Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2 დღეში ბადრი პატარკაციშვილს იმუნიტეტი მოეხსნება - საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ის, როგორც ბრალდებული, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა


შეთქმულება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, საქართველოს პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მომზადება,

ტერორისტული აქტის მომზადება - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით, ამ დანაშაულთა ჩადენის გამო იქნა მიღებული დადგენილება არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ვინაიდან პატარკაციშვილი საქართველოში არ იმყოფება, დადგენილების გამოტანის თაობაზე ეცნობა მისი ოჯახის წევრებს. თავად ბადრი პატარკაციშვილი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.


პროკურატურის მასალის გაცნობის შემდეგ პატარკაციშვილთან დაცვის პოზიციას ადვოკატი შალვა შავგულიძე შეათანხმებს... ადვოკატი ამბობს, რომ, საქართველოს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით, შესაძლებელია დაცვა პატარკაციშვილის მონაწილეობის გარეშე განხორციელდეს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ გენერალური პროკურატურის ბრალდებებს. ესენია: შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმისა და ტერორისტული აქტის მომზადება..


საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილი თავდაპირველად გასული წლის ნოემბერში ცნო ეჭვმიტანილად სახელმწიფო შეთქმულებაში. შეთქმულებასთან დაკავშირებით პროკურატურამ საქმე ზუსტად 7 ნოემბერს აღძრა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ბიზნესმენსა და პრეზიდენტობის კანდიდატს ეჭვმიტანილის სტატუსი 30 დღის შემდეგ მოეხსნა...

მალევე, გასულის წლის 17 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება, რომელსაც საფუძვლად დაედო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ერეკლე კოდუას პატაკი. პატაკის თანახმად, კოდუას უნდა შეხვედროდნენ ადამიანები, რომლებიც შეეცდებოდნენ მის მოსყიდვას, სახელმწიფო გადატრიალებაში ჩართვის მიზნით. შეხვედრებთან დაკავშირებით კანონის თანახმად მოპოვებული ფარული ვიდეო-აუდიო სკანდალური ჩანაწერები შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეკემბრის ბოლოს გაავრცელა.
ერეკლე კოდუასთან შეხვედრა ბადრი პატარკაციშვილმაც დაადასტურა და განმარტა, რომ ის, რაც საზოგადოებამ ფარულ აუდიოჩანაწერში მოისმინა, იმისთვის ითქვა, რომ მას, ბადრი პატარკაციშვილს,ხალხი მოძალადე ხელისუფლებისგან დაეცვა.. ” მე ვიხდიდი 100 მილიონს იმისთვის, რომ თქვენთვის არ ესროლათ”, - ასეთი იყო ახსნა. 5 იანვარს შედგა არჩევნები და ბადრი პატარკაციშვილმა არჩევნებზე მისული ადამიანების ხმათა დაახლოებით 7 პროცენტი მიიღო . მას ჯერ კიდევ იცავს პრეზიდენტობის კანდიდატის იმუნიტეტი, რაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის თქმით, ორიოდ დღეში, 13 იანვარს, მოეხსნება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილებით, დაყადაღებულია პატარკაციშვილის საბანკო ანგარიშები სააქციო საზოგადოება ”სტანდარტბანკში”..

ამას გარდა, 11 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე ორჯერ დაიბარეს პატარკაციშვილის პრეს-სამსახურის უფროსი გუგა კვიტაშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, მას მოწმის სახით დაკითხავდნენ პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბისთვის თანხის ( არადეკლარირებილი ნაღდი ფულის, 120 000 დოლარის) შემოტანასთან დაკავშირებით. 11 იანვარსვე ბადრი პატარკაციშვილის შტაბის წევრები საქართველოში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს დიტერ ბოდენს შეხვდნენ და მასთან შტაბზე ზეწოლა და საარჩევნო დარღვევები გააპროტესტეს.

[გოჩა ჯოჯუას ხმა] ”საუბარი იყო იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რაც 5 იანვარს იყო და იმ დევნასთან დაკავშირებით, რასაც თვითონ, როგორც პიროვნება, განიცდის და განიცდის მთელი შტაბი. ” (სტილი დაცულია)

პატარკაციშვილის შტაბი პარტიას აფუძნებს, სახელწოდებით ”გაერთიანებული საქართველოს დემოკრატიული კავშირი” . პარტიის ყრილობაზე თავმჯდომარის არჩევამდე მას სათავეში ნონა გაფრინდაშვილი ედგება.
ცნობისათვის: პარტია, სახელწოდებით ”გაერთიანებული საქართველოს დემოკრატიული კავშირი”, იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში გასული წლის აპრილში გაატარა და, როგორც ნონა გაფრინდაშვილი ამბობს:

[ნონა გაფრინდაშვილის ხმა] ” გაუჩნდათ სურვილი პირდაპირ გადმოეცათ ჩვენთვის, ეჩუქებინათ, რა, - სხვა სიტყვას ვერ მოვძებნი, - სუფთა გულით. ”

ასე რომ, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული ბადრი პატარკაციშვილის მხარდამჭერებს საპარლამენტო არჩევნების წინ არენაზე საკუთარი პარტია გამოჰყავთ. პატარკაციშვილი ბრძოლას არ წყვეტს და ბრალდებებს სააკაშვილს უყენებს: მშვიდობიანი მომიტინგეების და ტელეკომპანია” იმედის” დარბევა , არჩევნების შედეგების ფალსიფიკაცია - ასეთია მისი ბრალდებები. პატარკაციშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილს არა აქვს შანსი არ წავიდეს მეორე ტურზე, მეორე ტურში კი გამარჯვებული აუცილებლად ლევან გაჩეჩილაძე იქნება.

პატარკაციშვილის მიერ არჩევნებში დაგროვილ 7 პროცენტს ექსპერტები მძიმე სოციალური პრობლემებით ხსნიან...რომ არა შეთქმულებისა და არჩევნების ჩაშლის მზადების მცდელობაში ფარული ჩანაწერებით მხილება, მას, ალბათ, უფრო მეტი მხარდამჭერი ეყოლებოდა. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული მილიარდერი სამართალდამცველებისთვის მიუწვდომელია და ამბობს, რომ სააკაშვილის არალეგიტიმური ხელისუფლების პროკურატურის ბრალდებებს მისთვის იურიდიული ძალა არა აქვს.

XS
SM
MD
LG