Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბურჯანაძე "ამორალურსა" და "სახიფათოს" უწოდებს მოსკოვის გადაწყვეტილებას, გააუქმოს სოხუმის წინააღმდეგ მოქმედი ემბარგო


რუსეთის გადაწყვეტილებას, გააუქმოს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წინააღმდეგ მოქმედი შეზღუდვები, "ამორალურსა" და "სახიფათოს" უწოდებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. რადიო "თავისუფლების" ბრიუსელელ კორესპონდენტთან აჰტო ლობიაკასთან ინტერვიუში ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ თბილისისთვის მოსკოვის ეს ნაბიჯი მოულოდნელი იყო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მას "ძალიან ცუდი ამბავი" უწოდა. ბურჯანაძის თქმით, სწორედ მაშინ, როცა თბილისს მოსკოვთან უკიდურესად გართულებული ურთიერთობის გაუმჯობესების იმედი გაუჩნდა, რუსეთმა გადაწყვიტა, გავიდეს 1996 წელს გაფორმებული შეთანხმებიდან და ამის მიზეზად "შეცვლილი გარემოებები" დაასახელა.

შეგახსენებთ, ლაპარაკია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მეთაურთა საბჭოს შეთანხმებაზე "აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ღონისძიებათა შესახებ." ეს შეთანხმება პირდაპირ უკრძალავს დსთ-ის წევრებს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანსპორტო თუ სხვა სახის კავშირის დამყარებას.

რუსეთის გადაწყვეტილებას, ამ შეთანხმებიდან გავიდეს, ნინო ბურჯანაძე აფხაზეთის ანექსიის მცდელობად აფასებს.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] "როცა ისინი ამბობენ, აფხაზეთის წინააღმდეგ მოქმედ ეკონომიკურ ემბარგოს ვაუქმებთო, ამით ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ ამ ტერიტორიის ანექსიისკენ. ეს სხვა არაფერია, თუ არა ანექსიის მცდელობა."

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვარაუდობს, რომ ახლა რუსეთი დაუფარავად დაიწყებს აფხაზი სეპარატისტების მომარაგებას იარაღით, სურსათით და ათასგვარი სხვა პროდუქციით; რომ აღარაფერი ვთქვათ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობისთვის რუსეთის პასპორტების დარიგებაზე (რასაც მოსკოვი ისედაც კარგა ხანია, აკეთებს).

ნინო ბურჯანაძის აზრით, რუსეთის გადაწყვეტილება უშუალოდ უკავშირდება სერბიისგან კოსოვოს გამოყოფის საკითხს და ემბარგოს გაუქმება კრემლმა საგანგებოდ დაამთხვია დისკუსიას საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭება-არმინიჭების თაობაზე. ეს დისკუსია სწორედ გუშინ გაიმართა ნატოს ბრიუსელის შტაბ-ბინაში.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] "ეს არის მესიჯი, რომელსაც ისინი არა მხოლოდ საქართველოს უგზავნიან, არამედ ნატოს წევრ ქვეყნებსაც. რუსეთის მთავარი მიზანია, ნატოსკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებები შეგვიქმნას."

ცნობილია, რომ გერმანია, საფრანგეთი და ნატოს წევრი რამდენიმე სხვა სახელმწიფო სკეპტიკურად ეკიდებიან ნატოში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიღების საკითხს, აცხადებენ რა, რომ ჩრდილოატლანტიკურ კავშირს მხოლოდ ავნებს ალიანსში "გაყინული კონფლიქტების" იმპორტი. მაგრამ შეერთებული შტატები და ნატოში ახლახან გაწევრიანებული სახელმწიფოები ყოფილი კომუნისტური ბლოკიდან აქტიურად უჭერენ მხარს კავშირში საქართველოსა და უკრაინის მიღებას.

როგორც ნინო ბურჯანაძემ რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში აღნიშნა, მოსკოვის ერთ-ერთი უმთავრესი საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტი ნატოს გაფართოების შეჩერებაა. შესაბამისად, კრემლი ყოველ ღონეს იხმარს, რათა "გაყინული კონფლიქტები" არასოდეს მოგვარდეს.

ჩვენი ბრიუსელელი კორესპონდენტის შეკითხვას, რა არის საქართველო-რუსეთის ურთიერთობის მთავარი პრობლემა, საქართველოს პარლამენტის სპიკერმა ასე უპასუხა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] "საქართველო-რუსეთის ურთიერთობის მთავარი პრობლემა? მთავარი პრობლემა ის არის, რომ რუსეთი არაპროგნოზირებადია."
XS
SM
MD
LG