Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მიიღეს საქართველოში ბრიტანული პოლიციის განმარტება ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით


ბრიტანეთის პოლიციამ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ექსპერტიზის წინასწარი შედეგი გამოაქვეყნა.

პატარკაციშვილის სიკვდილი დადგა ბუნებრივი მიზეზით - ნათქვამია სურეის პოლიციის მიერ გავრცელებულ ცნობაში. ექსპერტიზამ ამ ეტაპისთვის ვერ აღმოაჩინა რადიაქტიური ნივთიერების კვალი ვერც გარდაცვლილის ცხედარში და ვერც მისი საცხოვრებელი სახლის შემოწმებისას. აღნიშნულის მიუხედავად, დეტალური ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა მაინც ჩატარდება, საბოლოო დასკვნა კი, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში დაიწერება. სამედიცინო ექსპერტიზის პროცედურების დასრულების შემდეგ ბიზნესმენის ცხედარს საქართველოში გადმოასვენებენ. ამის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა ბადრი პატარკაციშვილის თანამებრძოლმა დეპუტატმა გოჩა ჯოჯუამ. მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორ მიიღეს საქართველოში ბრიტანული პოლიციის, ”სკოტლანდ იარდის”, პირველადი ინფორმაცია ბიზნესმენის სიკვდილის მიზეზთან დაკავშირებით.

ბრიტანული პოლიციის მიერ გავრცელებულმა ცნობამ ეჭვები ნაწილობრივ გაფანტა. საქართველოში, სადაც ლამის ყველა თემა პოლიტიკის ჭრილში განიხილება, ადამიანებს უჭირთ დაიჯერონ, რომ ბადრი პატარკაციშვილი, 52 წლის ასაკაში, მოულოდნელად გულის შეტევით შეიძლება გარდაცვლილიყო. ეჭვები მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით ბუნებრივია, მით უფრო, როცა საქმე ეხება პირს, რომლის გარშემოც სკანდალური მოვლენები ვითარდებოდა. ეჭვები იმდენად მძაფრია, რომ ისმება შეკითხვები ბრიტანული პოლიციის მიმართაც.

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირებიც უსამძიმრებენ:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”მე ვიცნობდი ბატონ ბადრის დედას, მეუღლეს - ახლოს არა, მაგრამ რამდენჯერმე შევხვედრივარ. ისინი ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ... დებს, რომლებიც არიან პარლამენტის წევრები... და მე გულწრფელად თითოეულ მათგანს ვუსამძიმრებ. ”

ეს განცხადება 14 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გააკეთა. მანამდე, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების დღესვე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: ”მძიმე სახელმწიფო დანაშაულში ბრალდების მიუხედავად, ყველა ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა. გამოვთქვამ მწუხარებას და თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახს.”

ბადრი პატარკაციშვილის ცხედრის საქართველოში გადმოსვენება გადაწყვეტილია. ოჯახის წევრებთან მოსალაპარაკებლად ლონდონში გაემგზავრნენ ბიზნესმენის მეგობრები: ვაჟა ლორთქიფანიძე, ვანო ჩხარტიშვილი, გოგა ხაინდრავა.

გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ ბრიტანეთში ჩატარებული ექსპერტიზის პირველადი დასკვნა მათთვის მისაღებია, თუმცა ისინი საბოლოო დასკვნის მოლოდინში არიან.

[გოჩა ჯოჯუას ხმა] ”გულის გამოა. დანარჩენი მერე გამოჩნდება. მაგრამ მე ვიმეორებ: ის არის მსხვერპლი ცილისწამებისა. რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს როგორ მოკლავ, პირდაპირ თუ ირიბად. ”

თქვა ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკური გუნდის წევრმა დეპუტატმა გოჩა ჯოჯუამ. მისი მოსაზრება გაიმეორა ”ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელმა ფიქრია ჩიხრაძემ, როცა განაცხადა, ეს რომც იყოს გულით გარდაცვალება, ამ გარდაცვალებას ჰქონდა ძალიან მძიმე პოლიტიკური და მორალური მიზეზებიო.

