომლაპარაკებელი ჯგუფისა და ხელისუფლებისთვის, რომ მოლაპარაკებები შემდგარიყო. მივეცით შანსი და მივიღეთ მკვეთრად უარყოფითი შედეგი და გაირკვა ერთი საიტერესო რამ: ეუთოს მისია აცხადებს, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი დარღვევით წარიმართა ხმების დათვლის პროცესი, რომ უბნების 35 პროცენტში ხმების დათვლის პროცესი არ წარიმართა კანონით დადგენილი წესით. ”

სწორედ ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს ერთ-ერთმა ლიდერმა, კობა დავითაშვილმა, აცნობა საზოგადოებას, რომ საბჭოს ორგანიზებით 9 მარტიდან საქართველოში განახლდება საპროტესტო აქციები.. ” ეუთოს დასკვნა ცხადყოფს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გასაბათილებელია.. უნდა დაინიშნოს ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები”, - განაცხადეს ოპოზიციის ერთიან ეროვნულ საბჭოში. საპროტესტო კამპანიის განახლებას ეროვნული საბჭოს გარეთ, იდეაში, მხარი დაუჭირეს რესპუბლიკელებმა და ახალმა მემარჯვენეებმა, თუმცა, როგორც რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, დავით ზურაბიშვილმა, აღნიშნა, რესპუბლიკელებისთვის მისაღებია აქციები, ოპოზიციის მემორანდუმსა და საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწასთან დაკავშირებული მოთხოვნებით.

საპროტესტო კამპანიის მიზნებთან დაკავშირებით ოპოზიციაში პოზიციები განსხვავებული იყო, თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ერთიანი ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციების განახლების თაობაზე საბაბად ეუთოს სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნაც დაედო. მისიამ განაცხადა, რომ, ”დემოკრატიულობის თვალსაზრისით, არჩევნები, საერთო ჯამში, შეესაბამებოდა ეუთოსა და ევროპის საბჭოს სტანდარტებს. თუმცა იყო სერიოზული პრობლემები, რომელთა უსწრაფესი გადაჭრაც აუცილებელია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს არჩევნები იყო პირველი კონკურენტულ გარემოში ჩატარებული არჩევნები საქართველოში ..”

დასკვნაში ხმის მიცემის პროცედურა პოზიტიურად არის შეფასებული, ხმების დათვლის პროცედურა კი - ნაკლებად პოზიტიურად. საერთაშორისო მისია მონიტორინგს 180 უბანზე ახორციელებდა, აქედან 23 პროცენტზე ხმების დათვლის პროცედურა შეფასებულია როგორც ცუდი ან ძალიან ცუდი. მითითებულია, რომ უბნების 35 პროცენტში ხმების დათვლის პროცედურა არ განხორციელდა დადგენილი წესით.

[კობა დავითაშვილის ხმა] ” მთავარი იყო ფაქტები. ჩვენ დაგვიწერეს, რომ 35 პროცენტში უბნებისა არასწორად დათვალეს. ჩვენი კანონმდებლობით, თუ 20 პროცენტს აღემატება ეს ციფრი, ინიშნება ხელახალი არჩევნები.. ”

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი კი, გიგა ბოკერია, ფიქრობს, რომ სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნაში მოყვანილ ფაქტებს, რომლებიც ასევე მოყვანილი იყო მისიის შუალედურ ანგარიშში, არანაირად არ შეუძლია არჩევნების შედეგების შეცვლა. ” ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით გამოთქმულ შენიშვნებს და ვმუშაობთ იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილი ხარვეზები არ განმეორდეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე. საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში ცუდად იმუშავა კომისიების დაკომპლექტების წესის შეცვლამ, ვერ მოესწრო კომისიის წევრების ტრენინგები, დადგა არაკვალიფიციურობის პრობლემა, რაც ეხება როგორც მმართველი ძალის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს საუბნო კომისიებში ”, - თქვა გასულ კვირაში რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას გიგა ბოკერიამ და დასძინა:

[გიგა ბოკერიას ხმა] ”არჩევნების შემდეგ იყო არანაკლებად გაუგებარი მცდელობა, რომ საზოგადოებისთვის ეთქვათ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და მეგობარი ქვეყნები არიან შეკრულები სააკაშვილთან და ატყუებენ ქართველ ხალხს. მერე, როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ეს დიდი სისულელე იყო და აირჩიეს, თავისი გაგებით, ნაკლებად აბსურდული ხაზი, რომ მოატყუონ საზოგადოება, როგორი იყო არჩევნები, და სწორედ ამასთან გვაქვს ახლა საქმე. ” (სტილი დაცულია)

რასთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე, კვირის ბოლოს პრეზიდენტ სააკაშვილს მოუწია ეთქვა, რომ არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ერთიანი პოზიცია უნდა ჰქონდეს. მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებს გულისხმობდა. მან თავის პოლიტიკურ ოპონენტებს ამ საკითხებზე დიალოგი შესთავაზა.

პრეზიდენტის შეთავაზება მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელი კომიტეტისადმი, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთს სურს ცალმხრივად გამოვიდეს თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს 1996 წლის შეთანხმებიდან. შეთანხმება კრძალავს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა ტიპის ურთიერთობებს; რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, კრძალავს აფხაზეთში მოქმედ სტრუქტურებთან ურთიერთობებს და მოუწოდებს ხელმომწერ მხარეებს არ დაუშვან აფხაზეთისთვის შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის მიწოდება-მიყიდვა...”
”ეს არის უკიდურესად საშიში პროვოკაცია”, - განაცხადეს საქართველოს ხელისუფლებაში.
რუსეთის ახალ გეგმასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი სპეციალურ განცხადებას მომავალ კვირაში მიიღებს, შემდგომი ნაბიჯები კი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნიკა რურუას თქმით, იქნება კარგად აწონ-დაწონილი და ადეკვატური:

[ნიკა რურუას ხმა] ”ეს საქართველოს უფლებას ანიჭებს, მანაც გადახედოს არსებულ ფორმატებს. ჩვენ ამას შევხვდებით მტკიცედ და თანმიმდევრულად. არ იქნება იმპულსური გადაწყვეტილებები და არ იქნება შეცდომები, რასაც რუსეთი გამოიყენებს ნატოსთან საქართველოს დაახლოების წინააღმდეგ.”

აფხაზეთისთვის რუსეთის მხრიდან სანქციების შესაძლო მოხსნასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ოფიციალური კიევი მიიჩნევს, რომ რუსეთის ასეთი ნაბიჯი ხელს არ შეუწყობს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას და უარყოფითად აისახება თავად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის პერსპექტივაზე. ” ჩვენ არ ვიცით, როგორ შეუწყობს ეს გადაწყვეტილება ხელს კონფლიქტის მოგვარებას და ეს შეკითხვა უკვე დავუსვით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს”, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დენილ ფრიდმა ერთ-ერთი ქართული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში. აშკარაა, მომავალ კვირაშიც მთავარი თემა ისევ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან რუსეთის დამოკიდებულება იქნება, თუმცა მომავალი კვირის მანძილზე უნდა გაგრძელდეს ოპოზიციის საპოროტესტო აქციებიც. ...”სააკაშვილმა ჯერ პუტინთან შეხვედრაზე გაგვცეს პასუხი და დიალოგზე მერე გველაპარაკოს”, - ასე გამოეხმაურა შაბათს მთავარ საკითხებზე დიალოგის დაწყების შესახებ პრეზიდენტის წინადადებას რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი. შაბათსვე მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა გასულ კვირაში სოხუმის იზოლატორიდან გათავისუფლებული ქართველი ჟურნალისტები.
XS
SM
MD
LG