Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა ცვლილებების მოლოდინში


ინაუგურაციიდან ზუსტად შვიდი დღის განმავლობაში პრეზიდენტმა პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა წარუდგინოს.

მინისტრთა კაბინეტის წევრების განახლებული სიის შემუშავება პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრემიერ- მინისტრს 21 იანვარს დაავალა. სიის დაზუსტებამდე მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე პრესაში გავრცელებული ვერსიების მიხედვით მსჯელობენ.

დაზუსტებულია, რომ ოპოზიცია არ მიიღებს წინადადებას მთავრობის მუშაობაში ჩართვის თაობაზე... რას ცვლის სააკაშვილის გუნდი და რა ხდება სააკაშვილის ოპოზიციაში?

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის მიერ ფიცის მიღების შემდეგ მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას პრეზიდენტის წინაშე. პრეზიდენტი მთავრობის გადადგომის, გადაყენების ან უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის განმავლობაში, საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ, შეარჩევს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, ხოლო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, პრეზიდენტთან შეთანხმებით, 10 დღის ვადაში - მთავრობის წევრების კანდიდატურებს. პარლამენტი პრეზიდენტის მიერ მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან ერთი კვირაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. პარლამენტის ნდობის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო. ახლა საქართველოს მთავრობა სწორედ კონსტიტუციით განსაზღვრულ ამ პროცედურას მიჰყვება.

ინაუგურაციის შემდეგ საქართველოს მთავრობა გადადგა, მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ლადო გურგენიძე დაასახელა, დროებით გაუგრძელა უფლებამოსილება გადამდგარ მთავრობას და ლადო გურგენიძეს მინისტრთა ახალი კაბინეტისთვის კადრების დაზუსტება დაავალა.

[პავლე კუბლაშვილის ხმა] ”ერთი კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს პარლამენტმა ნდობა მთავრობის შემადგენლობას. შეიძლება ვადამ გადმოიწიოს, უფრო მოკლე ვადაში მოხდეს ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, პროცედურებიც დაჩქარდება. ”

როგორც ცნობილია, მთავრობაში ცალკეული ახალი სახეების შესვლისა და კადრების გადაადგილების გარდა, გარკვეული სტრუქტურული ცვლილებებიც იგეგმება, პირველი ვიცე-პრემიერისა და ვიცე-პრემიერების თანამდებობების შემოღების სახით. სახელმწიფო მინისტრების თანამდებობების გაუქმებისა და ვიცე-პრემიერების თანამდებობების შემოღებისთვის კონსტიტუციაში შესწორების შეტანაა საჭირო. საკადრო ცვლილებებზე დაზუსტებით ლაპარაკი ჯერ კიდევ ძნელია, გახმაურებულ ვერსიებს აღარ მოვყვები.... დაზუსტებით იმის თქმა შეიძლება, რომ მთავრობაში არ იქნებიან ოპოზიციის წარმომადგენლები. ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილისა და მისი პოლიტიკური გუნდისგან არ იღებს შეთავაზებას თანამშრომლობის შესახებ, შეთავაზებას დემოკრატიული და სიღარიბისგან თავისუფალი საქართველოს ერთად შენების შესახებ.

[გია ბარამიძის ხმა] ”დღეს მნიშვნელოვანია ქვეყანა გამოვიდეს ამ დაძაბულობიდან და ერთად ვაკეთოთ ყველამ ის საქმე, რასაც ჰქვია ერთიანი, ძლიერი და დემოკრატიული საქართველო. ”

ასე ფიქრობს გია ბარამიძე, ასე ფიქრობენ სხვებიც მიხეილ სააკაშვილის გუნდში, მაგრამ ოპოზიციაში საკუთარი გეგმები აქვთ... ერთიანი და, რაც მთავარია, დემოკრატიული საქართველოსთვის უნდა ჩატარებულიყო დემოკრატიული არჩევნები, - აცხადებენ იქ. ოპოზიცია 5 იანვრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს, მაგრამ, ამასთანავე, არა აქვს ჩამოყალიბებული აზრი იმაზე, მიზანშეწონილი იქნება თუ არა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს ერთ-ერთი წარმომადგენლის, კახა კუკავას, თქმით:

[კახა კუკავას ხმა] ” პირველ ეტაპზე შევეცდებით შეიქმნას ნორმალური წინასაარჩევნო გარემო და მერე ვიქნებით მზად განვაცხადოთ, მონაწილეობას მივიღებთ თუ არა არჩევნებში და რა ფორმით მივიღებთ. ”

პირველი ეტაპის ამოცანაა ცვლილებები ცენტრალური საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესში, ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხალხისთვის დაბრუნება ისე, როგორც ეს ოპოზიციაში წარმოუდგენიათ....

ოპოზიციის ერთ ნაწილს - კერძოდ, გაერთიანებულ ოპოზიციას - მიაჩნია, რომ ამ ამოცანების შესრულების გარეშე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ ექნება.
XS
SM
MD
LG