მაგრამ, ბრიტანული პოლიციის წინასწარი დასკვნით, გარდაცვალებას ბუნებრივი მიზეზი აქვს. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, საქართველოში გამოიკვეთა ეჭვი ბრიტანული პოლიციის, ”სკოტლან იარდის”, მიმართაც, თანაც - პოლიტიკურ წრეებში. ამ ეჭვს გაერთიანებული ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს ერთ-ერთი წევრი, კახა კუკავა, გამოთქვამს:

[კახა კუკავას ხმა] ”რომ გითხრათ, ”სკოტლანდ იარდის” გამოძიებას ბოლოდე ვენდობი-მეთქი... ინგლისში არ ენდობიან მის გამოძიებას. ახლა იძიებენ, პრინცესა დაიანას სასამართლო ახლა მიდის. ყველა საკუთარ თვალებს ენდობა, ყველა, და ჩვენც საკუთარ თვალებს ვენდობით. პირველი წყარო უნდა იყოს გამოკვეთილი. კარგი იქნება, თუ ასეთი ტიპის საქმეებში დამოუკიდებელი ექსპერტები იქნებიან ჩართულნი.”

ჩვენ დავინტერესდით, როგორია ”სკოტლანდ იარდის” მიმართ ნდობა თავად ბრიტანეთში და ამ საკითხზე მოსაზრების გაზიარება რადიო ”თავისუფლება -თავისუფალი ევროპის” ინგლისურენოვანი ვებგვერდის რედაქტორს ლუკ ოლნატს ვთხოვეთ. ის ბრიტანეთის მოქალაქეა და, სხვათა შორის, ლონდონის იმ გარეუბანში არის გაზრდილი, სადაც ბადრი პატარკაციშვილი ოჯახთან ერთად სახლობდა.

[ლუკ ოლნატის ხმა] ”იყო კვლევა, რომელიც 2006 წელს ჩატარდა. გაზეთმა ”გარდიანმა” ლონდონელები გამოკითხა, რამდენად ენდობოდნენ ბრიტანულ პოლიციას, და აღმოჩნდა, რომ ნდობის ხარისხი საკმაოდ მაღალი იყო. საშუალოდ ეს იყო 74 პროცენტი. ნდობა შედარებით დაბალია უმცირესობათა შორის და მოსახლეობის ღარიბ ფენაში, მაგრამ, ძირითადად, ნდობა საკმაოდ მაღალია და ხალხი მიიჩნევს, რომ პოლიციელები საკმაოდ რთულ და კარგ საქმეს აკეთებენ.

რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება ხალხი, ვისაც პოლიციის ნაკლები ნდობა აქვს. მაგრამ, გავრცელებული დამოკიდებულებით, თუ თქვენ ბრიტანელთა უმეტესობას ჰკითხავთ, გეტყვიან, რომ ნდობა აქვთ. და მე ამის მჯერა. წარსულში ბრიტანულ პოლიციას ჰქონდა ნდობის ნაკლებობის მომენტი. იყო 2 უსიამოვნოდ ცნობილი შემთხვევა 70 -იან წლებში: რამდენიმე თავდამსხმელმა ირლანდიის რესპუბლიკური არმიიდან ორი აფეთქება განახორციელა- ერთი ბირმინგებში და ერთი გილფორდში. მაშინ ბრალი წაეყენა ორ უდანაშაულო ადამიანს. შემთხვევები განმეორდა ადრეულ 90-იან წლებშიც. პოლიციამ სცემა რამდენიმე ეჭვმიტანილს. მაშინ ზოგი მტკიცებულების უსამართლო ფაბრიკაცია მოხდა. მაგრამ მას შემდეგ პოლიციაში ფართომასშტაბიანი რეფორმა განხორციელდა. 90-იანი წლების შემდეგ საქმე უკეთესად წავიდა. რეფორმები განხორციელდა და ახლა ნდობა გაცილებით მაღალია. ”

დაბოლოს, ნდობის მაჩვენებელთან დაკავშირებით თავად ” სკოტლანდ იარდის” მონაცემებს მოვიყვან. მის მიმართ მოსახლეობის კმაყოფილების ინდექსი, რაშიც, ალბათ, ნდობაც უნდა ვიგულისხმოთ, 2006 წელთან შედარებით, 2007 წლისთვის 6 პროცენტით გაიზარდა და 65 პროცენტი შეადგინა.
XS
SM
MD
LG