Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის წევრი ვალერი გელბახიანი, როგორც ბრალდებული, დაუსწრებლად სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის,

რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით, საქართველოს პარლამენტის წევრი ვალერი გელბახიანი, როგორც ბრალდებული, სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული. ვალერი გელბახიანი საქართველოში არ იმყოფება. შეგახსენებთ, ის იყო ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. ის ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს იქნა ცნობილი ეჭვმიტანილად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოპოვებული ფარული ვიდეოჩანაწერის საფუძველზე.


საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის წევრს, პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კი პროკურატურას მხოლოდ პარლამენტის თანხმობით შეუძლია. ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ყოფილ მეთაურს ჯერჯერობით დეპუტატის იმუნიტეტი იცავს... გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს უკვე აცნობა წერილობით გელბახიანის, როგორც ბრალდებულის, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ამის შემდეგ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ხათუნა გოგორიშვილის განმარტებით, თუ პროკურატურა გელბახიანის ინტერპოლით ძებნის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. დეპუტათა ნაწილს, მათ შორის, ფრაქცია ”ახალი მემარჯვენეების” წევრს მანანა ნაჭყებიას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ხელისუფლებას მართებს ვალერი გელბახიანის წინააღმდეგ უფრო დამაჯერებელი არგუმენტების წარდგენა. მანანა ნაჭყებიას თქმით, არ არის გამორიცხული, გელბახიანის წინააღმდეგ გავრცელებული ჩანაწერი ფალსიფიკაცია იყოს.

ფარული ვიდეოჩანაწერი დეკემბრის ბოლოს გავრცელდა. ამ ჩანაწერში ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის მეთაური ვალერი გელბახიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსან ერეკლე კოდუას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მასობრივი არეულობის ორგანიზების გეგმაზე ესაუბრება - ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის მიზნით:

[ ვალერი გელბახიანის ხმა] ”ერთ საათში მობილიზაცია უნდა მოხდეს, ავა 200 000 -მდე. თბილისის აგდება, ხო იცი, რა რის. ყველაფერი მოხდება 5-ის მერე, კამპანია ჩვენ ჯერ არ წაგვიყვანია. ”

ეს იყო ფრაგმენტი ცნობილი ფარული ვიდეოჩანაწერიდან. ვალერი გელბახიანი იქ ამბობს ასეთ ფრაზებს: ” ჩვენ სერიოზულ ფულს დავხარჯავთ. ჯერ არაფერი დაგვიხარჯავს. მთელ თბილისს გამოვიყვანთ. რომც მოიგონ, ვიძახებთ, რომ გააყალბეს. დავდგამთ სერიოზულ სპექტაკლს, ხალხმა ფონი უნდა შექმნას... ”

აქვე შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული წლის 17 დეკემბერს დაიწყო საქმის გამოძიება ერეკლე კოდუას პატაკის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, გარკვეული პირები აპირებდნენ მასთან შეხვედრას სახელმწიფო შეთქმულებაში მონაწილეობის მისაღებად მისი გადაბირების მიზნით. შეხვედრა თავდაპირველად ვალერი გელბახიანსა და მარინა გაბუნიასთან შედგა (მარინა გაბუნია დაკავებულია), შემდეგ - ბადრი პატარკაციშვილთან. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ბადრი პატარკაციშვილიც, როგორც ბრალდებული, სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული, გელბახიანისა არ იყოს, დაუსწრებლად.
ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს საქართველოს გენერალური პროკურატურა ეძებს... ვალერი გელბახიანის ადვოკატმა 23 იანვარს განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი რამდენიმე დღეში გამოგზავნის საქართველოში ახსნა-განმარტებას წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით. მოგვიანებით სააგენტო ”ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა ვალერი გელბახიანის მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრების სახელზე. მიმართვაში ნათქვამია: ”ღვთის წინაშე შემიძლია განვაცხადო, რომ რაიმე დანაშაულის ჩადენაზე ფიქრიც კი არ გამივლია თავში. თუ შეხვედრა კოდუასთან ჩემ მიერ იქნა ინიცირებული, მაშინ გიჟი უნდა ვყოფილიყავი. თუ შეხვედრა კოდუას ინიციატივით შედგა და მის მიერ იყო ორგანიზებული ვიდეომონტაჟიც, მაშინ თქვენ თვითონ შეაფასეთ, არის თუ არა ამ შემთხვევაში დანაშაულის პროვოცირება მათი მხრიდან, ვინც ეს მოაწყო.”


საქართველოს პარლამენტის წევრი ვალერი გელბახიანი საბჭოთა პერიოდში მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში, 1992-93 წლებში - შინაგან საქმეთა სამინისტროში, იყო აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის, თანაშემწე, აჭარის ავტონომიის უშიშროების საბჭოს მდივანი. ბოლო დროს მაჟორიტარი დეპუტატი გელბახიანი ხელმძღვანელობდა ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბს...
ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ მან საქართველო დატოვა.
XS
SM
MD
LG