Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საით მიჰყავს პროცესი გაერთიანებულ ოპოზიციას, რისთვის წარმოებს მოლაპარაკებები მასა და ხელისუფლებას შორის


გაერთიანებულ ოპოზიციას ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოთხოვნა უკან არ მიაქვს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მეორე ტური არ გამოდის,

სალომე ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილის მეორე ტური, შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნები იყოს. სალომე ზურაბიშვილი იმასაც ამბობს, რომ ეროვნული საბჭო ერთიანია და მასში ვერავითარ განხეთქილებას ვერ შეიტანს სამომავლო ერთიანი საარჩევნო სიის ფორმირების პროცესი. მაგრამ საპარლამენტო არჩევნებამდე წინ რამდენიმე თვეა და ვის სასარგებლოდ იმუშავებს დრო, რა ცვლილებებს შეიტანს ის ხელისუფლებისა და ოპოზიციის ტაქტიკაში, ამის თქმა ნაადრევია.. დღეს მიმდინარეობს კონსულტაციები მხარეებს შორის. საით მიჰყავს პროცესი ოპოზიციას და რისთვის აწარმოებენ მისი წარმომადგენლები მოლაპარაკებას ხელისუფლებასთან?

კონსულტაციები მიმდინარეობს, ამაზე მხარეთა წარმომადგენლები ღიად საუბრობენ. მაგრამ ოპოზიციის ერთიან საბჭოში ხაზგასმით ამბობენ, რომ კონსულტაციები არ ნიშნავს დათმობებს და ხელისუფლებასთან გარიგებას. ” ჩვენ არ დავთანხმდებით თანამდებობებს, ჩვენ არ ვაღიარებთ სააკაშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად”, - ასეთია გაერთიანებული ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლების პოზიცია. ამას ამბობს სალომე ზურაბიშვილიც. მაშინ რა მიზანს ემსახურება მოლაპარაკებები, შეხვედრები და კვლავ რჩება თუ არა ძალაში ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნა? ამ შეკითხვაზე პასუხად ზურაბიშვილი ამბობს, რომ მეორე ტური მოსახლეობის, საზოგადოების დაკვეთაა:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] ” ეს არის მოსახლეობის დაკვეთა, რომ მივაღწიოთ მეორე ტურს ყველა ფორმით. საპრეზიდენტო ტური შეიძლება ჩატარდეს ახლავე, მაგრამ რაც დრო გადის, ნაკლებად სავარაუდოა ეს. მეორე ტური შეიძლება ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნების სახით. ყოველ შემთხვევაში, მეორე ტური სააკაშვილის წინააღმდეგ ჩატარდება.”

როგორც ჩანს, რეალურად, სააკაშვილის წინააღმდეგ მეორე ტურად ოპოზიციის ერთიან ეროვნულ საბჭოში საპარლამენტო არჩევნებს განიხილავენ. აქედან გამომდინარე, არ არის საფუძველს მოკლებული ლაპარაკი იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ უკვე საპარლამენტო არჩევნებისწინა კამპანია დაიწყება. ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, მაგრამ მიდის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე და რასაც ამ მოლაპარაკებებით მიაღწევს, საკუთარ და, რაც მთავარია, ხალხის გამარჯვებად აცხადებს.

პირველ გამარჯვებად გამოცხადდა ხელისუფლების თანხმობა იმაზე, რომ შეიცვალოს ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეთვალყურეო საბჭო. ოპოზიციის გეგმაშია გამარჯვების გამოცხადება კიდევ რამდენიმე მიმართულებით.

ისევ სალომე ზურაბიშვილის თქმით: ” საქართველოში მოქმედებს ისეთი ცენტრალური კომისია, ისეთი სასამართლო და ისეთი მედია, რომ სიმართლის გატანა შეუძლებელია ... ხალხის დაკვეთაა შეიცვალოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, შეიცვალოს სასამართლო და შეიცვალოს მედია... ეს ის საკითხებია, რომლებთან დაკავშირებითაც ოპოზიცია წავიდა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე, ეს ის საკითხებია, რომელთა ხალხის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში ჩვენს ამომრჩეველს ვეტყვით, რომ ღირს საპარლამენტო არჩევნებზე წასვლა. ”

თანამდებობებს - ”არა”, მაგრამ ”ჰო” - სისტემურ ცვლილებებს და მაკონტროლებელ ფუნქციებს ისე, რომ ცვლილებები ოპოზიციის გამარჯვებად იქნეს აღქმული - როგორც ჩანს, ასეთია ერთიანი საბჭოს ტაქტიკა... ხელისუფლება კი მაინც ტოვებს ძალაში მთავრობაში ოპოზიციის ღირსეული წარმომადგენლების მიწვევის წინადადებას. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ 16 იანვარსაც განაცხადა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”იყო კონკრეტული შეთავაზებები სააკაშვილის მხრიდან, რომ ის მზად არის, კომპეტენციებიდან გამომდინარე, არ გაითვალისწინოს ადამიანთა პარტიული კუთვნილება. ”

ლაპარაკია ვიცე-პრემიერის თანამდებობის შემოღებაზე და ამ პოსტის ოპოზიციისთვის შეთავაზებაზე. მაგრამ, ვიმეორებთ, ოპოზიციაში დღეს არსებული განწყობილებით, თანამდებობებზე დათანხმება არ მოხდება.
ხელისუფლება ჯერჯერობით არ ცვლის დათმობის ტაქტიკას, თუმცა მისი წარმომადგენლები შეახსენებენ ოპოზიციას, რომ შემრიგებლური ნაბიჯები მისი მხრიდან არ უნდა აღიქმებოდეს სისუსტის გამოვლინებად:

[გივი თარგამაძის ხმა] ” აღქმა არის არაბუნებრივი. იღებენ ამას სისუსტის ნიშნად, მიიჩნევენ, რომ ხელის გაწოდება, კეთილი ჟესტი არის სისუსტე და იმ მომენტში უნდა გადაგიარონ. ” (სტილი დაცულია)

ეს იყო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის განცხადება, რომელიც მან ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო გამოსვლისას გააკეთა. მან თქვა ისიც, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ გუნდს არაერთხელ დაუდასტურებია, რომ არ არის მშიშარა, რომ დაშინებით, შანტაჟით მისი დათმობებეზე დაყოლიება არ მოხდება.

სააკაშვილის გუნდის წინაშე არის ამოცანა, მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ თუ ის თანახმაა ითანამშრომლოს ოპოზიციასთან და გარკვეულ დათმობებზე წავიდეს, ეს იმიტომ, რომ ქვეყნის ინტერესებს ითვალისწინებს და არა იმის გამო, რომ შეშინებულია.
XS
SM
MD
LG